მედიცინამსოფლიოსაზოგადოება
გამოიყენეთ „დრაკონული“ მეთოდები ვირუსის წინააღმდეგ – მეცნიერები ხელისუფლებებს აფრთხილებენ
„ეპიდაფეთქების კერებში ახალი კორონოვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველ 6 დღეში შეიძლება გაორმაგდეს“, – ასეთი პროგნოზი გააკეთა ვირუსის გენეტიკური რუკის შექმნაზე მომუშავე მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ჰონკონგის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კათედრის პროფესორმა გაბრიელ ლიანმა (GABRIEL LEUNG) პრესკონფერენციაზე.
ლიანი ასევე გახლავთ ჰონკონგის ეპიდემიოლოგიისა და ინფექციურ დაავადებათა გავრცელების მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ცენტრის დირექტორი. იგი მსოფლიოს აფრთხილებს „რომ ეპიდემიის აფეთქება შესაძლოა გლობალურ ეპიდემიად იქცეს და ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ!“
პროფესორის თქმით, თავისი ანგარიში წარუდგინა პეკინისა და ჰონკონგის ხელისუფლებას, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას.
ლიანის შეფასებით, ეპიდემია ძალიან სწრაფად ვრცელდება. მისი გათვლების მიხედვით, 25 იანვრისთვის ინფიცირებულ ადამიანთა რიცხვი, ინკუბაციურ პერიოდში მყოფ ადამიანთა ჩათვლით, უკვე დაახლოებით 44 000-ამდეა.
მეცნიერი ვარაუდობს, რომ ეპიდაფეთქების კერებში ახალი კორონოვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველ 6 დღეში შეიძლება გაორმაგდეს და ავადობის მაქსიმალური მაჩვენებელი აპრილ-მაისში იქნება.
„ამ მაჩვენებლების შემცირება შესაძლებელია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეფექტიანი მეთოდების გამოყენებით, მაგრამ ვირუსის შეკავება რომ შევძლოთ, საჭიროა „დრაკონული“ მეთოდები – მოსახლეობისათვის გადაადგილების აკრძალვა. რაც უფრო მალე მოხდება ეს, მით უფრო უსაფრთხო იქნება მსოფლიო“, – ამბობს ჩინელი პროფესორი გაბრიელ ლიანი.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები