ე. წ. კანონიერი ქურდების საქმე – თბილისში ერთდროულად რამდენიმე სპეცოპერაცია ჩატარდა
თბილისში ერთდროულად რამდენიმე სპეცოპერაცია ჩატარდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 პირი „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის და „ქურდული სამყაროს“ წევრზე მიმართვისთვის დააკავა.
საგამოძიებო უწყება დაკავებულებს რამდენიმე თვის განმავლობაში უთვალთვალებდა და უსმენდა. როგორც ცნობილია, გამოძიებას საქმეში ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებად დაკავებულებს შორის ფარული სატელეფონო ჩანაწერი აქვს, სადაც ბრალდებულები სხვა ე. წ. კანონიერ ქურდებზე და თანხების გადანაწილებაზე საუბრობენ.
„კურიერის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული პირი, რომელსაც სახელმწიფო ბრალდება ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვას ედავება, ბიზნესმენია. მან, გამოძიების ინფორმაციით, ფინანსური დავის გადაჭრის მიზნით დახმარება კრიმინალურ ავტორიტეტს სთხოვა, არსებულ დავაში ჩართული იყო საზღვარგარეთ მყოფი ქართველი „კანონიერი ქურდიც“. საქმე სასტუმროს ბიზნესს უკავშირდებოდა.
დაკავებული ბიზნესმენი დუმილის უფლებას იყენებს. ადვოკატის განმარტებით, ბრალდებული ვერ იხსენებს ფაქტებს, როცა მან ფინანსურ პრობლემებთან დაკავშირებით დახმარება „ქურდული სამყაროს“ წევრებს სთხოვა. ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.
ბიზნესმენისგან განსხვავებით საკმაოდ მძიმეა ბრალდება სხვა დაკავებულების მიმართ. ირკვევა, რომ სამივე მათგანი წარსულში ფინანსური დავის გამოა ნასამართლევი. მათგან ორი ერთმანეთის ნათესავია. დაკავებულების მეზობლები „კურიერთან“ მათ მიერ წარსულში ჩადენილ ამავე ტიპის დანაშაულს იხსენებენ.
საქმის მასალებში მტკიცებულებების სახით ჩხრეკის შედეგად ამოღებული კომპიუტერები და მობილური ტელეფონები დევს. ამ მასალებზე დაყრდნობით პროკურატურა 5 მარტს საქალაქო სასამართლოში პროცესზე მათ პატიმრობას ითხოვდა, ბრალდების მხარის შუამდგომლობა მოსამართლემ ოთხივე დაკავებულის მიმართ დააკმაყოფილა
rustavi2.ge
კომენტარები