კორონავირუსული მილიარდები
10 ჩინელი ბიზნესმენი, რომლებიც ერთ კვირაში (2-6 მარტი), საერთო ჯამში, 14,5 მილიარდი დოლარით გამდიდრდნენ
სანამ დასავლეთის საფონდო ბირჟები კოროვირუსით გამოწვეულ შტორმს ებრძვიან, ჩინური კომპანიების აქციები ფასებს ინარჩუნებს, ზოგის კი უფრო ძვირდება. ერთი კვირის განმავლობაში, ათი ჩინელი მილიარდერის შემოსავალი, საერთო ჯამში, თითქმის 14,5 მლრდ დოლარით გაიზარდა. ამასთან, ამ კომპანიების ნახევარზე მეტი ჯანდაცვის სფეროს უკავშირდება.
ამ მილიარდერებს შორის პირველ ადგილს იკავებს ჰუიჟუან ჟონგი (Huijuan Zhong), მედიკამენტების მწარმოებელი ფირმა Hansoh Pharmaceutical-ის ხელმძღვანელი. საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის დასრულებისთანავე, 6 მარტს, მისი ქონება 16,6 მლრდ დოლარად შეფასდა – 2.2 მლრდ დოლარით, ანუ თითქმის 16%-ით მეტით, ვიდრე ერთი კვირით ადრე. 59 წლის ბიზნესმენი ქალბატონი და მისი ქალიშვილი იუან სუნი (Yuan Sun) ფლობენ კომპანიის 75%-ს, რომელიც ინფექციების, დიაბეტისა და კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტებს აწარმოებს და ჰონგკონგის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობს.
მეუღლესთან ერთად ჟონგი ჩინეთის უმდიდრეს ოჯახს წარმოადგენს. მისმა მეუღლემ, სუნ პაიუანგმა (Sun Piaoyang) წინა კვირაში თავისი ქონება 1,3 მლრდ დოლარით გაზარდა – 13,6 მლრდ დოლარამდე. 30 წლის განმავლობაში, მიდინარე წლის იანვრამდე, 61 წლის მეწარმე ჩინეთის უმსხვილეს ფარმაცევტულ კომპანია Jiangsu Hengrui-ს ხელმძღვანელობდა. ერთი კვირის განმავლობაში შანხაის საფონდო ბირჟაზე ტკივილგამაყუჩებლებისა და ანტიბიოტიკების მწარმოებელი ამ კომპანიის აქციები თითქმის 10%-ით გაიზარდა.
ლი ხიტინგი (Li Xiting), უმსხვილესი საავადმყოფო აღჭურვილობის მიმწოდებლის, Mindray Medical International-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი – მისი კაპიტალი 1.3 მლრდ დოლარით ანუ 11%-ით გაიზარდა – 13.2 მლრდ დოლარამდე. კომპანია აწარმოებს მონიტორინგის მოწყობილობებს და სისხლის ტესტირების რეაგენტებს, რომლებზეც ახლა განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა. Mindray Medical International-ის კიდევ ერთი დამფუძნებლის, ხუ ჰანგის (Xu Hang) ქონება 1,3 მლრდ დოლარით გაიზარდა და 12.8 მლრდ დოლარს მიაღწია. 53 წლის ჰანგი Mindray-ს დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელობს.
ერთ კვირაში ზღაპრულად გამდიდრებული მომდევნო ადამიანი ჩენ ბანგია (Chen Bang) – Aier Eye Hospital Hospital-ის ოფთალმოლოგიური ქსელის თავმჯდომარე. ჩენ ბანგის ქონებამ 9.1 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია – ეს 1 მლრდ დოლარით ანუ 13%-ით მეტია, ვიდრე ერთი კვირით ადრე იყო. Aier-ი, რომლის სათავო ოფისი ჰუნანში მდებარეობს, 80-ზე მეტ ოფთალმოლოგიურ კლინიკას ფლობს შეერთებულ შტატებში, ევროპასა და ჰონგკონგში. მართალია, კორონავირუსის გამო კომპანია იძულებული გახდა მრავალი კლინიკა დაეხურა, მაგრამ ამ წლის 30%-იანი შემოსავლის ზრდის პროგნოზი არ დაუკორექტირებია.
დოქტორი ლი ვენლიანი (Li Wenliang), რომელმაც პირველმა შეატყობინა მსოფლიოს კორონავირუსის არსებობა, ოფთალმოლოგი და Aier Eye Hospital Hospital-ის თანამშრომლის მეუღლე იყო (იგი 7 თებერვალს გარდაიცვალა კორონავირუსით). 19 თებერვლის მდგომარეობით, კომპანია Aier Eye Hospital Hospital-მა 27 მლნ იუანი (4 მლნ დოლარზე ცოტა ნაკლები) შესწირა დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად, ასევე, 100 000-მდე სამედიცინო ნიღაბი და 30 000 დამცავი სათვალე.
ოთხი მილიარდერი, რომელთა საქმიანობა ჯანდაცვის სფეროს არ უკავშირდება, ასევე მნიშვნელოვნად გამდიდრდა ერთი კვირის განმავლობაში.
ქინ ინგლინის (Qin Yinglin) ქონება 1,9 მლრდ დოლარით ანუ 10%-ით გაიზარდა – 20.3 მლრდ დოლარამდე. 54 წლის ქინი ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ღორის ხორცის მწარმოებელ კომპანიას – Muyuan Foodstuff-ს ხელმძღვანელობს.
ლუ იუნგჰაოს (Liu Yonghao), კონგლომერატ New Hope Group-ის მფლობელის ქონება 1,8 მლრდ დოლარით, ანუ 16%-ით გაიზარდა – 12.7 მლრდ აშშ დოლარამდე. New Hope Group-ი, რომელიც საქონლის საკვებს აწარმოებს, ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სასოფლო-სამეურნეო კომპანიაა.
ჩინეთის ღორის ხორცის წარმოების ინდუსტრია კოროვირუსის გარდა, აფრიკული ღორის ჭირმაც დააზარალა, რის შედეგადაც ბევრი ბაზარი და სასაკლაო დაიხურა, მაგრამ კრიზისმა, ამასთანავე, ღორის ხორცის ფასის არნახული ზრდა გამოიწვია – ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს თანახმად, გასული წლის შემდეგ ფასი, სულ მცირე, გაორმაგდა.
ჩინეთის უმდიდრესი ადამიანის – კომპანია Tencent-ის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, მა ჰუატენგის (Ma Huateng) ქონება (რომელიც ასევე ცნობილია „პონი მას“ სახელით) ამჟამად 44.5 მლრდ აშშ დოლარად ფასდება, რაც 1,1 მლრდ დოლარით მეტია, ვიდრე ერთი კვირის წინ იყო. ჩინეთის ინტერნეტგიგანტმა ცოტა ხნის წინ წამოიწყო ახალი პროექტები სამედიცინო ტექნოლოგიის სფეროში, რომელთა მიზანია კორონავირუსის დიაგნოსტირება და ახალი ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ძიება. რაც უფრო მეტი ადამიანი დარჩება ჩინეთში პანდემიის დროს სახლში, მით უფრო გაიზრდება მოთხოვნა Tencent-ის თამაშებზე, მუსიკასა და სხვა გასართობ სერვისებზე.
ინტერნეტმასალების მიხედვით მოამზადა თამარ ქავჟარაძემ
კომენტარები