fbpx
შეუცნობელი

ჰიპოკრატეს რჩევა – როგორ დავიცვათ თავი უარყოფითი ენერგიებისგან

„მედიცინის მამად“ აღიარებული ძველბერძენი ექიმი ჰიპოკრატე, რომელიც ძველი წელთაღრიცხვით 370-460 წლებში მოღვაწეობდა, გარდა მედიცინისა, ძალიან ყოფილა დაინტერესებული ადამიანზე ენერგოზემოქმედების და გათვალვის საკითხებით.

ბრძენმა ექიმმა ჯერ კიდევ პრაქტიკული საქმიანობის დაწყებისთანავე შენიშნა, რომ ამ „დაავადებებს“ (ჰიპოკრატე გათვალვას და ენერგეტიკულ ზემოქმედებას დავადებებად მიიჩნევდა) მართლაც აქვს ადგილი და მათი მკურნალობა განსაკუთრებულ მიდგომას მოითხოვს. ყველაზე საინტერესო ამ საკითხთან დაკავშირებით მისი დასკვნა აღმოჩნდა: ადამიანი, რომელსაც გათვალვის და ენერგეტიკული ზემოქმედების ეშინია, პირველ რიგში, ბოროტი თვალის და უსიამოვნო გარეგნობის პიროვნებას კი არ უნდა მოერიდოს, არამედ საკუთარ თავს უნდა უფრთხოდეს!

ჰიპოკრატეს მაშინ ბევრი არ დაეთანხმა, მაგრამ დღევანდელი ბიოენერგოკორექტორებისთვის დიდი ხანია კარგადაა ცნობილი, რომ „მედიცინის მამამ“ ჯერ კიდევ მაშინ აღმოაჩინა თვითგათვალვა ანუ, თანამედროვე ენაზე რომ ვთქვათ, თვითკოდირება.

ადამიანი ძალიან მოუსვენარი არსებაა, მისი გონება მუდმივად აღგზნებულია და წარმოდგენაში ახალ-ახალ სურათებს ხატავს, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც რაიმეს აკეთებს. ძალიან მარტივი ცდის საფუძველზეც კი ადვილად დავრწმუნდებით, რომ რაც უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევთ, ვთქვათ, ნატკენ ხელს, მით უფრო მეტად აგვტკივდება ის. სწორედ ეს არის თვითკოდირება, თვითგათვალვა. არადა, რამდენი  მსგავსი ფაქტი ხდება ცხოვრებაში? ხშირად, სანამ რაიმე საქმეს დავიწყებდეთ, იმდენს ვფიქრობთ მასზე, იმდენ ნეგატიურ ფაქტს ვუკავშირებთ, რომ საბოლოოდ ჩვენვე ვთვალავთ ჩვენივე დაწყებულ საქმეს და უარყოფით შედეგს ვიღებთ, შემდეგ კი ყველაფერს უიღბლობას ვაბრალებთ და აზრადაც არ მოგვდის, რომ ეს „უიღბლობა“ ჩვენ მიერვეა გამოწვეული. სწორედ ამაზე მიგვანიშნებს უძველესი ხალხური გადმოცემა, რომლის მიხედვითაც ადამიანმა, სანამ რაიმეს გააკეთებდეს, იმაზე არ უნდა ილაპარაკოს – ყველაფერს თავისი დრო აქვს.

აბა, როგორ მოვიქცეთ? – იკითხავს მავანი. ისევ და ისევ ბუნებას უნდა დავუგდოთ ყური. ჰიპოკრატემ ისიც დაადგინა, რომ ყველაფერთან ერთად ადამიანის ორგანიზმი გამალებით იცავს თავს ასეთი ზემოქმედებისგან. ადამიანი იღლება, თითქოსდა აღარ შეუძლია პრობლემაზე ფიქრი, მაგრამ გონება გამალებით მიაქანებს წინ: „რა დროს დასვენებაა, გამოსავალი მოძებნე!“ – მსგავსი ფიქრები ახალ-ახალი ძალით მწიფდება გონებაში. არადა, სხეული უკვე კარნახობს, რომ კმარა, ნეგატიური ენერგიის საკმაო დოზა უკვე მიღებულია. ამავე მექანიზმით შეიძლება აიხსნას ისიც, რომ შეჭირვებულ ადამიანს ყოველთვის ვინმესთან საუბარი უნდა, რათა ნეგატიური ენერგიისგან დაიცალოს. ალბათ ეს მომენტი ყველას გამოგვიცდია: როდესაც ვინმეს დაველაპარაკებით, როგორ ერთბაშად ვთავისუფლდებით სიმძიმისგან მაშინაც კი, როდესაც მოსაუბრეს რაიმე გარკვეული რჩევის მოცემა არ შეუძლია. გამოსავალი ერთადერთია – დავუჯეროთ სხეულს და სხვა საკითხებზე გადავერთოთ: წავიდეთ მეგობრებთან, ვიმხიარულოთ, დრო გავატაროთ და როდესაც ამის შემდეგ კვლავ პრობლემას დავუბრუნდებით, სრულიად მოულოდნელად საუკეთესო გამოსავალსაც ვიპოვით.

ჰიპოკრატე თავის პაციენტებს ურჩევდა: „იფიქრეთ ფიქრის დროს და დაისვენეთ დასვენების დროს!“ ეს ფორმულა განსაკუთრებით კარგად აითვისეს დასავლეთში. დასვენების დღეს ვერ ნახავთ ადამიანს, რომელიც საქმეზე საუბრობს. როგორც კი სამუშაო საათები დამთავრდება, ის მაშინვე ივიწყებს საქმეს და დასვენებაზე იწყებს ზრუნვას. ეს საუკეთესო გამოსავალია, რადგან ამ დროს შინაგანი ენერგეტიკა თანაბრად ნაწილდება როგორც მუშაობაზე, ისე დასვენებაზე. ორგანიზმში თითქმის აღარ გროვდება უარყოფითი ენერგია და ასეთი ადამიანები გაცილებით ადვილად აღწევენ წარმატებებს. მიზეზი ძალიან უბრალოა: ისინი თავიანთ თავზე არ ახორციელებენ ენერგეტიკულ ზემოქმედებას. მეტიც, ცხოვრების ასეთი წესის შემთხვევაში თვით შინაგანი ენერგიაც საკმაოდ მაღალია და სხვებიც ადვილად ვერ მოახერხებენ ასე ადამიანზე უარყოფით ზემოქმედებას.

ცალკე გამოყოფენ კიდევ ერთ მომენტს, რომელიც არანაკლებ ბოროტების მომტანია, ვიდრე თვითზემოქმედება. ხშირად „დასვენება“, „ყოველდღიურობისგან მოწყვეტა“ არასწორადაა გაგებული და დასახმარებლად ნარკოტიკებსა თუ სპირტიან სასმელებს მიმართავენ. საბოლოო ჯამში ადამიანის ენერგეტიკული გარსი ნადგურდება. ნარკომანიასა და ალკოჰოლიზმზე საკმაოდ ბევრი იწერება, ამიტომ ამ პრობლემაზე ამჯერად დიდხანს არ შევჩერდებით, თუმცა ერთ რამეს კი ვიტყვით, რასაც შესაძლოა პირველად ისევ ჰიპოკრატემ მიაქცია ყურადღება: როდესაც ისვენებთ, არ ისვენებს ქვეცნობიერი, თქვენი მეორე „მე“. ის თქვენი გონების ნაცვლად აგრძელებს მუშაობას და საუკეთესო გამოსავალს ამზადებს. ასე რომ, არ არის საჭირო ნარკოტიკებით და ალკოჰოლით მოუსპოთ მას ჯანსაღად მოქმედების საშუალება.

თუ თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი დაქვეითებულია და აურაში საკმაოდ დიდი ხვრელებია, ერთ მარტივ საშუალებას შემოგთავაზებთ, რომელსაც ძველად მიმართავდნენ: იღებდნენ ჯამს, მასში შუაზე გაჭრილ ლიმონს და ასევე შუაზე გაჭრილ წიწაკას ათავსებდნენ. ჯამში ცოტაოდენ წყალს ასხამდნენ ისე, რომ ლიმონი მთლიანად არ დაფარულიყო და საწოლის ქვეშ იდებდნენ. დილით წყალს აქცევდნენ, საღამოს კი ჯამში ახალ წყალს ასხამდნენ და იმავეს იმეორებდნენ. ეფექტის გასაძლიერებლად ერთის მაგივრად რამდენიმე ასეთი ჯამის გამოყენება შეიძლება. ჯამები ერთ ხაზზე, ხერხემლის გასწვრივ უნდა განლაგდეს. 7-9-დღიანი ასეთი პროცედურები სწრაფად აღადგენს ადამიანის აურას (ლიმონი და წიწაკა ყოველ მეორე ან მესამე დღეს უნდა გამოიცვალოს).

თამთა გურული

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close