საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა
ამირან გამყრელიძე: „მეოთხე შემთხვევა კლინიკურად უფრო საყურადღებოა“
კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა საქართველოს მოქალაქე 44 წლის მამაკაცს, რომელიც იტალიიდან კვირას დაბრუნდა. მამაკაცი ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, იგი კვირიდან შინ, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, – ამის შესახებ იმნაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან პაციენტს მაღალი შეგნებისთვის მადლობა გადაუხადა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 44 წლის მამაკაცს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, აღენიშნება ტემპერატურა, 38.5 გრადუსზე მეტი.
„პაციენტი არის საქართველოს მოქალაქე, 44 წლის მამაკაცი. თვითიზოლაციაში იმყოფებოდა კვირიდან დღემდე. ოჯახის წევრებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი დააკვირდება. ეს არის კლინიკურად მძიმე შემთხვევა, 38-ნახევარზე მეტი აქვს ტემპერატურა. აღენიშნება ქვედა სასუნთქი სისტემის მძიმე დაზიანება, რაც ახასიათებს ამ ვირუსს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
მისივე ინფორმაციით, ბოქსირებულ განყოფილებაში ამ დროისათვის 25 პაციენტია მოთავსებული.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით კი, დილის მონაცემებით, საკარანტინო დაწესებულებებში 162 ადამიანი, სამედიცინო დაწესებულებებში კი 31 პაციენტი იმყოფება.
საერთო ჯამში, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, იანვრის ბოლოდან მოყოლებული – დღემდე, კორონავირუსის 252 შესაძლო შემთხვევიდან ინფექცია მხოლოდ ოთხ პაციენტში დადასტურდა. აქედან ორს ირანში მოგზაურობის ისტორია აქვს, ორს კი – იტალიაში.
ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის მდგომარეობა კლინიკურად დამაკმაყოფილებელია, დაავადების პროგრესირება არ აღინიშნება, მეოთხე შემთხვევა კი კლინიკურად უფრო საყურადღებოა.
მისივე ინფორმაციით, წარმოებს კონტაქტების მოძიება, ვისაც შესაძლოა შეხება ჰქონოდა კორონავირუსით ინფიცირებულ მეოთხე პაციენტთან.
„გაფართოებული ეპიდკვლევის ანუ კონტაქტების კვლევის მიზნით, დღეს დილისთვის გვაქვს დაახლოებით 20 კონტაქტი მოძიებული, მათ შორის, 15 – თვითმფრინავის კონტაქტი და მიმდინარეობს კონტაქტირებულ ადამიანთა ჩაღრმავებული ეპიდკვლევა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
1tv.ge-ს მიხედვით
კომენტარები