ეკონომიკასაქართველო

კარანტინში მოთავსებული ფული და ბანკებისთვის მიწოდებული ახალი ბანკნოტები

ეროვნული ბანკი პრევენციული ზომების შესახებ: კუპიურა ისევე შეიძლება იყოს ინფექციის წყარო, როგორც ნებისმიერი სხვა ნივთი

ეროვნული ბანკი შექმნილ ვითარებაში ბანკის მუშაობის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს, ასევე აქვეყნებს რამდენიმე ფოტოს, რომელზეც ფულის ნიშნებთან მუშაობის პროცესია ასახული.

„იმისთვის, რომ ქვეყნისთვის ამ ურთულეს პერიოდში საფინანსო სექტორი გამართულად ფუნქციონირებდეს, კრიტიკული სისტემები შეუფერხებლად მუშაობდეს და ეკონომიკა ფულის ნიშნებით უწყვეტად მარაგდებოდეს, ეროვნული ბანკის თანამშრომლებს, ისევე როგორც სხვა არაერთი პროფესიის წარმომადგენელს, არაორდინარულ პირობებში უწევთ საკუთარი მოვალეობების შესრულება.

მუდმივი კონსულტაციები გვაქვს ევროპის ქვეყნების ცენტრალურ ბანკებთან, ვიზიარებთ მათ გამოცდილებას და ვმოქმედებთ შესაბამისად. როგორც ცნობილია, საკასო ცენტრში შემოსული ფული კარანტინში თავსდება და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება მისი გახსნა და გადათვლა. აქვე აღვნიშნავთ, რომ ბანკებისთვის უკვე მიწოდებულია ახალი ბანკნოტები, რომლებიც მიმოქცევაში პირველად გადის. ასევე, ჯანდაცვის უწყებების რეკომენდაციის დაცვით, ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები.

კვლევები ადასტურებს, რომ კუპიურა ისევე შეიძლება იყოს ინფექციის წყარო, როგორც ნებისმიერი სხვა ნივთი: პოლიეთილენის პარკი, კარის სახელური, ბანკომატის კლავიატურა, საყიდლების ურიკა მაღაზიაში და ა.შ“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყება საზოგადოებას სიფრთხილისა და პროფესიონალთა რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

„მაქსიმალურად გამოვიყენოთ გადახდის უკონტაქტო და დისტანციური საშუალებები და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ყველა ზემოაღნიშნულ შემთხვევაში, ხშირად დავიბანოთ ხელები“, – აცხადებს ეროვნული ბანკი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close