პაატა იმნაძე: „ახლა წესით, პიკში ვართ და ვეცდებით, ეს პიკი იყოს პატარა გორაკი და არა ჯომოლუნგმა“
„ძალიან დიდი ბოდიში იმასთან, თუ ვინმეს იმედები გავუცრუეთ და ეს პიკი არ არის ათასობით, არამედ არის ათეულობით შემთხვევა“
საქართველოში დღეს კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა განაცხადა. მისი თქმით, გარდაცვლილი 83 წლის მამაკაცია, რომელსაც კოვიდ-19-ის გარდა სხვა ქრონიკული პათოლოგიებიც ჰქონდა.
„… მამაკაცთან მიმართებაში, რომელზეც გუშინ ვაცხადებდი, რომ იყო მძიმე მდგომარეობაში, დღეს ბიოლოგიური სიკვდილი დადასტურდა. ასაკით 83 წლის იყო, ქრონიკული პათოლოგიებით – გულის უკმარისობა, მოციმციმე არითმია. ჩატარებული ღონისძიებები აღმოჩნდა უშედეგო“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში ექვსი პაციენტია გარდაცვლილი.
რაც შეეხება ინფიცირებულებს, გასულ 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და, შესაბამისად, ინფიცირების შემთხვევათა მთლიანმა რაოდენობამ 485-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 139 პაციენტი.
გუშინ, 24-25 აპრილის 24 საათში ინფიცირების 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შესაბამისად, ბოლო 2 დღეში ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 54-ით გაიზარდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველო უკვე კორონავირუსის გავრცელების პიკურ პერიოდში იმყოფება და ახლა ამოცანას ვირუსის გავრცელების ასეთი დინამიკის შენარჩუნება წარმოადგენს.
როგორც მან აღნიშნა, თეთრიწყაროში გუშინ მთელი დღე იმუშავა ჯგუფმა და დაახლოებით 20 დადებითი შემთხვევა გამოვლინდა.
„დღესაც მუშაობს იქ ჩვენი ჯგუფი, მთელი დღის განმავლობაში იმუშავებენ. იმედია, რომ მოხერხდება, ისევე როგორც სხვა მუნიციპალიტეტებში, დროული შეკავება. მოძიებული იყო და ჩატარდა გამოკვლევები თეთრიწყაროში და, პრაქტიკულად, გამოკვლეულების ნახევარი დადებითი აღმოჩნდა ანუ მიზნობრივი ტესტირება ჩატარდა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
მისი ინფორმაციით, თეთრიწყაროს კლასტერის გარდა, ბოლო 24 საათის განმავლობაში არის ახალი შემთხვევები ბოლნისის უკვე ცნობილი კლასტერიდან; გარდა ამისა, ერთი შემთხვევა დადასტურდა ქუთაისში, პაციენტი ჰოსპიტალიზებული იყო, სწრაფი ტესტით იყო დადებითი და ამჯერად დადასტურდა „პისიარ“ მეთოდითაც. ასევე თბილისში დაემატა ოთხი ახალი შემთხევა, ესეც დაკავშირებულია ერთ-ერთ ჰოსპიტალთან.
ბოლნისის მერის ინფორმაციით, დღეს მიღებული ლაბორატორიული კვლევის შედეგებით, კორონავირუსის ინფექცია ბოლნისის მკვიდრ კიდევ ხუთ პირს დაუდასტურდა და მთლიანობაში ბოლნისში გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა 86-მდე გაიზარდა.
ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა სოფელ ხატისოფელსა და სავანეთში დადასტურებული შემთხვევების კლასტერია. შესაბამისად, ამ პირების ინფიცირების წყარო ცნობილია. ამ დასახლებებში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს.
1tv.ge- მიხედვით
კომენტარები