იტალიასაზოგადოება

იტალიაში გასულ ერთ დღე-ღამეში ინფიცირებულთა რაოდენობა 880-ით გაიზარდა

ჯოვანი რეზა: „მოდი, დავიცადოთ ხვალამდე და ზეგამდე, სანამ შვებით ამოვისუნთქავთ“

კორონავირუსით ინფიცირებული მოქმედი პაციენტების რიცხვის ზრდის მკვეთრი შემცირება დაფიქსირდა დღეს იტალიაში – გასულ ერთ დღე-ღამეში მათი რაოდენობა 880-ით გაიზარდა, რაც თითქმის ორჯერ ნაკლებია, ვიდრე გუშინდელი მაჩვენებელი (1941). ახალი სტატისტიკური მონაცემები სამოქალაქო დაცვის სამსახურის ტრადიციულ საღამოს პრესკონფერენციაზე კომისარმა ანჯელო ბორელიმ წარმოადგინა.

ამ დროისთვის იტალიაში მთლიანობაში ინფიცირების 135 586 (+3039) შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით. დღეისათვის აქტიური პაციენტების რიცხვი 94067-ს შეადგენს.

გუშინდელთან შედარებით 106-ით შემცირდა ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მოთავსებული ავადმყოფების რიცხვიც (3792), მათგან 1305 ლომბარდიაშია.

გასულ ერთ დღე-ღამეში 604 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდ-19-ის დიაგნოზით (გუშინდელი მაჩვენებელი იყო 636) და მთლიანობაში გარდაცვლილთა რაოდენობამ 17 127-ს მიაღწია.

სამწუხაროდ, კიდევ 5 ექიმი დაიღუპა COVID-19-ით, შედეგად გარდაცვლილ ექიმთა რიცხვი 94-მდე გაიზარდა.

მნიშვნელოვანი ზრდაა გამოჯანმრთელებულთა მხრივ – 1555-ით მეტი, ვიდრე გუშინ. მთლიანობაში გამოჯანმრთელდა 24 392 პაციენტი.

„ბოლოს და ბოლოს, მგონი, ვხედავთ ახალი შემთხვევების კლებას, – განაცხადა ჯანდაცვის უმაღლესი ინსტიტუტის (ISS) წარმომადგენელმა ჯოვანი რეზამ პრესკონფერენციაზე, – ეპიდემიოლოგიურმა მრუდმა, პლატოს ფაზის შემდეგ, ვგონებ, დაშვება დაიწყო. მრუდს ეტყობა კლების ტენდენცია, მაგრამ, მოდით, დავიცადოთ ხვალამდე და ზეგამდე, ვიდრე შვებით ამოვისუნთქავთ“.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close