fbpx
საზოგადოებასაქართველო

„სუხიშვილების“ ანსამბლი, სრული შემადგენლობით, თვითიზოლაციაშია

ნაციონალურმა ბალეტმა „სუხიშვილებმა“ უკრაინაში გასტროლი შეწყვიტა და დასის წევრები სამშობლოში 14 და 15 მარტს ორი რეისით ჩამოფრინდნენ. პროგრამით გაწერილი 55 კონცერტიდან ანსამბლმა 35 ანშლაგით ჩაატარა, თუმცა მას შემდეგ, რაც უკრაინამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო ქვეყანაში შეზღუდვები დააწესა, „სუხიშვილებს“ უკრაინის დატოვება მოუხდა.

როგორც „პრაიმტაიმს“ „სუხიშვილების“ წამყვანმა სოლისტმა ექსკლუზიურად განუცხადა, მთელი დასი, ხელმძღვანელების თაოსნობით, თვითიზოლაციაში იმყოფება.

დავით ჭანიშვილი: – ნინომ და ილიკომ გვთხოვეს, სამოქალაქო პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, თვითიზოლაციაში გამოვკეტილიყავით. ამის საუკეთესო მაგალითს თვითონ გვაჩვენებენ და თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

სანამ გამოვემგზავრებოდით, უკრაინაში ბოლო დღეებში დაგვირიგეს პირბადეები და ხელთათმანები, სადეზინფექციო ხსნარები. ხალხთან არ ვურთიერთობდით. პანიკა და სპეციფიური მობილიზება იქ არსად შეგვიმჩნევია.

როგორც მიგვითითეს, ისე მოვიქეცით. მაშინვე შევწყვიტეთ გასტროლი და დავტოვეთ უკრაინა. ყველა უსაფრთხო ზომა მივიღეთ. მე 14 მარტს ჩამოვფრინდი, ყველა პროცედურის გავლით. თვითმფრინავში პირბადეებით და ხელთათმანებით ვიყავით აღჭურვილი. აეროპორტში შემოწმების გავლის შემდეგ მთელმა დასმა თვითიზოლაციას მივმართეთ. ჯერჯერობით, არცერთ ჩვენგანს არანაირი სიმპტომი არ აღგვენიშნება. კიდევ ორი კვირა დავაკვირდებით. მივყვებით რეკომენდაციებს. საკვები კართან მოაქვთ ოჯახის წევრებს, მიტოვებენ და მიდიან.

დათო, როგორ დაგეგმეთ თვითიზოლაციის პერიოდი? 

ბევრი რამაა წასაკითხი, ფილმები უნდა ვნახო… ახლა გელა ჩარკვიანის „ნაცნობ ქიმერათა ფერხულის“ კითხვა დავიწყე. კარგი რეკომენდაცია გაუწიეს. მოგზაურობაშიც მინდოდა წაკითხვა, მაგრამ თავისუფალი დროის სიმცირის გამო ვერ მოვახერხე. სამაგიეროდ, ახლა წავიკითხავ. ჩვენი ანსამბლისთვის ორი კვირა სახლში ყოფნა ფუფუნებას გავს. კიდე ძაღლები მყავს სახლში და ვეთამაშები. ისინიც ჩემთან ერთად არიან თვითიზოლაციაში, გარეთ არ ვუშვებ.

ცხრა წელია ბათუმელი დავით ჭანიშვილი „სუხიშვილების“ ნაციონალური ბალეტის წამყვანი სოლისტია. „ჭანოს“ სოლო პარტიებს პუბლიკა აღფრთოვანებაში მოჰყავს. სცენაზე „მფრინავი“ მოცეკვავის დანახვისას აუდიტორიას გაოცების შეძახილები გადაურბენს ხოლმე. მისთვის „სუხიშვილების“ წევრობა საამაყოა. ხელოვანი ჯარისკაცები ვართ საქართველოს სამსახურშიო, ამბობს.

დავით ჭანიშვილი: ყველა ქალაქში გამართული კონცერტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. დამოკიდებულება და პასუხისმგებლობა ერთნაირი გვაქვს ყველგან, მნიშვნელობა არ აქვს რომელიმე ქვეყნის დედაქალაქია თუ პატარა ქალაქი. ამჟამინდელი გასტროლით პოლონეთში, მოლდოვაში, რუმინეთსა და უკრაინაში გახლდით და ყველგან ოვაციებით და მქუხარე აპლოდისმენტებით მიგვიღეს. სულ გადაჭედილი იყო დარბაზები, თავისუფალი ადგილის მოძებნა ძალზედ გაგიჭირდებოდათ.

დიდი აღტაცებით რომელ ცეკვებს ხვდება უცხოური პუბლიკა? ალბათ, სისხლის ამაჩქროლებელ ცეკვებს – „ხორუმს“, „ცდოს“, „ხანჯლურსა“ და „ხევსურულს“.

ქართული ცეკვა მრავალფეროვანია და ემოციებიც შესაბამისია. ყველა ცეკვას თავისი მაყურებელი ჰყავს. რა თქმა უნდა, ჩამოთვლილ ცეკვებს, თუმცა ძალიან მოსწონთ „სამმაია“, სადაც ემოცია და სპეცეფექტი მეორე პლანზეა და პლასტიკასა და კოსტიუმს უფრო აქცევენ ყურადღებას.

როგორც დათომ „პრაიმტაიმს“ განუცხადა, თუ პანდემია გადაივლის, შეწყვეტილ ტურნეს ანსამბლი 15 მაისიდან ისევ განაგრძობს. „სუხიშვილები“ კონცერტებს ჩაატარებს უკრაინის ქალაქ ხარკოვში.

„ბოლო კონცერტი ქალაქ სუმში ჩავატარეთ და მივიღეთ ცნობა, რომ კონცერტების ჩატარება აიკრძალა. დავბრუნდით კიევში და გამოვფრინდით. ხარკოვში ექვსი კონცერტი გვაქვს ჩასატარებელი. გაურკვეველი დროით გადაიდო ანსამბლის საიუბილეო კონცერტი თბილისში…“

primetime.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close