იტალიასაზოგადოება

ახალი სამწუხარო ანტირეკორდი – იტალიაში გასულ ერთ დღე-ღამეში 793 ადამიანი გარდაიცვალა

943-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი

გარდაცვალების შემთხვევათა ახალი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა იტალიაში გასულ ერთ დღე-ღამეში  – ამის თაობაზე  იტალიის სამოქალაქო დაცვის სამსახურის უფროსმა ანჯელო ბორელიმ  დღეს ადგილობრივი დროით 18:00 საათზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა – ამის შესახებ ანსა იუწყება.

„სამწუხაროდ, დღეს გარდაცვლილთა რიცხვი 793-ით გაიზარდა“, – უთხრა მან ჟურნალისტებს. გუშინ საღამოს ეს მაჩვენებელი 627 იყო; მთლიანობაში ლეტალური შემთხვევების რაოდენობამ 4825-ს მიაღწია.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირებულთა რიცხვი 4871-ით გაიზარდა.  21 მარტის მდგომარეობით იტალიაში covid-19-ით დაავადებულია 42 681 ადამიანი, საავადმყოფოებში მოთავსებულია 17 78 პაციენტი დაავადების სიმპტომებით, 22 116 კი სახლის პირობებში მკურნალობს ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

ინტენსიური თერაპიის პაციენტთა რაოდენობა 202-ით გაიზარდა გუშინდელთან შედარებით და 2857 შეადგინა (მათგან 1900-ზე მეტი ლომბარდიაშია). გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც საკმაოდ გაიზარდა – 943-ით და მთლიანობაში იმ ადამიანთა რიცხვმა, რომლებმაც კორონავირუსი დაამარცხეს, 6072-ს მიაღწია.

ინფიცირების შემთხვევები ჯამში, გარდაცვალების და გამოჯანმრთელების მაჩვენებელთა ჩათვლით, ამ დროისთვის 53 578-ს შეადგენს.

ლომბარდიის კლინიკის ინტენსიური თერაპიის ექიმმა ანტონიო პესენტიმ უარყო გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ კორონავირუსული ინფექციის მძიმე ფორმა მხოლოდ ხანდაზმულ ადამიანებს ემართებათ. ექიმმა, საკუთარი კლინიკის მონაცემებზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ კორონავირუსული ინფექციით მძიმე ავადმყოფთა ნახევარი მის განყოფილებაში 65 წელზე ახალგაზრდაა; მძიმე ფორმა ემართებათ 20, 30 წლის პაციენტებსაც, თუმცა ახალგაზრდები უფრო უმკლავდებიან ამ სიტუაციას, რადგან გაცილებით  მტკიცე ჯანმრთელობა აქვთ.

გუშინ ახალი კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად იტალიის მთავრობამ ახალ ზომებს მიმართა – ახალი დადგენილებით გათვალისწინებულია პარკების, ვილების, ბაღების დაკეტვა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ზოგიერთი ქალაქის მერმა ამ დადგენილების მიღებამდე დაკეტა მწვანე ზონები.

ამიერიდან აკრძალულია ღია ცის ქვეშ გასართობი ღონისძიებები და სპორტული ვარჯიშები, დასაშვებია გარკვეული სპორტული აქტივობა (ვარჯიში) საკუთარ სახლთან ახლოს იმ პირობით, რომ ადამიანი მარტო ასრულებს მას.

აკრძალულია გამოსასვლელ დღეებში კუთვნილ მეორე სახლებში წასვლა. დაიკეტა სასურსათო მაღაზიები სადგურების ტერიტორიაზე.

რომში მკაცრად გაკონტროლდებიან ისინი, ვინც ფეხით ან ავტომობილით გადაადგილდება. ავტოსერტიფიკატის ბლანკის ქონა აუცილებელია.

ახალი ზომები 21-იდან 25 მარტამდე იმოქმედებს.

რაც შეეხება აღდგომას: თარიღი – 12 აპრილი უცვლელი რჩება, თუმცა მესა, რომელიც, ჩვეულებრივ, დიდ ხუთშაბათს სრულდება, შეიძლება გადაიდოს. მსვლელობები და ვნების კვირის და აღდგომის ტრიდუუმის (Paschal Triduum)  სხვა ხალხმრავალი ღონისძიებები შესაძლოა 14-15 სექტემბრისთვის გადაიდოს.

კომისარ ბორელის თქმით, ყველა რეგიონმა დაიწყო სამედიცინო დაწესებულებების გაძლიერების პროგრამა, ინტენსიური თერაპიის ადგილების რაოდენობა 5400-იდან 7700-მდე გაიზარდა. მიმდინარეობს მუშაობა სამედიცინო დაწესებულებების მოდერნიზაციაზე.

როგორც ცნობილია, დღეს კრემონაში პირველი საველე ჰოსპიტალი გაიხსნა კორონავირუსით დაავადებული პაციენტებისათვის.

ანსას ინფორმაციით, იტალიაში  დღეს 3 მლნ სამდიცინო ნიღაბი ჩაიტანეს: 1,2 მლნ – ეგვიპტიდან, 1,5 მლნ  – ჩინეთიდან (ფილტვების 100 ვენტილატორთან ერთად), 400 000  ნიღაბი – ინდოეთიდან, 1 მლნ ნიღაბი კი – რუსეთიდან.

მთავრობის მიერ მიღებული პირველი დეკრეტიდან „მე  ვრჩები სახლში“ 2 კვირა 24 მარტს გადის. დეკრეტის შედეგები, პირველ რიგში, ინფიცირების შემთხვევების შემცირებით უნდა გამოჩნდეს. იმედი ვიქონიოთ, რომ მომავალი კვირა იტალიისთვის გარდამტეხი იქნება კორონავირუსთან ბრძოლაში, შეზღუდვების შედეგები რეალურად გამოჩნდება და ვირუსი უკან დაიხევს.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close