„საერთო ბარძიმიდან ზიარება არ შეიძლება გახდეს დაავადების გადადების მიზეზი“ – საბერძნეთის ეკლესიის განცხადება
საბერძნეთის ეკლესიის მუდმივმოქმედი წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა. წმინდა სინოდმა სხვა საკითხებთან ერთად, კორონავირუსის შესახებაც იმსჯელა. სინოდის განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
„ყველამ გავაძლიეროთ ლოცვები ხრწნილებისა და სიკვდილის მძლეველი უფლის, იესო ქრისტეს მიმართ, რათა ჯანსაღად და სიმრთელით დაიცვას თავისი ერი. ამავე მიზნით ეთხოვოს ყოვლადუსამღვდელოეს მიტროპოლიტებს, რათა თავიანთ ღვთისმსახურებს მისცენ რეკომენდაცია, დიდმარხვის მეორე კვირას (15.03.2920) საღვთო ლიტურგიის განტევებამდე შესრულდეს კვერექსი ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად.
მიღებულ იქნეს ყველა აუცილებელი ზომა, როგორც ამას სახელმწიფო უწყებათა შესაბამისი ორგანოები მიუთითებენ, რათა თავიდან ავიცილოთ ვირუსის გავრცელება. კერძოდ:
ხელების რეგულარული დაბანა საპნით; ანტისეპტიკურ საშუალებათა გამოყენება; დისტანციის დაცვა იმ ადამიანებთან ურთიერთობისას, რომლებიც ვირუსისთვის დამახასიათებელ ნიშნებს ავლენენ; ტაძრებისა და სხვა საეკლესიო ნაგებობების განიავება და საგულდაგულოდ დასუფთავება;
ვირუსისათვის დამახასიათებელი ნიშნების მქონე ადამიანებსა და ჯანმრთელობის მხრივ ადვილად მოწყვლად ჯგუფებს (შაქრიანი დიაბეტით დაავადებულნი, სასუნთქ და გულსისხლძარღვთა სისტემის პრობლემების მქონენი) ეძლევათ რეკომენდაცია, არ გავიდნენ საცხოვრებელი სახლებიდან, თუ ეს გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენს, მოერიდონ მასობრივი თავშეყრის ადგილებს, კოცნასა და ჩახუტებას, რათა დაიცვან როგორც საკუთარი, ისე სხვათა ჯანმრთელობა.
წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით ეს რეკომენდაციები წერილობითი სახით, ტაძრების კედლებზეც გაიკვრება.
ეკლესიის წევრებისთვის საერთო ბარძიმიდან ზიარება არ შეიძლება გახდეს დაავადების გადადების მიზეზი. მორწმუნეებმა ყველა ეპოქაში, მათ შორის, პანდემიების დროსაც იცოდნენ, რომ საღვთო ზიარების მიღება, ერთი მხრივ, არის ცოცხალი ღვთისთვის საკუთარი თავის მინდობის პრაქტიკული, ხოლო, მეორე მხრივ, სიყვარულის გამოხატულება, იმ სიყვარულისა, რომელიც სძლევს ყველანაირ ადამიანურ, თუნდაც სამართლიან შიშს (1 იოანე 4.18). ეკლესიის წევრებმა იციან რომ ზიარება, ესე იგი ურთიერთობა, არის სიყვარულისა და თავისუფლების ნაყოფი, რომელიც თავისუფალია ეჭვებისა და შიშისაგან“, – აღნიშნულია განცხადებაში.
წყარო: pia.ge
კომენტარები