ტექნოლოგიებირას არ გაიგებ/ფაქტები

TINDER-მა რა ჰქმნა? – ონლაინ პაემნების ქართული ისტორიები (ვიდეო)

მისი მაღვიძარა დილის 7:30-ზე რეკავს. 8:25-ზე სახლის კარი უკვე ჩაკეტილი და ლიფტი გამოძახებული უნდა იყოს. მაქსიმუმ 8:31-ზე – მანქანა დაქოქილი. ხუთი წუთიც რომ გადააცილოს, სამსახურში, სულ ცოტა,7-8 წუთით დააგვიანებს. არადა, სამსახურში მკაცრად აკონტროლებენ მისვლა-მოსვლის გრაფიკს, ისევე როგორც პერანგისა და ყელსახვევის კვანძს. 32 წლისაა. ბოლო 5 წელია ამ რეჟიმით ცხოვრობს. ჰყავს ბიგლი, რომელიც ერთი წლის წინ აიყვანა. ბიგლისთან ერთად უვლის სამ მცენარეს: გვიმრას, სპატიფილუმს და ბალბას. სპატიფილუმი ბოლო ორი წელია ხან კვდება და ხან ცოცხლდება. გადასაგდებად ენანება.

რუტინულია მისი საქმეც. ურთიერთობა კლიენტებთან. კარგად დამუშავებული მისალმება-დამშვიდობება. მარტივი ფინანსური ოპერაციები. სატელეფონო ზარები.

ჰყავს მეგობრები, რომლებსაც კვირაში ერთხელ ხვდება. ძირითადად სოციალური ქსელებით ურთიერთობენ. წელიწადზე მეტია არ ჰყავს მუდმივი პარტნიორი.

სექსუალურ პარტნიორებს „ტინდერით“ პოულობს. ონლაინ პაემნების აპლიკაციით ნახევარ წელზე მეტია სარგებლობს. ტელეფონში ჩამოტვირთული აპლიკაციით პოტენციურ პარტნიორებს ძირითადად ერთსაათიანი შესვენებისას ათვალიერებს. თანამშრომლებმა არ იციან, რომ „ტინდერზეა“. და რატომ უნდა იცოდნენ? მხოლოდ ახლო მეგობრებმა იციან: “ისიც იციან, როცა „ტინდერით“ გაცნობილ კაცთან მივდივარ პაემანზე – ეს წესია, ამ წესს არასდროს ვარღვევ”.

ნია, 32 – ფოტო: გადაღებული ზურგიდან, ბოსფორის სანაპიროზე. მინაწერი პროფილის ფოტოზე: „გამარჯობა. თუკი შენც ფიქრობ, რომ შავ ფეხსაცმელს თეთრი წინდები არ უხდება, თუკი ფიქრობ, რომ „ჰარი პოტერი“ ეშმაკის ქმნილება არ არის, თუკი არასდროს გადაგიღია „სელფი“ ჯიმში, მეც აქ ვარ“.

როგორ მოიპარა ონლაინ „დეითინგმა“ ტრადიციული პაემანი

ონლაინ პაემნების აპლიკაციებმა, მათ შორის, Tinder, OkCupid, Hinge, Badoo, Bumble, Grindr, Happn, SCRUFF, რომელიც მილიონობით ადამიანს აერთიანებს სხვადასხვა სურვილით, მისწრაფებით, მიზნით, გენდერული იდენტობით, თავდაყირა დააყენა შეხედულებები ტრადიციული პაემნების შესახებ. აი, მაგალითად, პარტნიორის საპოვნელად აღარ გჭირდება:

  • რომანტიკული სიტყვების ქექვა და მერე წერილების წერა;
  • ტელეფონზე გაბმული უსასრულო საუბრები;
  • პარკში, ხის სკამზე მორიდებული მიყუდება და შეხების საბაბით, ერთმანეთისთვის ხელის კუნთების სინჯვა და ა.შ.

ტელეფონში ჩამოტვირთული აპლიკაციით ისევე შეგიძლია იპოვო სექსუალური პარტნიორი, თუნდაც მეგობარი, შეყვარებული, ხანდახან მომავალი ცოლი ან ქმარი, როგორც,მაგალითად, შენთვის სასურველი ნივთი – ფეხსაცმელი, ზურგჩანთა, კომპიუტერის რაიმე ნაწილი, წიგნი. შეიძლება ცოტა ყურს ჭრის ეს შედარება, მაგრამ ასეა.

ზიხარ სავარძელში, ყბა მუჭზე გაქვს ჩამოდებული, ხსნი ტელეფონში ჩამოტვირთულ აპლიკაციას და ეკრანზე თითის მარჯვნივ და მარცხნივ გადასმა-გადმოსმით (swipe) ირჩევ სასურველ პარტნიორს… NOPE, NOPE, NOPE, LIKE. თუ გაგიმართლა და მანაც მოგნიშნა (დაგა-LIKE-ა), ე.ი. დაწყვილება (match) შედგა – შეგიძლიათ პაემანზე შეთანხმდეთ.

ონლაინ აპლიკაციებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აპლიკაციაა Tinder-ი, მათ შორის, საქართველოშიც. აი, რას ამბობს Tinder-ი საკუთარ თავზე: „თუკი, რამდენიმე წლის წინ ითვლებოდა, რომ ონლაინ პაემნებს მხოლოდ სასოწარკვეთილი ან ცოტა საშიში ადამიანები იყენებდნენ, დღეს ონლაინ პაემანი არის ერთ-ერთი საუკეთესო და ადვილი გზა, იპოვოთ ახალი ადამიანები“.

თავდაპირველად „ტინდერი“ უფასო აპლიკაცია იყო. მოგვიანებით მას ფასიანი ფუნქციები დაემატა, რაც სასურველი„მეტჩის“ შანსს ზრდის.

ვისაც გაინტერესებთ „ტინდერის“ ქართული ისტორიები, წაიკითხეთ აქ:

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close