მსოფლიოპოლიტიკა

კორონავირუსმა ევროპოლიტიკის უმაღლეს ეშელონშიც „შეაღწია“ და პროტოკოლის წესები შეცვალა (ვიდეო)

ევროკავშირმა კორონავირუსის საფრთხე უმაღლეს ნიშნულამდე გაზარდა

ევროკავშირმა კორონავირუსის საფრთხე უმაღლეს ნიშნულამდე გაზარდა. ამის შესახებ განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააკეთა.

„ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში განაცხადეს, რომ ევროპაში კორონავირუსით დაავადების რისკი უმაღლეს ნიშნულამდე იზრდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ვირუსი გავრცელებას აგრძელებს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირში „კორონავირუსზე რეაგირების ჯგუფი“ შეიქმნა, რომელიც ევროპაში ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებებზე იმუშავებს.

კორონავირუსმა გერმანიის უმაღლესი ეშელონშიც „შეაღწია“ და პროტოკოლური წესები შეცვალა.

როგორც BBC იუწყება, გერმანიის მთავრობის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰორსტ ზეეჰოფერმა კანცლერ ანგელა მერკელს გამოწვდილი ხელის ჩამორთმევაზე უარი უთხრა. მან თავისი საქციელი ინფექციის გავრცელების პრევენციის ზომებით ახსნა, თუმცა მინისტრის ამ  ქმედებამ დარბაზში სიცილი გამოიწვია.

ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფოდან ახალი კორონა ვირუსი 19-ში უკვე გამოვლინდა, ინფიცირებულთა რიცხვი 2600-ს აღწევს. „კოვიდ-19“-ით ევროკავშირის 54 მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის, 52 – იტალიაში, 2- საფრანგეთში (მესამე გარდაცვლილი საფრანგეთში ჩინეთის მოქალაქე იყო).

ევროკავშირის მასშტაბით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა (2036) იტალიაშია დაფიქსირებული, საფრანგეთში 191 შემთხვევაა, გერმანიაში – 159; მკვეთრად გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვი ესპანეთში (120). საბერძნეთში ამ დროისთვის ინფიცირების 7 შემთხვევაა გამოვლენილი.

რაც შეეხება ევროკავშირის არაწევრ ევროპის ქვეყნებს, ყველაზე მეტი შემთხვევა დადასტურებულია დიდ ბრიტანეთში – 40, შვეიცარიასა – 27 და ნორვეგიაში – 25.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close