საზოგადოებასაქართველო

კორონავირუსის საფრთხის გამო უნდა შეიცვალოს თუ არა ზიარებისთვის ერთი კოვზის გამოყენების წესი?

კორონავირუსის გავრცელების ფონზე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს რუმინეთის ეკლესიამ ზიარებისათვის ერთჯერადი კოვზების გამოყენების ნებართვა გასცა. საქართველოს საპატრიარქომ ეს ინფორმაცია უარყო.

საქართველოს საპატრიარქო, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, ზიარების წესის შეცვლას არ აპირებს. მათი განცხადებით, ზიარებისთვის ერთი კოვზის გამოყენების პრაქტიკა ათასწლოვან ისტორიას ითვლის და ამ ხნის განმავლობაში არაერთხელ ჰქონდა ადგილი სხვადასხვა სახის სიცოცხლისათვის საშიში ინფექციის გავრცელებას.

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი მოსახლეობას მოუწოდებს, კორონავირუსთან დაკავშირებით პანიკას არ აჰყვნენ. როგორც მეუფემ საკვირაო ქადაგების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მნიშვნელოვანია, ადამიანებმა დილა-საღამოს სახლში ნაკურთხი წყალი ასხურონ.

„პანიკის ატეხა აბსოლუტურად არ არის სწორი. პნევმონიით მსოფლიოში ბევრად მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე კორონავირუსით. ქართველებს გვაქვს ასეთი გამოთქმა – დედის წინ მორბენალ კვიცს ან მგელი შეჭამს ან მგლისფერი ძაღლიო. ანუ მგელი არის კორონავირუსი და მგლისფერი ძაღლი არის პანიკა, რომელიც უფრო საშიშია, ვიდრე ეს კორონავირუსი.

ვიდრე გავრცელდებოდა საქართველოში კორონავირუსი, ასეთი რამ ითქვა, რომ ყოველ დილას და ყოველ საღამოს ნაკურთხი წყალი ვასხუროთ სახლში. რამდენმა ადამიანმა შეასრულა ეს ლოცვა-კურთხევა? გააკეთეთ და არ მოგეკარებათ ეს კორონავირუსი. ხატებს ვინც ემთხვევა, იმას რომ ხატზე მთხვევა აუკრძალო, მისთვის ეს ბევრად უფრო მძიმე ზიანი იქნება, მისი სულიერი ცხოვრებისთვის, ვიდრე კორონავირუსი… არავის ვავალდებულებთ, რომ ხატებს ემთხვიონ. ჩვენ არავითარ რეკომენდაციებს ამაზე არ მივცემთ ადამიანს“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ზიარების წესის გარშემო  სოციალურ ქსელში ნამდვილი დებატები მიმდინარეობს. თავისი მოსაზრება  პოლიტოლოგმა არჩილ გამზარდიამაც გამოთქვა:

„2000 წელზე მეტია ქრისტეს მისტიური სხეული – ეკლესიის სახით არსებობს და მასში მყოფნი, წევრნი ამ ერთიანი და განუყოფელი სხეულისა, უკვადების წყაროს, ერთი და იმავე სასუმელიდან (ჭიქიდან) ეზიარება და არავის, არასდროს, არავითარი დაავადება ამ გზით არ შეჰყრია!

ასე რომ ყოფილიყო, დღეს სამღვდელოება არ იარსებებდა, რადგან ყოველი მღვდელმსახური, საღმრთო ლიტურგიის (წირვის) ბოლოს, თავად ასუფთავებს ბარძიმს იმავე კოვზით, რითაც მრევლი აზიარა და მრევლში ხშირად სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანები არიან, მაგრამ ეს არ გამხდარა სხვათა ინფიცირების წყარო.

ვისაც არ ესმის თუ რა არის ზიარება, ვინც არ იცის, რას და ვის მიეახლება, მან თავი უნდა შეიკავოს ღვთისმგმობი აზრებისგან და ზიარებისგანაც, რადგან სადაც ეჭვია და რწმენა არ არსებობს, იქ არც კურნებაა და არც გადარჩენა!

ნუ დაგვავიწყდება, რომ იესო ქრისტე, ვიდრე კურნავდა ეკითხებოდა სნეულს „გწამს“? და თუ კი სნეული მიუგებდა რომ სწამდა, უფალი პასუხობდა: „შენმა რწმენამ განგკურნოს შენ“!
ეს იმას ნიშნავს, რომ უფალი კურნების წყარო იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი ჩვენ გვწამს მისი მაკურნებელი ძალის, თუ არადა ნურაფერს ველით და ნურაფერს ვიმედოვნებთ!“ – წერს არჩილ გამზარდია.

ვირუსის გავრცელების პერიოდში ზიარებისას საერთო კოვზების არგამოყენებაზე ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა რომან გოცირიძემ განაცხადა. მან ეკლესიებს ურჩია, ზიარებისას ერთჯერადი კოვზები გამოიყენონ, რაც „პროგრესული და თამამი ნაბიჯი“ იქნებოდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close