საბერძნეთი: შეზღუდვების მოხსნა მოსალოდნელზე ადრე დაიწყება?
დღეს, 19 აპრილს საბერძნეთის მთავრობის სხდომაზე განიხილება იმ შეზღუდვებით მიღწეული შედეგები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესდა. თუკი ხელისუფლება ჩათვლის, რომ მთავარი საშიშროება ჩავლილია, დაიწყება შეზღუდვების თანდათანობითი გაუქმება.
მოსალოდნელია, რომ პრემიერ-მინისტრი მიცოტაკისი სატელევიზიო ეთერით მიმართავს მოქალაქეებს და მთავრობის გეგმას გააცნობს. ბერძნული მედიის ვარაუდით, შეზღუდვების ნაწილობრივი გაუქმება შეიძლება 4 მაისიდან დაიწყოს, დასახელებულ თარიღამდე ერთი კვირით ადრე.
კერძოდ, იგეგმება სავაჭრო ცენტრებისა და მცირე მაღაზიების მუშაობის განახლება იმ პირობით, რომ თანამშრომლებს ნიღბები და ხელთათმანები ეკეთებათ. ამავე დროს, კლიენტთა რაოდენობა მაღაზიაში არ უნდა აღემატებოდეს თანამშრომელთა რაოდენობას; გამოსაჩენ ადგილას უნდა იდოს ანტისეპტიკი და ხელთათმანები მომხმარებლებისთვის.
10 მაისიდან ვარაუდობენ დამამთავრებელი, მე-12 კლასის მოსწავლეების დაბრუნებას სკოლაში, რადგან მათ ეროვნული გამოცდებისთვის მომზადება სჭირდებათ.
ყველაზე რთული იქნება რესტორნების, ბარებისა და კაფეტერიების მუშაობის განახლება. ასეთი დაწესებულებები კლიენტს მხოლოდ გარე სივრცეში მოემსახურებიან და ერთ-ერთი მთავარი პირობაა, რომ მაგიდებს შორის დაცული იქნება საჭირო დისტანცია. ჯერჯერობით უცნობია ამ ტიპის დაწესებულებების მუშაობის განახლების თარიღი. ზოგიერთი ეპიდემიოლოგი თვლის, რომ ეს მოგვიანებით, ივნისის დასაწყისში უნდა მოხდეს. იმავე პერიოდში გაიხსნება მუზეუმები და სპორტული დაწესებულებები.
გიორგი ჯანელიძე
p. s. ამ გრაფიკულ სურათზე ნათლად ჩანს საბერძნეთში კორონავირუსის გავრცელების სტაბილური კლება.
ცნობისათვის: ამ დროისთვის საბერძნეთში დაფიქსირებულია ახალი ტიპის კორონავირუსით (SARS-CoV-2) ინფიცირების 2235 შემთხვევა, გარდაიცვალა 110, გამოჯანმრთელდა 269 ადამიანი. 1856 აქტიური პაციენტიდან კრიტიკულ სიტუაციაშია და რეანიმაციაში მოთავსებულია 67.
კომენტარები