ახალი რეკორდი – იტალიაში COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა ერთ დღეში თითქმის 3000-ით გაიზარდა
4 მაისიდან სამუშაოს 2,7 მლნ იტალიელი დაუბრუნდება
გასულ 24 საათში იტალიაში ეპიდემიის საგანგებო სიტუაციის დაწყებიდან დღემდე რეკორდული რაოდენობის, 2943 პაციენტი გამოჯანმრთელდა და იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებმაც კოვიდ-19 დაამარცხეს, 54 543-მდე გაიზარდა (გუშინ დღიური ზრდა იყო 2723).
მთლიანობაში ქვეყანაში უკვე მილიონ-ნახევარზე მეტი (1 513 251) ტესტირება ჩატარდა კორონავირუსით ინფიცირებულთა გამოსავლენად და სულ გამოვლენილია ინფიცირების 187 327 შემთხვევა, მათ შორის, 3370 – გასულ 24 საათში; ბოლო ერთ დღეში გარდაიცვალა 437 პაციენტი, ინფექციის მსხვერპლთა რიცხვმა 25 085-ს მიაღწია.
ამ დროისთვის იტალიას კორონავირუსით ინფიცირებული 107 699 აქტიური პაციენტი ჰყავს, 10-ით ნაკლები, ვიდრე გუშინ (გუშინდელი კლება იყო 528), მათგან 2384-ის მდგომარეობა კრიტიკულია და ისინი ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში არიან მოთავსებულები. ეს მაჩვენებელი გუშინდელთან შედარებით 87-ით შემცირდა, – ასეთია დღეს სამოქალაქო დაცვის სამსახურის მიერ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი სტატისტიკა.
იტალიის მთავრობის გეგმის თანახმად, 4 მაისიდან დაახლოებით 2,7 მილიონი მოქალაქე დაუბრუნდება სამუშაოს შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნის შედეგად. ამის შესახებ ANSA წერს.
მთავრობის პროექტის თანახმად, რომლის ოფიციალური პრეზენტაცია უახლოეს დღეებში მოეწყობა, მუშაობას განაახლებს საავტომობილო, ტექსტილის და რიგი სხვა წარმოებები. სანიტარიული უსაფრთხოების ზომები – ნიღბის ტარება, ერთმეტრიანი დისტანცია – ღია და 2-მეტრიანი – დახურულ სივრცეებში, აგრეთვე, 3-ზე მეტი ადამიანის ერთად გასეირნების აკრძალვა ძალაში რჩება. გაიხსნება პარკები, ტრანსპორტის მუშაობა ისე იქნება ორგანიზებული, რომ თავიდან იქნას აცილებული მგზავრების სიმრავლე პიკის საათის დროს.
Mediaset-ის ინფორმაციით, ზოგიერთი საწარმო უკვე 27 აპრილიდან განაახლებს მუშაობას.
იტალიის მთავრობა მუშაობს პროექტზე, რომლის თანახმადაც ოჯახებს საზაფხულო დასვენებისთვის ბონუსებს გადაუხდიან, ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს კულტურის მინისტრმა დარიო ფრანჩესკინიმ განუცხადა. საუბარია თითოეული ოჯახისთვის 500 ევროს გამოყოფაზე, ეს თანხა მხოლოდ იტალიაში დასვენებისთვის უნდა დაიხარჯოს.
ამ ღონისძიებით მთავრობა აპირებს, ერთი მხრივ, დაეხმაროს ნაკლები შემოსავლის მქონე ოჯახებს, მეორე მხრივ – სასტუმროების და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურის მფლობელებს, რომლებიც 2020 წელს უცხოელი ტურისტების გარეშე დარჩებიან.
ნინო ხოშტარია
კომენტარები