უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ! – კიდევ რამდენიმე ავიარეისი განხორციელდება
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით, საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით, საკოორდინაციო საბჭომ დამატებითი რეისები განსაზღვრა. ამ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საგარეო უწყების ცნობით, 16 აპრილს შესრულდება ავიარეისი პარიზი-თბილისი, 18 აპრილს – თელ-ავივი-თბილისი, 21 აპრილს – რომი-თბილისი. აღნიშნულ რეისებს ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ განახორციელებს.
„ავიარეისებზე ბილეთები გაიყიდება რეისის თარიღამდე ორი დღით ადრე, კომპანიის ვებგვერდზე, ბილეთის ფასი განსაზღვრულია 199 ევრო. მგზავრობა განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით. საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი გაივლის 14-დღიან სავალდებულო კარანტინს“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
მათივე ცნობით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული რეისებიდან ასევე განხორციელდება: 7 აპრილს – ათენი-თბილისი; 10 აპრილს – ლარნაკა-თბილისი; 12 აპრილს – ბერლინი-თბილისი; 14 აპრილს – ამსტერდამი-თბილისი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნდა საქართველოს 5000-მდე მოქალაქე შემდეგი ქვეყნებიდან: ჩინეთი, იტალია, ირანი, პოლონეთი, ბულგარეთი, გერმანია, საბერძნეთი, ბელარუსი, ნიდერლანდები, ეგვიპტე, აზერბაიჯანი, სომხეთი.
ნინო ხოშტარია
მსგავს თემაზე: „ჯორჯიან ეარვეისი“ 7 აპრილის ათენის რეისთან დაკავშირებით მგზავრებს აფრთხილებს
კომენტარები