საქართველოპოლიტიკა

კახა კალაძე – მიკროავტობუსების მომსახურება ხვალიდან საქართველოს მასშტაბით დროებით ჩერდება

საქართველოს მასშტაბით, მათ შორის, თბილისში, ხვალიდან დროებით ჩერდება მიკროავტობუსების მომსახურება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, მოსახლეობას მუნიციპალური ტრანსპორტი – მეტრო და ავტობუსები მოემსახურება.

„როგორც საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა უკვე აცნობა, ხვალიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის, თბილისში, დროებით ჩერდება მიკროავტობუსების მომსახურება. მოგეხსენებათ, ეს გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული იქნა სპეციალისტების რეკომენდაციის საფუძველზე, ვინაიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახეობებიდან, მიკროავტობუსი, როგორც უფრო მცირე სივრცის მქონე სატრანსპორტო საშუალება, ვირუსის გავრცელებისთვის ყველაზე მომეტებულ საფრთხის შემცველ ტრანსპორტად იქნა მიჩნეული.

იმის გათვალისწინებით, რომ ბაღებსა და სკოლებში სწავლება შეჩერებულია, შეზღუდულია მთელი რიგი სერვისების მიწოდება მოსახლეობისთვის და, შესაბამისად, ქალაქში დღის მანძილზე ნაკლები ადამიანი გადაადგილდება, მუნიციპალური ტრანსპორტით – მეტროთი და ავტობუსებით შევძლებთ მოსახლეობის მომსახურებას“, – განაცხადა კალაძემ.

ამასთან, როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, „თბილისის მიკროავტობუსის” მენეჯმენტთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ არასამუშაო პერიოდში მიკროავტობუსების მძღოლები არ დარჩნენ მინიმალური შემოსავალის გარეშე.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკება „თბილისის მიკროავტობუსის“ მენეჯმენტთან, რათა გამონახულ იქნას გარკვეული ფინანსური რესურსი და არასამუშაო პერიოდში მიკროავტობუსების მძღოლები არ დარჩნენ თავისი მინიმალური შემოსავალის გარეშე“,- აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, ხვალიდან თბილისის ავტობუსებში შეიცვლება გარკვეული მომსახურების წესები.

„რაც შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს, საზოგადოებამ იცის, რომ ყოველდღიურად ხდება თბილისის მეტროს და ავტობუსების დეზინფექცია და მაქსიმალურად არის დაცული ჰიგიენის ნორმები. ასევე, ხვალიდან თბილისის ავტობუსებში შეიცვლება გარკვეული მომსახურების წესები. მოხდება მძღოლის სივრცის იზოლირება ავტობუსის დანარჩენი ნაწილისგან და უსაფრთხოების დისტანციის დაცვა. მოქალაქეები ისარგებლებენ ავტობუსის მხოლოდ უკანა კარებით და მძღოლთან უშუალო შეხებაში აღარ იქნებიან. ეს აუცილებელი ღონისძიებაა, ავტობუსის მძღოლების უსაფრთხოების დაცვისთვის და, შესაბამისად, მგზავრების უსაფრთხო მომსახურებისთვის“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

როგორც კალაძემ განაცხადა, ხვალიდან ასევე დროებით შეჩერდება თბილისის სატრანსპორტო სამსახურის კონდუქტორების მუშაობა.

„რა თქმა უნდა, ეს არ შეაფერხებს მათ სახელფასო ანაზღაურებას და ყველა ადამიანი უწყვეტად მიიღებს კუთვნილ სახელფასო თანხებს. თბილისის მერია, შესაბამის უწყებებთან ერთად, აქტიურ რეჟიმში მუშაობს ვირუსის გავრცელების საფრთხის პრევენციისთვის, თუმცა ამ გამოწვევის დაძლევას სჭირდება, როგორც სახელმწიფოს გამართული მუშაობა, ისე საზოგადოების კონსოლიდაცია, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და დისციპლინა. ქართველებს არაერთხელ დაგვიმტკიცებია, რომ მძიმე მომენტებში შეგვიძლია გაერთიანება და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოვლენა. ამ სიტუაციაში კი, რაც ასევე განსაკუთრებულად მოგვეთხოვება თითოეულ ჩვენგანს, ეს დისციპლინა, თანმიმდევრულობა და რეკომენდაციების ზედმიწევნით გათვალისწინებაა. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ჩვენ თანამოქალაქეებს, მოერიდოთ სახალხო თავშეყრის ადგილებს, განსაკუთრებული საჭიროების გარეშე ქალაქში გადაადგილებას, დაიცვათ რეკომენდაციები და სახელმწიფო, მათ შორის მუნიციპალური სერვისებით, ისარგებლოთ მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში. გისურვებთ ჯანმრთელობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close