საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზი ამოქმედდა

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საბერძნეთში ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზი ამოქმედდა – 10 306. ავტორიტეტული სპეციალისტები მოქალაქეებს და ოჯახებს ცხელი ხაზის მეშვეობით პროფილურ დახმარებას სთავაზობენ, რა თქმა უნდა, უფასოდ. ამის შესახებ ბერძნული მედია წერს.

კორონავირუსის პანდემიამ ახალი რეალობის წინაშე დაგვაყენა და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში დიდი ცვლილებები შემოიტანა. ხშირად ადამიანებს უჩნდებათ უმწეობის განცდა, რომელსაც ისინი ჩიხში შეჰყავს. საბერძნეთის მცხოვრებთა დახმარების ინიციატივა პირველ საუნივერსიტეტო ფსიქიატრიულ კლინიკას Αιγινήτειου Νοσοκομείου-ს ეკუთვნის, რომელსაც სხვა ორგანიზაციებიც შეუერთდნენ. მათი ძალისხმევის შედეგად პროექტი სამინისტროს დონეზე დამტკიცდა.

ნდობის ტელეფონი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე (პათოლოგიური შფოთვა, შიში, პანიკა და სხვ.) მოქალაქეს საშუალებას აძლევს, გაესაუბროს სპეციალისტს, გული გადაუშალოს, მიიღოს რჩევები, რაც პრობლემის გადაწყვეტაში დაეხმარება.

ფსიქოლოგების ინიციატივაზე მოქალაქეთა დიდი გამოხმაურება აჩვენებს ქვეყნის მოსახლეობის უზარმაზარ მოთხოვნას სოციალურ-ფსიქოლოგიურ მხარდაჭერაზე, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია ამ ურთულეს დროში.

ინიციატივის დევიზია: „უთხარი „დიახ!“ სიცოცხლეს“, „ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია“  («Σώμα Υγιές, Ψυχή Εύπορος, Φύση Ευπαίδευτος»).

ცხელი ხაზი (10306) მოქალაქებს სთავაზობს შემდეგ მომსახურებებს:

  • ავტორიტეტული ფსიქოლოგების ფსიქოლოგიური დახმარება – 24 საათის განმავლობაში;
  • ფსიქიატრიული დიაგნოსტირება და კონსულტაცია – 8:00-იდან 20:00 საათამდე;
  • ფსიქოლოგიური დახმარება ბავშვთა და ოჯახურ საკითხებზე – 24-საათიან რეჟიმში;
  • სამედიცინო მუშაკთა ფსიქოლოგიური დახმარება – 8:00-იდან 20:00 საათამდე;
  • შესაბამისი სამსახურების სოციალური დახმარება – 8:00-იდან 20:00 საათამდე.

მოქალაქეების ფსიქოლოგიური დახმარების პროექტში 40 ორგანიზაციის 160-ზე მეტი მაღალკვალიფიციური სპეციალისტი მონაწილეობს.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საბერძნეთში ოფიციალურად  დადასტურებულია ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 1673 შემთხვევა (+60 ბოლო 24 საათის განმავლობაში), გარდაცვლილია 68 ადამიანი (+9 ბოლო 24 საათის განმავლობაში).

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close