მედიცინამსოფლიო

COVID-19-ის პლაზმით მკურნალობა სულ უფრო იმედისმომცემი ხდება

ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალში გამოქვეყნებული ახალი საპილოტე კვლევის თანახმად, ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების გამოჯანმრთელებაზე დიდი გავლენა მოახდინა ინფექციისგან გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლის პლაზმამ.

კვლევის დროს Covid-19-ით დაინფიცირებულ და  მძიმე მდგომარეობაში მყოფ 10 ზრდასრულ პაციენტს მხოლოდ ერთი დოზა (200 მილიგრამი) ანტისხეულები გადაუსხეს, რომელიც ინფექციისგან გამოჯანმრთელებული ადამიანის სხეულიდან აიღეს. ამას შედეგად მიჰყვა ვირუსისგან უფრო სწრაფი გათავისუფლება, ჟანგბადის მიწოდების გაუმჯობესება, სიმპტომების ხანგრძლივობის შემოკლება და სიცოცხლის გადარჩენის მეტი შესაძლებლობა მიიღეს.

კვლევის ავტორები ამბობენ, რომ გამოჯანმრთელებული ადამიანის პლაზმის გადასხმის შემდეგ პაციენტებში კლინიკური სიმპტომების შესამჩნევი გამოკეთება პირველი 3 დღის განმავლობაში დაიწყო. ვირუსი კი სისხლიდან დაახლოებით 7 დღეში ალაგდა. რადიოლოგიურმა ტესტებმაც ფილტვებში მკვეთრი გაუმჯობესება აჩვენა.

კვლევის ავტორების თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ გამომჯობინებული ადამიანის პლაზმა  Covid-19-თან ბრძოლაში შესაძლოა სასიცოცხლო მნიშვნელობის აღმოჩნდეს, თუმცა მარტო 10 ადამიანზე დაკვირვება ჯერჯერობით მხოლოდ და მხოლოდ პლაზმის პოტენციალზე მიუთითებს და მის სამკურნალო მეთოდად დამტკიცებას გაცილებით უფრო მასშტაბური კვლევა დასჭირდება.

პლაზმის გამოცდა ამერიკაში, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტშიც იწყება. კლინიკური გამოცდის ნებართვა აშშ-ის საკვების და მედიკამენტების უსაფრთხოების ადმინისტრაციამ (FDA) ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტს 3 აპრილს დაუმტკიცა. მანამდე, მარტში, ექიმების და მეცნიერებისგან შემდგარმა მულტიდისციპლინარულმა გუნდმა კვლევის დაფინანსებისთვის 4 მილიონი დოლარი მიიღო.

ექიმი არტურო კასადევალი, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა ექსპერტი ფიქრობს, რომ პლაზმა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს უნდა გადაუსხან. მან ჩამოაყალიბა სამუშაო ჯგუფი, რომელიც კვლევას ჩაუდგება სათავეში და კლინიკურ გამოცდებს ამერიკის სხვადასხვა საავადმყოფოში უხელმძღვანელებს.

ახალი კორონავირუსით ამ დროისთვის (09.04.2020, 01:00 თბილისის დროით) მსოფლიოში 1525 000-მდეი ადამიანია დაინფიცირებული, გარდაიცვალა  87870, გამოჯანმრთელდა 319 300-მდე პაციენტი

სრული ვერსია იხილეთ: newsreport.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close