იტალიაში 20 წლის ქართველი ბიჭი მიგრანტთა ბანაკში ჩხუბის შემდეგ გარდაიცვალა
იტალიაში 20 წლის ქართველი ბიჭი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებს.
გამოცემა RaiNews-ის ცნობით, 14 იანვარს ქალაქ გრადისკა დ’იზონცოს (Gradisca d’Isonzo) მიგრანტთა ბანაკში სხვადასხვა ეროვნების მიგრანტებმა იჩხუბეს, რის გამოც პოლიციელების ჩარევა გახდა საჭირო. სამართალდამცველებმა ჩხუბი ძალის გამოყენებით შეაჩერეს და კონფლიქტის აქტიური მონაწილეები დააკავეს, მათ შორის, საქართველოს 20 წლის მოქალაქეც.
ციხეში 20 წლის ქართველი შეუძლოდ გახდა და 18 იანვარს დილით იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ჩანს, მას გულის შეტევა ღამით დაემართა. საავადმყოფოში ახალგაზრდის მდგომარეობა გართულდა და იგი დღის 3 საათზე (ადგილობრივი დროით) გარდაიცვალა.
საქმეზე გამოძიება გორიციის პროვინციის პროკურატურამ დაიწყო. უახლოეს დღეებში ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდება, რის შემდეგაც გარდაცვალების ზუსტი მიზეზი გახდება ცნობილი.
ინფორმაციას საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ.
„საკონსულო ინფორმირებულია მომხდარის შესახებ. წინასწარი მონაცემებით, მოქალაქე გარდაიცვალა გულის შეტევით და მომავალ კვირაში ჩატარდება ექსპერტიზა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს“, – აცხადებენ უწყებაში.
წყარო: rainews.it; imedinews.ge
კომენტარები