უჰანის მსგავსად მილანის ცენტრში დროებითი საავადმყოფო აშენდება?
იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 1016-ს მიაღწია
იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 1000-ს გადააჭარბა, ინფიცირების შემთხვევებმა – 15 000-ს. ახალი მონაცემები პრესკონფერენციაზე კომისარმა ანჯელო ბორელიმ წარადგინა.
იტალიაში გასულ დღე-ღამეში კიდევ 2249 ადამიანი დაინფიცირდა კორონავირუსით და ამჟამად დაავადებულთა რიცხვი 12 839-ს აღწევს, ხოლო ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობამ (გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით) 15113-ს მიაღწია. 1258 ადამიანი გამოჯანმრთელდა – 213-ით მეტი, ვიდრე გუშინ. გასულ ერთ დღე-ღამეში კორონავირუსმა 189 ადამიანი იმსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1016-ს მიაღწია. რეანიმაციაში მოთავსებულია 1153 პაციენტი.
12839 დაავადებულიდან 6650 ჰოსპიტალიზებულია დაავადების სიმპტომებით, 5036 სახლის პირობებში ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
„ჩვენ ყველამ მსხვერპლი უნდა გავიღოთ. მთავარია დისტანციის დაცვა, სახლშიც, ოჯახშიც კი, ეს თითოეულის ინტერესშია“, – განაცხადა ბორელიმ. მისივე თქმით, ყოველდღიურად მილიონ-მილიონ-ნახევარ სამედიცინო ნიღაბს არიგებენ.
ყველაზე უარეს დღეშია ლომბარდიის რეგიონი, სადაც 6896 პაციენტია (1133-ით მეტი, ვიდრე გუშინ) და 744 გარდაცვლილი (127-ით მეტი, ვიდრე გუშინ). ლომბარდიაში კორონავირუსი 691 მედიცინის მუშაკს დაუდგინდა – ექიმებს, მედდებს და ტექნიკურ პერსონალს.
ლომბარდიის რეგიონის ადგილობრივ ხელმძღვანელობას სურს მილანში ყოფილი ბაზრობის პავილიონი დროებით საავადმყოფოდ გადააკეთოს. რეგიონის მთავრობას მიაჩნია, რომ ლომბარდიის რეგიონს ცალკე საავადმყოფო სჭირდება კორონავირუსით დაავადებულთა განსათავსებლად. სარეანიმაციო საწოლები, რომლებიც საავადმყოფოების კორიდორებში, საოპერაციოებსა და სარეაბილიტაციო ოთახებშია განთავსებული, უკვე აღარ არის საკმარისი. სტაბილური პაციენტები მოხუცებულთა სახლში თუ სარეაბილიტაციო დაწესებულებებში გადაყავთ, მაგრამ ჯერჯერობით ეს სიტუაციას ვერ აუმჯობესებს. ლომბარდიის რეგიონის მთავრობა ცდილობს მოძებნოს შესაძლო გზები, რათა დაეხმაროს სამედიცინო სფეროს იმ სიტუაციაში, როდესაც დაავადებულ ადამიანთა რიცხვი, რომელთაც ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროებათ, განუხრელად იზრდება. ლომბარდიის ჯანდაცვის საკითხების მრჩევლის, ჯულიო გალერას თქმით, არსებობს საშიშროება, რომ ეპიდემიის ასეთი ტემპით გაგრძელების შემთხვევაში სამედიცინო სისტემა ვეღარ გაუმკლავდება მოზღვავებულ პაციენტთა ნაკადს.
ჩინეთის ქალაქ უჰანში, ეპიდემიის ეპიცენტრში, 10 დღეში აშენდა ახალი საავადმყოფო. ლომბარდია, სადაც 7000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 4000-ზე მეტი ჰოსპიტალიზებულია, კორონავირუსისგან ყველაზე მეტად დაზარალებული რეგიონია, ადგილობრივი საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილებებში „ტევა არ არის“ (10 მარტის მდგომარეობით 466 ადამიანი იყო ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში ჰოსპიტალიზებული). სწორედ ამიტომ რეგიონის ხელისუფლებას უნდა 12 000 კვ. მ ფართობის ყოფილი საგამოფენო დარბაზი 500-ადგილიან რეანიმაციად გადააქციოს.
ლომბარდიის გუბერნატორი ატილიო ფონტანა და ჯანდაცვის საკითხებში მრჩეველი ჯულიო გალერა 2 დღის განმავლობაში სწერდნენ წერილებს მთავრობას თავიანთი პროექტის რეალიზაციისთვის თანხმობის მისღებად.
იდეას უკვე აქვს გარკვეული განვითარება: დროებითი საავადმყოფოს განთავსების ადგილი არჩეულია – Fiera Milano City-ს ტერიტორია, სადაც არსებობს 12 000 კვ. მ ფართობის პავილიონი. საავადმყოფო აშენდება ასაწყობი კონსტრუქციებით რეკორდულად მოკლე დროში, თუ მთავრობა პროექტს მწვანე შუქს მისცემს. ამის თაობაზე მედია წერს.
რამდენიმე დღის წინ, როდესაც ქვეყნის პრემიერმა ჯუზეპე კონტემ მთავრობის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა, განაცხადა, რომ ლომბარდიაში საავადმყოფოებში ადგილების დეფიციტის გამო შესაძლოა პაციენტები სხვა რეგიონებში გადაანაწილონ. ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა მილანში დროებითი საავადმყოფოს აშენების თაობაზე.
ნიკო აბაშიშვილი
კომენტარები