საბერძნეთი: კორონავირუსის 95 ახალი შემთხვევა, 6 გარდაცვლილი ბოლო 24 საათის განმავლობაში
კვირას საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების 95 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების მთლიანი რაოდენობა ამ დროისთვის 1156 შეადგენს, მათი უმეტესობა ატიკის რეგიონშია. პაციენტებიდან 69-ს ინტუბაციურად მკურნალობენ ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში. გუშინ ექვსი ადამიანი დაიღუპა. საერთო ჯამში, საბერძნეთში კორონავირუსის შედეგად 38 ადამიანი გარდაიცვალა, 29 – კაცი, ცხრა – ქალი. გარდაცვლილთა საშუალო ასაკი 71 წელი იყო, 92%-ს ქრონიკული პათოლოგიები ჰქონდა. საბერძნეთში კორონავირუსის გამოვლენისთვის უკვე ჩატარებულია 15 150 ტესტი.
„მასობრივ ტესტირებას მოგვიანებით ექნება აზრი, იმუნიტეტის შესწავლისათვის“
ზოგადად, მოსახლეობაში კოროვირუსის აღმოსაჩენად ტესტების მასობრივ ჩატარებასთან დაკავშირებით, ბატონმა ციოდრასმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ არსებული სტრატეგია არ შეიცვლება. „მასობრივად ტესტით შემოწმება არის სტრატეგია, რომელიც განიხილება მაშინ, როდესაც ის ეპიდემიოლოგიურად აუცილებელი გახდება“. მან იგულისხმა ის პერიოდი, როდესაც საბერძნეთში ეპიდემიის დიდი ტალღა გადაივლის.
„ზომების მიღების შემდეგ ამგვარ კონტროლს აზრი ექნება“, – დასძინა სოტირის ციოდრასმა. თანდათანობით იზოლირდებიან ადამიანები, რომლებიც პირველი რიგის რისკჯგუფში იმყოფებიან, განსაკუთრებით კი – ისინი, „ვისაც წლებია ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა აქვს, სამედიცინო დაწესებულებებში მუშაობს, ან მოხუცთა სახლებში ცხოვრობს“.
დაბოლოს, პროფესორმა ციოდრასმა აღნიშნა მეცნიერთა მცდელობა, იპოვონ ეფექტიანი გამოსავალი კოროვირუსთან ბრძოლაში, ისაუბრა ჩინეთში ჩატარებულ გამოკვლევაზე „ანტისხეულების შეყვანით გამოჯანმრთელებულ“ 5 პაციენტთან დაკავშირებით, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.
„პირველი შედეგები დამაიმედებელია, – თქვა მან, – მაგრამ „ჯადოსნური რეცეპტი“ ჯერ კიდევ არ არის მზად, რადგან არცერთი პრეპარატი ამჟამად პანაცეას არ წარმოადგენს“.
სამოქალაქო დაცვის მინისტრის მოადგილის, ნიკოს ხარდალიასის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით მაღაზიები 11 აპრილის ჩათვლით იქნება დაკეტილი.
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები