პოლიტიკასაქართველო

შამბა: საქართველოსთან მოლაპარაკებები შედეგს მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოიტანს

„საქართველოსთან მოლაპარაკებები შედეგს მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოიტანს“, – ამის შესახებ პარტია „ეძინაია აფხაზიას“ ლიდერმა სერგეი შამბამ დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსთან პოლიტიკური კონტაქტების დამყარებისთვის აუცილებელია სამშვიდობო ხელშეკრულებას მოეწეროს ხელი.

„საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში სწორადაა ნათქვამი, რომ პოლიტიკური კონტაქტების დამყარებისა და მატერიალური შედეგების მისაღწევად, აუცილებელია ხელი მოეწეროს სამშვიდობო ხელშეკრულებას და საქართველომ უარყოს პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც აფხაზეთს ოკუპირებულ ტერიტორიას უწოდებს. მათ სურთ ყველაფერი ისე წარმოადგინონ, თითქოს ჩვენი ქმედებები რუსეთისგან იყო ნაკარნახევი. ჩვენ გაფორმებული გვაქვს შეთანხმება რუსეთთან და ვიმოქმედებთ მის შესაბამისად. როდესაც ასეთი დრო დადგება, რეალური შედეგი იქნება. ახლა კი იმის თქმა, რომ დიალოგი საჭირო არ არის, სისულელეა. ვერ წარმომიდგენია, თუ როგორ შეუძლიათ ჭკვიან ადამიანებს ამის თქმა“, – აღნიშნა სერგეი შამბამ.

ექსპერტი კონფლიქტების საკითხებში ზაზა ცოტნიაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოსა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის, იმ მოთხოვნით, რასაც ისინი აჟღერებენ, გამორიცხულია რაიმე სახის ხელშეკრულების გაფორმება, რადგან ეს მათი „დამოუკიდებლობის“ აღიარებას გულისხმობს.

მისი აზრით, აფხაზები არანაირ რეალურ თანამშრომლობას არ გვთავაზობენ, თუმცა ნებისმიერი დიალოგი ანგარიშგასაწევია.

„ისინი ხაზს უსვამენ, რომ აფხაზეთი არის დამოუკიდებელი ეგრეთ წოდებული სახელმწიფო და საქართველოსთან თანაბარ პირობებში აპირებენ ურთიერთობას, რაც ჩვენი მხრიდან მიუღებელია და ხელშეკრულება არ გაფორმდება“, – განაცხადა ზაზა ცოტნიაშვილმა PIA.GE-სთნ საუბრისას.

ექსპერტის თქმით, დიალოგის წარმართვა აუცილებელია, რადგან აფხაზებმა და ქართველებმა ოკუპაციის ზონაში დარჩენილ მოქალაქეებზე ერთად უნდა იზრუნონ.

„ბუნებრივია, როგორც ხელისუფლების, ისე პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადებები ამას გულისხმობს, რომ დიალოგი კარგია, მაგრამ აფხაზეთთან თანასწორ პირობებში ხელშეკრულების გაფორმება მორიგი აბსურდია. ეს ხაზს უსვამს იმას, რომ აფხაზეთში გრძელდება რუსული პოლიტიკა და რუსული იმპერიული განწყობილება. გამორიცხულია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ გააფორმოს სამშვიდობო ხელშეკრულება აფხაზეთსა და საქართველოს შორის“, – აღნიშნა ექსპერტმა.

pia.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close