იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 100 000-ს მიუახლოვდა
შეზღუდვები 3 აპრილის შემდეგაც გაგრძელდება; ეპიდემიოლოგები შეზღუდვების დადებითი შედეგების პირველ ნიშნებზე საუბრობენ
სამოქალაქო დაცვის სამსახურის მიერ გამოცხადებული ახალი მონაცემებით, იტალიაში ამ დროისთვის COVID-19-ით დაავადებული 73 800 პაციენტია, 3815-ით მეტი, ვიდრე გუშინ (შაბათს დღიური ზრდა +3651 იყო). ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობამ (გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩთვლით) 97689-ს მიაღწია.
გარდაცვლილია 10 779 ადამიანი, 756-ით მეტი, ვიდრე გუშინ (შაბათს დღიური მატება +889 იყო).
13 030 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 646-ით მეტი, ვიდრე გუშინ. ამ ინფორმაციას „ანსა“ ავრცელებს.
პულმონოლოგმა, ტექნიკური სამეცნიერო კომიტეტის წევრმა ლუკა რიჩელდიმ სამოქალაქო დაცვის სამსახურის პრესკონფერენციაზე განმარტა, რატომ შეხვდა იტალია კორონავირუსის ინფექციას მოუმზადებელი: „მოლეკულური კვლევების პირველი მონაცემები გვიჩვენებს, რომ ვირუსი იტალიაში ცირკულირებდა იანვრის პირველი დღეებიდან და პირველი დიაგნოსტირებული შემთხვევა კი 20 თებერვალს* დადასტურდა. ჩვენ არ ვიყავით მომზადებულები, ეს არავის ბრალი არ არის და უსარგებლოა ახლა ამაზე მოთქმა. ჩვენ შევეჩეხეთ უპრეცედენტო სიტუაციას, უცნობი ვირუსით, 3 თვის წინ“.
რეგიონული საქმეების მინისტრმა ფრანჩესკო ბოჩამ Sky TG24-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ შეზღუდვების ზომების ვადა, რომელიც 3 აპრილს იწურება, აუცილებლად გაგრძელდება, თუმცა რამდენი ხნით, ამას მინისტრთა საბჭო სამეცნიერო საზოგადოების კვლევის საფუძველზე გადაწყვეტს. ყველას გვინდა ცხოვრების ნორმალურ რიტმს დავუბრუნდეთ, – თქვა მან, – თუმცა ჯერ ადრეა და ეს ერთბაშად არ მოხდება.
ჯანდაცვის მინისტრის, რობერტო სპერანცას სიტყვებით, იტალია ისევ ეპიდემიის ეპიცენტრში იმყოფება და ახლა დაცვის შესუსტება დიდი შეცდომა იქნებოდა, წყალში ჩაიყრებოდა ყველაფერი, რაც ამ დრომდე გაკეთდა. „ამ კვირების მსხვერპლი ძალიან სერიოზული იყო, – განაცხადა მან. – ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ შეზღუდვების პირველი შედეგები უკვე გამოჩნდა. ამავე დროს, ჩვენ ჯერ ვერ შევცვლით ფაზას. დაგვჭირდება დრო და თანმიმდევრულობა“.
ნიკო აბაშიშვილი
* უნდა აღინიშნოს, რომ პირველად კორონავირუსის შემთხვევა იტალიაში 31 იანვარს დაფიქსირდა, როცა ვირუსი ჩინელ ტურისტ ცოლ-ქმარს დაუდასტურდა. მესამე პაციენტი იყო 29 წლის მამაკაცი, იტალიის მოქალაქე, რომელიც უჰანიდან სპეცრეისით დააბრუნეს (სამივე მათგანი რომის სპალანცანის კლინიკაში იმყოფებოდა და სამივე გამოჯანმრთელდა), თუმცა ოფიციალურად იტალიაში კორონავიურის ეპიდემიის ნომერ პირველ პაციენტად ითვლება 38 წლის მამაკაცი კოდონიოდან (ლოდის პროვინცია, ლობარდია), რომლის შემთხვევის დადასტურების შემდეგ 20 თებერვალს, დაიწყო ინფიცირების შემთხვევათა გეომეტრიული პროგრესიით ზრდა. აღსანიშნავია, რომ მატია (38 წლის მამაკაცის სახელია) გამოჯანმრთელდა და რამდენიმე დღის წინ გაწერეს სახლში, მის ცოლს, რომელიც ორსულობის მე-8 თვეზე აგრეთვე კორონავირუსით ინფიცირებული აღმოჩნდა, დაავადების კლინიკური ნიშნები თითქმის არ გამოვლენია; სამწუხაროდ, მატიას მამა COVID-19-ისგან გარდაიცვალა.
p. s. ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია 29.03.2020-ის 17:00 საათისთვის (იტალიის დროით) არსებული მონაცემები რეგიონების მიხედვით: პირველ გრაფაში მოცემულია რეგიონები, მეორე გრაფაში – ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობა, მესამე გრაფაში – რეანიმაციაში მოთავსებული პაციენტების რაოდენობა, მე-4 გრაფაში – სახლში კარანტინში მყოფი ინფიცირებულების რაოდენობა, მეხუთე გრაფაში – მთლიანობაში ამ დროისთვის არსებული პაციენტების რაოდენობა, მეექვსე (მწვანე) გრაფაში – გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა, მე-7 (წითელ) გრაფაში – გარდაცვლილთა რაოდენობა, მე-8 (ნარინჯისფერ) გრაფაში – მთლიანობაში ეპიდემიის დაწყებიდან დაფიქსირებული ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა (გარდაცვლილთა და გამოჯანმრთელებულთა ჩათვლით), ბოლო გრაფაში – ჩატარებული ტესტების რაოდენობა.
კომენტარები