საზოგადოებასაქართველო

ახალგაზრდა ექიმის მიმართვა, რომელიც 5 წლის შვილთან ჩახუტებას უკვე ერთი თვეა ელის

მარიამ გრიგორაშვილი ლევან რატიანის სტუდენტია და პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოხალისედ მუშაობს. მარიამმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნ, რომლითაც მოქალაქეებს მიმართავს: „ვიდრე თქვენ… საყოველთაო კარანტინს, საყოველთაო საგაზაფხულო არდადეგებად ჩათვლით, ამ ხალხს მოუწევს ამ არაადამიანურ რეჟიმში, ოჯახებისა და საყვარელი ადამიანებისგან მოშორებით ცხოვრების გაგრძელება უვადოდ… უ ვ ა დ ო დ!“

„თვითიზოლაციის ქრონიკებიდან.

19 მარტი იყო, როდესაც ბოლოს ვნახე ჩემი შვილი. უფრო სწორად, დაძინებულს ვაკოცე და რამდენიმე კვირით (მისთვის) დავიკარგე. წავედი კლინიკაში საცხოვრებლად და სამუშაოდ. სიღრმეებს არ ჩავყვები, კლინიკაში რამდენი ძალიან მაგარი რამ ვნახე, რამდენი ზრუნვის პატივისცემის და სიყვარულის მაგალითი. ამაზე სხვა დროს.

მშრალ ინფორმაციას მოგაწვდით: სამი კვირა ვიმუშავე. ორი კვირა ბოქსირებულ პალატებში ერთი კვირა რეანიმაციაში. ახლა თვითიზოლაციის ორკვირიან პერიოდს გავდივარ. და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ პირველ მაისს ჩემი შვილის დაბადების დღეზე მის გვერდით ყოფნა შევძლო. მერე (დიდი ალბათობით) ისევ მომიწევს კლინიკაში დაბრუნება და ოჯახთან განშორება.

ამ ხუთი კვირის მანძილზე (პირველად) გამოვაკლდი დედაჩემის დაბადების დღეს. ასევე პირველად, არ შევხვდები აღდგომას ოჯახთან ერთად. გამოვაკლდი ყველაზე საყვარელ მომენტს, რომელსაც ნატალის დაბადებიდან ველოდებოდი-კუსურამ წინა ორი ძირითადი კბილი ამოიღო, პატარა ფანჯარა გაიკეთა და ახლა საყვარლად თლიფინებს შიგადაშიგ. ვუყურე ჩემს შვილს, როგორ ეხუტება ეკრანს ჩემი დანახვისას. მოვუსმინე ხუთი წლის ბავშვი როგორ მამხნევებს, რომ ძალა მომცეს. ძალიან არ გავაგრძელებ, ბევრი რამ ვნახე ამ ხუთი კვირის მანძილზე.

მაგრამ რაც ყველაზე მთავარია! ეს არ არის ჩემი ცალკეული შემთხვევა. ასეთი ისტორია აქვს თითოეულ მედპერსონალს, რომელიც დღეს კლინიკაში COVID-19 დადასტურებულ პაციენტთან მუშაობს. ასეთი ისტორიები აქვთ ჩემს ექიმებს. უმცროსებს და ექთნებს. სანიტრებს, რომლებსაც ერთი წუთითაც არ დაუხევიათ უკან. ამ ხალხს მეორე თვეა ოჯახი არ უნახავს. არც ერთ მათგანს.

სანამ თქვენ გარეთ ჩვეულებრივად ცხოვრებას განაგრძობთ, თქვენ გამო უამრავი ადამიანი ოჯახისგან იზოლირებულად ცხოვრობს და მუშაობს. არც ერთი მათგანი არავის აყვედრის ამ ამბავს. ასე ესმით, ასე უყვართ და ასე მიაჩნიათ თავიანთი საქმე სწორად. მაგრამ, ვიდრე თქვენ – მეგობრები იკრიბებით, პიკნიკებზე დადიხართ, სადღესასწაულო შეკრებებისთვის ემზადებით, ერთი წამით დაფიქრდით ხალხზე, რომლებიც თქვენ გამო ამ მწარე დღეებს გადიან. ამ ხალხსაც უნდა ოჯახში დაბრუნება, შვილების ჩახუტება, ოჯახური სითბოს ძველებურად შეგრძნობა. ამ ხალხსაც უნდა ნორმალური ძილი. ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნება. და ვიდრე თქვენ ასე, ერთმანეთისგან დისტანცირების გარეშე გააგრძელებთ ცხოვრებას და საყოველთაო კარანტინს, საყოველთაო საგაზაფხულო არდადეგებად ჩათვლით, ამ ხალხს მოუწევს ამ არაადამიანურ რეჟიმში, ოჯახებისა და საყვარელი ადამიანებისგან მოშორებით ცხოვრების გაგრძელება უვადოდ… უ ვ ა დ ო დ!

ხოდა, ძალიან დიდი თხოვნა მექნება, მიიტანოთ ამ ხალხის ემოციებიც გულთან. გაიაზროთ თქვენი, როგორც ცალკეული ინდივიდის პასუხისმგებლობა სოციუმის მიმართ და ძალიან ცოტა ხნით #დარჩისახლში #საქართველო“, – წერს მარიამ გრიგორაშვილი „ფეისბუქში“.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close