გაბუნია: კორონავირუსის გავრცელების პიკი, დიდი ალბათობით, გადავადდება და შესაძლოა, არც იყოს
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას აზრით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პიკი საქართველოში, სავარაუდოდ, გადავადდება და შესაძლებელია არც დადგეს.
„სხვადასხვა მოდელი ამბობს, რომ პიკი მოსალოდნელია, თუ არაფერს არ გავაკეთებთ, მეშვიდე-მერვე კვირაზე პირველი შემთხვევების გამოვლენიდან.
ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ არის აქტიური სოციალური დისტანცირება და მთელი რიგი ღონისძიებები. ამრიგად, მეშვიდე-მერვე კვირის პიკი, დიდი ალბათობით, გადავადდება და ჩვენ შეიძლება არც არასდროს არ მივიღოთ ეს პიკი და ჩვენი მიზანიც ეს არის“, – უთხრა თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს.
მისი თქმით, თუ დაინფიცირების შემთხვევების მატება მაინც აღინიშნება, მაშინ საუკეთესო იქნებოდა, ეს მატება და გამოვლენა მოხდეს ეტაპობრივად და ნელა.
ამ დროისთვის (25 მარტი, 11:00) საქართველოში ახალი კორონავირუსით 73 ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 10 პაციენტი.
21 მარტიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა 21 აპრილამდე. 23 მარტის გვიან ღამიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრი საკარანტინო ზონაა, კორონავირუსის შიდა გადაცემის გამო. ვისგან მოხდა 62 წლის ქალის ინფიცირება, ეპიდემიოლოგებმა ჯერ ვერ დაადგინეს.
წყარო: radiotavisufleba.ge
კომენტარები