მსოფლიოსაზოგადოება

კიევ-პეჩერის ლავრაში კორონავირუსით კიდევ 26 პირი დაინფიცირდა

ორი სასულიერო პირი გარდაიცვალა

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, კიევ-პეჩერის ლავრაში კორონავირუსით კიდევ 26 ადამიანი დაინფიცირდა და მთლიანობაში მონასტერში СOVID-19-ით 100 უკრაინელი დაავადდა. ორი სასულიერო პირი გარდაიცვალა – არქიმანდრიტი ნექტარი და ბერი ნიკოდიმი. წინა დღით ლავრაში 7 ადამიანი დაინფიცირდა.

18 აპრილის დილისთვის კიევში მთლიანობაში კორონავირუსით ინფიცირების 65 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 6 მედიკოსია.

ხელისუფლებამ ქვეყანაში გამოცხადებული კარანტინის ზომები სააღდგომოდ ძალაში დატოვა, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი მოუწოდა მორწმუნეებს, დღესასწაული სახლში აღნიშნონ და გარეთ გასვლას მოერიდონ.

„შარშან სააღდგომო რელიგიურ ღონისძიებებში 7,5 მილიონი მოქალაქე მონაწილეობდა. წელს ეკლესიაში ამის მეათედი მაინც თუ მივა, უკრაინაში ეს ეპიდემიის მორიგ აფეთქებას გამოიწვევს“, – განაცხადა უკრაინის შსს-ს წარმომადგენელმა არტიომ შევჩენკომ.

18 აპრილის მონაცემებით, უკრაინაში სულ დადასტურებულია ახალი ტიპის კორონავირუსით (SARS-COV-2) ინფიცირების 5106 შემთხვევა, 133 პაციენტი გარდაიცვალა.

რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევ-პეჩერის ლავრაში კარანტინი გამოცხადდა, თუმცა strana.ua-ს ინფორმაციით, იქ მაღაზიები ისევ მუშაობს და უსახლკაროები მოწყალებას ითხოვენ. დღეს ლავრის გარშემო პოლიციელები განლაგდნენ და ტაძრის ტერიტორიაზე მანქანებს არ უშვებენ, თუმცა ფეხით შესვლა ნებადართულია.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქო) მიტროპოლიტმა ონუფრიმ განაცხადა, რომ უკრაინელებს შეუძლით ეკლესიებში მისვლა სააღდგომო ღვთისმსახურებაზე.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close