კარანტინის დამრღვევი „ბუჩქები“ და „დინოზავრები“
ბუჩქის კოსტუმით შემოსილი ბრიტანელი ქალაქში კორონავირუსის ეპიდემიის გამო გამოცხადებული კარანტინის დროს დაიარება და თანაც პროდუქტებს ყიდულობს. როგორც ჩანს, პოლიციამ იგი ჯერ ვერ მოიხელთა, რადგან კამუფლაჟის მიზნით მას კიდევ ორი თანამგზავრი დაჰყვება – ნაგვის ტომრებით შენიღბული.
ნიკოლას მიურეი და მისი მეგობარი გოგონა მედლინ მეი-დევისი სტივენეიჯში (ჰარტფორდშირის საგრაფო, დიდი ბრიტანეთი) თავიანთ კერძო სახლში ერთად იმყოფებიან კარანტინში, მაგრამ მოწყენის დრო არ აქვთ, რადგან მათ ახლოს შენიღბვის ნამდვილი დიდოსტატი, მხიარული მეზობელი ცხოვრობს. მამაკაცი კამუფლაჟის სამხედრო კოსტუმს იცვამს, რომელიც უხვფოთლიანი ბუჩქის იმიტაციას წარმოადგენს და თითქმის ყოველდღე დადის სასეირნოდ, ზოგჯერ კი სახლში სურსათით სავსე პაკეტებით ბრუნდება.
მამაკაცი პირველად მედლინმა შენიშნა, რომელიც ფანჯრიდან იყურებოდა. მეზობელი სახლიდან გვერდითა ჭიშკრით გამოვიდა და სახლებს შორის მიიპარებოდა. იგი სიფრთხილის ყველა ზომას იცავდა. გამოცდილი სამხედროს მსგავსად, მოკლე-მოკლე მონაკვეთებზე გადარბოდა, თან ცდილობდა, გარემოს შერწყმოდა, რომ მისგან არ გამორჩეულიყო.
უცნაური მეზობლის შესახებ ვიდეორგოლი მეი-დევისმა TikTok-ში თავის გვერდზე გამოაქვეყნა. მეორე დღეს „ბუჩქი“ ისევ გამოჩნდა ქუჩაში. ამჯერად მარტო არ იყო, კიდევ ორი უცნობი ახლდა, თუმცა მისნაირი ოსტატური შენიღბვით ვერ დაიკვეხნიდნენ – თავზე, უბრალოდ, შავი პლასტიკის ნაგვის ტომრები ჰქონდათ ჩამოცმული.
მეორე დღეს ნიკოლასს გაუღიმა ბედმა: მოსიარულე „ბუჩქს“ მანაც გადაუღო ვიდეო და ქსელში დადო. „არ ვფიქრობდი, რომ ვიდეო ასეთი პოპულარული გახდებოდა. ალბათ, მიზეზი ისაა, რომ ამ რთულ დროს ყველას სჭირდება ღიმილი, სიცილი და იმედი“, – ამბობს ნიკოლასი.
საიდუმლოებით მოცული ბრიტანელი პირველი არ არის, ვინც კარანტინის დროს სახლს უცნაური გზით ტოვებს. ესპანეთში შეამჩნიეს ადამიანები, რომლებიც დინოზავრის კოსტუმში იყვნენ გამოწყობილნი – ისინი ნაგვის გასატანად გადიან და ძაღლებთან ერთად სეირნობენ, ხოლო პოლიცია მათ არ ეხება, რადგან სპეციალისტების აზრით, ასეთი ტანსაცმლის ვირუსისგან დამცავ თვისებებზე ვერავინ იკამათებს.
[arve url=”https://www.youtube.com/embed/94dywBTfvc8″ /]
თქვენ წარმოიდგინეთ, არა მარტო მცხოვრებლებმა დაიწყეს უცნაურად ჩაცმა. ინდოეთში შეიძლება გადააწყდეთ ძალიან კოლორიტულ პოლიციელს და ძნელი სათქმელია, რას უფრო მეტად იწვევს ის – სიცილს თუ შიშს, – მამაკაცს SarsCoV2-ის ფორმის ჩაფხუტი ახურავს და ასე იცავს მოძრაობის წესებს.
თამარ ქავჟარაძე
კომენტარები