დღის თემასაზოგადოებაჩვენი ფავორიტი

რა უნდა ვიცოდეთ აღდგომისა და ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლის შესახებ

დღეს, 4 აპრილს, თბილისის დროით 15:13 საათზე იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. ცეცხლი, ტრადიციისამებრ, მაცხოვრის საფლავზე მდებარე კუვუკლიიდან იერუსალიმის პატრიარქმა გამოიტანა.

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში დღესვე, 23:40 საათზე ჩამოიტანენ.

წმინდა ცეცხლს ჭეშმარიტების ნათელს უწოდებენ, რომელიც სიმბოლურად იესო ქრისტეს აღდგომას განასახიერებს.

მაცხოვრის საფლავი იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში მდებარეობს, რომელიც IV საუკუნეში დედოფალ ელენეს ბრძანებით აშენდა.

აღდგომა საეკლესიო დღესასწაულებს შორის ყველაზე უპირატესია, რადგან ის არა მხოლოდ უფლის, არამედ მთელი კაცობრიობის აღდგომაა. 

აღდგომის დღესასწაული ყოველ წელს სხვადასხვა რიცხვში აღინიშნება, ის მოძრავი დღესასწაულია და ზეიმობენ გაზაფხულის ბუნიობის (დღისა და ღამის თანასწორობის) შემდგომი მთვარის მოვანების (აღვსების) პირველ კვირა დღეს. ეს ხდება ახალი სტილით ოთხი აპრილიდან რვა მაისამდე პერიოდში, თანაც არ უნდა ემთხვეოდეს ებრაელთა პასექს (კათოლიკური და მართლმადიდებლური აღდგომა ზოგჯერ ემთხვევა ხოლმე). ასევე მოძრავია ის დღესასწაულები, რომლებიც უშუალოდ აღდგომას უკავშირდება: ბზობა, ამაღლება, სულთმოფენობა.

მოგეხსენებათ, აღდგომის წინა დიდ შაბათს უფლის საფლავზე წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა ხდება, რაც მართლმადიდებლური რწმენის დამადასტურებელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, ისევე როგორც თაბორის მთაზე ფერისცვალებისას ღრუბლის გარდამოსვლა და ნათლისღებისას მდინარე იორდანეს შეჩერება და აღმასვლა. სამივე  სასწაული იულიუსის კალენდრის მიხედვით აღესრულება, რაც საეკლესიო ცხოვრებაში ე. წ. ძველი სტილის უპირატესობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტია. ძველ სტილზე იმყოფებიან იერუსალიმის, რუსეთის, სერბეთის და საქართველოს ეკლესიები, ათონისა და სინას მთა, ასევე, კონსტანტინოპოლის, ელადის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელ სამრევლოთა ნაწილი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 2005 წლის საშობაო ეპისტოლეში ძველი და ახალი სტილის საკითხს როცა ეხებოდა, აღნიშნავდა: „დღეისათვის არ არსებობს ახალ კალენდართან დაკავშირებით მსოფლიო ეკლესიის საერთო-საყოველთაო შეთანხმება და მისი სათანადო დასაბუთება, ამიტომაც ამგვარი ნოვაცია დამღუპველ ზიანს მოუტანს ჩვენი ეკლესიის ერთობას (რის მაგალითებიც სხვაგან არაერთი გვაქვს), რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.

ქრისტეს საფლავის ტაძარი იერუსალიმში

აღსანიშნავია ისიც, რომ პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების განჩინებით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული გაზაფხულის ბუნიობის და იუდეველთა პასექის შემდეგ აღინიშნება. ძველი სტილი მტკიცედ იცავს ამ დადგენილებას. არის რამდენიმე უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რაც, ვფიქრობთ, ყველასთვის მრავლისმთქმელია:

1.      ყოველ წელს იერუსალიმში, ძველი სტილით აღდგომის წინა დღეს, მაცხოვრის საფლავზე მხოლოდ მართლმადიდებელი პატრიარქის ლოცვით ზეციდან გარდამოდის ღვთაებრივი ცეცხლი, რაც ნათელი დადასტურებაა როგორც იულიუსის კალენდრის, ისე მართლმადიდებლური ჭეშმარიტებისა.

2.      ყოველ 19 აგვისტოს (ძველი სტილით ექვს აგვისტოს) ღამით, ფერისცვალების დღესასწაულზე, იერუსალიმში, თაბორის მთაზე, ზაფხულის ყველაზე მცხუნვარე დროს, ჩნდება ღრუბელი, რომელიც წირვის დამთავრებამდე ფარავს მორწმუნეთ და ახსენებს მათ პირველ საუკუნეში აქ აღსრულებულ ერთ-ერთ უდიდეს სასწაულს.

3.      ყოველ 19 იანვარს (ძველი სტილით ექვს იანვარს) იესო ქრისტეს ნათლისღების და წყალკურთხევის დღესასწაულზე, წმინდა მდინარე იორდანეში იერუსალიმის პატრიარქის მიერ წარმოთქმული ლოცვისას: „და მართლნ უკუნ იქცა იორდანე“, მდინარე წუთიერად მართლაც უკუსვლას იწყებს. ამ სასწაულის სანახავად მრავალი მორწმუნე ჩადის სხვადასხვა კუთხიდან“.

მდინარე იორდანეს აღმასვლა

წმინდა ცეცხლი ყოველ წელს დიდ შაბათს გარდამოდის უფლის საფლავზე და ანთებს კანდელებს. იერუსალიმის ეკლესიის გადმოცემით, ის დღე, როდესაც წმინდა ცეცხლი არ გარდამოვა, უკანასკნელი იქნება კაცობრიობისთვის. სიკვდილი, ნგრევა, ომები დაიმკვიდრებს დედამიწაზე, ამიტომაც ელიან ასეთი განსაკუთრებული მოლოდინით მორწმუნენი წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას.

დიდ შაბათს უფლის საფლავის ტაძარი  მორწმუნეებით დილიდანვე ივსება. ყველაზე მეტად სიხარულს ადგილობრივი მართლმადიდებელი ქრისტიანები გამოხატავენ, რომლებიც, ხელიხელჩაკიდებულები, გარშემო უვლიან წმინდა საფლავის სამლოცველოს და ხმამაღლა ამბობენ: „უფალო, შეგვიწყალენ“ და „არ არის სხვა ჭეშმარიტი სარწმუნოება, გარდა მართლმადიდებლობისა“.

დილით, წმინდა ცეცხლის გარდამოსვლამდე, უფლის საფლავის სამლოცველო ზედმიწევნით ყურადღებით მოწმდება, რათა ყველა დარწმუნდეს, რომ იქ არაფერია შეტანილი ცეცხლის დასანთებად. ამის შემდეგ სამლოცველოს ტაძრის მცველები ლუქავენ. სხვა ქრისტიანული კონფესიების წარმომადგენლები ყურადღებით აკვირდებიან პროცედურას იმ იმედით, რომ თუკი ცეცხლი არ გარდამოვა ბერძენი პატრიარქის სანთლებზე, ისინი შეძლებენ მომავალში ჩაენაცვლონ მართლმადიდებლებს და წმინდა ცეცხლი თავად მიიღონ.

ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონია ადგილობრივი დროით თორმეტ საათზე იწყება. ცერემონიის დაწყებამდე მართლმადიდებელი პატრიარქი ტაძრის  შიდა შესასვლელთან შედის წმინდა იაკობის ეკლესიაში, სადაც მას უახლოვდებიან და ხელზე ამბორით მიესალმებიან სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლები. მათ, ვინც მართლმადიდებელ პატრიარქს ხელზე არ ეამბორება, უფლება არ აქვთ, მისი ხელიდან წმინდა ცეცხლი მიიღონ.

ამის შემდეგ იწყება ლიტანიობა. პატრიარქი სამჯერ უვლის წმინდა საფლავს და შესასვლელთან ჩერდება. კარიდან ლუქი იხსნება, პატრიარქი განიმოსება და მხოლოდ მღვდლის თეთრი პერანგის ამარა რჩება. შემდგომ იერუსალიმის პოლიციის წარმომადგენელი საჯაროდ ჩხრეკს პატრიარქს, რათა ყველა დარწმუნდეს, რომ მას ასანთი არა აქვს დამალული. ამის მერე მართლმადიდებელი პატრიარქი უფლის  საფლავის სამლოცველოში შედის. მას უკან სომეხთა პატრიარქი მიჰყვება, მაგრამ ის სამლოცველოს პირველ ოთახში, ე. წ. ანგელოზის სამარხში რჩება და მაცხოვრის საფლავზე მართლმადიდებელი პატრიარქი მარტო შედის. ამ დროს ტაძარში ყველა ლამპარი და სინათლე ქრება.

პატრიარქი მუხლმოდრეკილი ლოცულობს და უფალს ევედრება, წმინდა ცეცხლი მოავლინოს ადამიანთა განსაწმენდად. ტაძარში თეთრი და ცისფერი სანთლების ციმციმი იწყება. ბერძენ პატრიარქს წმინდა ცეცხლი გამოაქვს და სომეხთა პატრიარქი მისი სანთლებიდან იღებს ზეციურ ცეცხლს. ანგელოზის სამარხის პატარა სარკმლიდან სომეხი პატრიარქი მონოფიზიტებს  (სომხებს, ეთიოპიელებს, კოპტებს და სირიელებს) აწვდის ცეცხლს, ხოლო ბერძენი პატრიარქი – მართლმადიდებლებს.

წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა

2003 წელს სომეხთა პატრიარქმა მოითხოვა უფლის საფლავის ადგილზე შესვლა, რაზეც პატრიარქ ირინეოსისაგან მტკიცე უარი მიიღო. უფლის საფლავის მთავარმა მცველმა (იმ არაბული ოჯახის წარმომადგენელმა, რომელსაც, ტრადიციისამებრ, უფლის საფლავის გასაღები აბარია) იბრაჰიმ აბუ დაჩიმ განაცხადა, რომ თუკი სომეხთა პატრიარქი უფლის საფლავზე შესვლის უფლებას მიიღებდა, მაშინ მომავალ წელს ის აუცილებლად მოითხოვდა უფლებას, თავად მიეღო წმინდა ცეცხლი და არა მართლმადიდებელი პატრიარქის ხელიდან. ტაძარში იმდენად დაძაბული მდგომარეობა იყო, რომ ისრაელის პოლიციამ კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად საგანგებო ზომები მიიღო.

წმინდა ცეცხლთან დაკავშირებით სომხების და მართლმადიდებლების ეს დავა საუკუნეები გრძელდება. გადმოცემით, მე-16 საუკუნეში სომხებს იერუსალიმის ამირა მოუსყიდიათ, რათა მართლმადიდებელი პატრიარქი ეკლესიაში არ შეეშვა და წმინდა ცეცხლი სომეხ პატრიარქს გამოეტანა. ამირამ მართლაც არ შეუშვა ეკლესიაში მართლმადიდებლები, რომლებიც ეკლესიის გარეთ იცდიდნენ, სომეხი პატრიარქი კი უფლის საფლავის სამლოცველოში შევიდა, მაგრამ წმინდა ცეცხლი მონოფიზიტთა სანთლებზე არ გარდამოვიდა. მეტიც, საშინელი ხმაურით  გაანგრია ეკლესიის კარიბჭის სვეტი და გარეთ მდგომი მართლმადიდებელი პატრიარქის სანთლებზე აენთო. ამ სასწაულის დანახვაზე მაღალ კოშკში მჯდარმა ამირამ ხელები მაღლა აღმართა, დაიძახა: „დიდია ღმერთი ქრისტიანთა“ – და კოშკიდან გადმოხტა. მოხდა მეორე სასწაული: გაქრისტიანებული ამირა იმ სიმაღლიდან დაცემას უვნებლად გადაურჩა, თუმცა შემდეგ იგი მუსლიმებმა სჯულის შეცვლისთვის სიკვდილით დასაჯეს, ქრისტიანებმა კი წმინდანად შერაცხეს. მისი წმინდა ნაწილები დღემდე იერუსალიმის ღვთისმშობლის ეკლესიაში ინახება.

წითელ პარასკევს ყველა მართლმადიდებელი პილიგრიმი მსვლელობას აწყობს იმ გზით, რომლითაც მხრებზე ჯვარმოკიდებული იესო ქრისტე გოლგოთაზე ავიდა, და გალობს: „ჯვარსა შენსა თაყვანს ვცემთ, მეუფეო, და წმიდასა აღდგომასა შენსა ვუგალობთ და ვადიდებთ“.

მაცხოვრის საფლავი ის ერთადერთი ადგილია მთელ მსოფლიოში, სადაც საფლავის ან ზეთისცხების ლოდზე (რომელიც ტაძრის შესასვლელშია განთავსებული) დადებული სანთელი, ჯვარი ან ხატი მღვდლისგან კურთხევას არ საჭიროებს. ამაზე წმინდა ადგილი მსოფლიოში არ არსებობს, ამიტომაც ყველას შეუძლია იერუსალიმში ნებისმიერ მართლმადიდებლურ მაღაზიაში ნაყიდი პატარა ჯვრები, ხატები და სანთლები იქვე, მაცხოვრის საფლავის ეკლესიაში თავადვე აკურთხოს და ისე ჩამოუტანოს  საჩუქრად მეგობრებსა თუ ნათესავებს.

ვილოცოთ, რომ არასოდეს შეწყვეტილიყოს წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს კი სიხარულით შევეგებოთ.

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ერთ კვირას გრძელდება, რომელსაც ბრწყინვალე შვიდეული ეწოდება. ამ დროს იცვლება მისალმების წესიც: ქრისტიანები აღდგომის დღესასწაულიდან, ვიდრე ამაღლებამდე, ორმოცი დღის განმავლობაში, ამ სიტყვებით ხვდებიან ერთმანეთს: „ქრისტე აღდგა!“ „ჭეშმარიტად!“

მოამზადა თამარ ოთიაშვილმა

ამავე თემაზე: ღდგომა და ძველი ქართული ტრადიციები

აღდგომა და ძველი ქართული ტრადიციები

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close