მოდა/სილამაზემსოფლიოსაზოგადოება

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სამეფო ტიტულებით აღარ ისარგებლებენ – რატომ იყო დედოფალი წყვილის დაქორწინების წინააღმდეგი?

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სამეფო ტიტულებით აღარ ისარგებლებენ და სახელმწიფო სახსრებს არ მიიღებენ. შეთანხმება ძალაში გაზაფხულიდან შევა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება დედოფლის სახელით ბუკინგემის სასახლემ გამოაქვეყნდა. წყვილი ელისაბედ მეორეს აღარ წარმოადგენს და მათი სამეფო რეზიდენციის ფროგმორ კოტეჯის რემონტზე დახარჯულ 2.4 მილიონ ფუნტს ხაზინას დაუბრუნებს. ამასთან, დიდ ბრიტანეთში ყოფნისას წყვილი სწორედ ამ სახლში იცხოვრებს.

„ჰარი, მეგანი და არჩი ყოველთვის დარჩებიან ჩვენი ოჯახის წევრებად“, – ნათქვამია დედოფლის განცხადებაში.

ვინ არის პრინცი ჰარი?

ჰარი – პრინც ჩარლზის და დაიანა სპენსერის უმცროსი ვაჟია. ის 1984 წლის 15 სექტემბერს დაიბადა, როდესაც მისი მშობლების ქორწინება უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. ჰარიმ მძიმედ გადაიტანა დედის სიკვდილი 1997 წელს. ძმის, უილიამის მსგავსად, რომელსაც სამეფო ტახტი გარანტირებული აქვს, ჰარისაც ძალიან აწუხებდა მთელი მსოფლიოს ყურადღება მისი ოჯახის ტრაგედიის მიმართ. ცოტა ხნის წინ მან აღიარა, რომ მხოლოდ ახლახან გაუმკლავდა თავის ემოციებს ფსიქოთერაპიის დახმარებით.

პრინც უილიამის ქორწილამდე და მისი შვილის, ჯორჯის დაბადებამდე პრინცი ჰარი ტახტის მემკვიდრეებს შორის მამის და ძმის შემდეგ მესამე იყო. ახლა ტახტზე ასვლა მას, სავარაუდოდ, საერთოდ არ მოუწევს. უილიამის შვილების შემდეგ ის რიგში მეხუთეა.

უილიამისგან განხვავებით, ჰარი ხშირად სკანდალებში ეხვეოდა და ტაბლოიდების საყვარელი პერსონაჟი იყო. ერთხელ ის კოსტუმირებულ წვეულებაზე ნაცისტის ფორმაში ჩაცმული გადაიღეს. 2006 წელს ჰარი სამხედრო სამსახურში წავიდა და საბრძოლო დავალებით ორჯერ გაემგზავრა ავღანეთში, სადაც ავიაციაში მსახურობდა, თუმცა პირველად მალევე უკან დაბრუნდა მას შემდეგ, რაც გერმანულმა Bild-მა ავღანეთში პრინცის ადგილსამყოფელის შესახებ დაწერა. შემდეგ მან მამის და ძმის მსგავსად ვერტმფრენის მართვა ისწავლა და 2013 წელს პილოტის რანგში მორიგ მივლინებაში გაემგზავრა; არმიაში სამსახური 2015 წელს შეწყვიტა. მას კაპიტნის წოდება აქვს.

სამხედრო სამსახურიდან დაბრუნებული სამეფო ოჯახის სხვა წევრების მსგავსად ქველმოქმედებით დაკავდა და დააარსა „ძლიერთა თამაშები“ – საერთაშორისო სპორტული შეჯიბრება ყოფილი და მოქმედი ინვალიდი სამხედროებისათვის (2017 წლის 28 სექტემბერში კანადაში გამართულ „ძლიერთა თამაშებში“ ის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გუნდსაც შეხვდა). ბოლო წლებში პრინცი ჰარი სამეფო ოჯახის ყველაზე პოპულარულ და საყვარელ წევრად იქცა.

ვინ არის მეგან მარკლი?

მეგან მარკლი 1981 წლის 4 აგვისტოს დაიბადა ლოს-ანჯელესში. ახლა ის 36 წლისაა და საქმროზე 3 წლით უფროსია. მსახიობი, მწერალი, საკუთარი ონლაინ-ჟურნალის, The Tig-ის მთავარი რედაქტორი (ეს ჟურნალი დაიხურა), კარგი მზარეული და ადამიანი, რომელსაც ხელით დაწერილი ჩანაწერების სჯერა – ასე ახასიათებდა თავის თავს მეგან მარკლი 2015 წელს ჟურნალ Elle-ის სვეტში. იმ დროის ტელეარხ USA Network-ზე უკვე გადიოდა სერიალ Suits-ის მეხუთე სეზონი, სადაც მარკლი ამბიციურ იურისტს თამაშობს, რომელმაც თავისი კარიერა ნულიდან შექმნა. სწორედ ამ სერიალის წყალობით გახდა მსახიობი პოპულარული. მანამდე ის რამდენიმე ფილმში თამაშობდა. კოლეგები მას ახასიათებენ, როგორც ჭკვიან, მტკიცე და, იმავდროულად, ძალიან სასიამოვნო ადამიანს.

მეგანს ჰყავს თავშესაფრიდან აყვანილი ძაღლები – გაი და ბოგარტი, რომლებიც მუდმივად ჩნდებიან მარკლის Instagram-ზე, რის გამოც თავადაც ქსელის ვარსკვლავებად იქცნენ.

მარკლის დედა აფროამერიკელი დორია რეგლენდია. ახალგაზრდობაში ის ვიზაჟისტად მუშაობდა და ქმარი გადასაღებ მოედანზე გაიცნო. თომას მარკლი ბევრ ფილმსა და სერიალზე გამნათებლად მუშაობდა. ქორწილიდან ორ წელიწადში მათ მეგანი შეეძინათ, თუმცა ორი წლის შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ და მეგობრებად დარჩნენ. მეგანი იხსნებს, რომ მშობლები არასდროს ჩხუბობდნენ და მამას ის ხშირად დაჰყავდა გადაღებებზე. მარკლი ყოველთვის ხაზს უსვამდა იმას, რომ მისი ფესვები სხვადასხვა კულტურაშია, რაც მისი იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილია.

18 წლის მარკლმა ილინოისის უნივერსიტეტში თეატრის და საერთაშორისო ურთიერთობების კურსზე ჩააბარა. კარიერის დასაწყისში, სხვა დამწყები მსახიობების მსგავსად, ბევრს მუშაობდა: სწავლობდა კალიგრაფიას და შეკვეთით მისალოც ბარათებს ამზადებდა, მუშაობდა რესტორანში მიმტანად… პირველად გადაღებებში მონაწილეობა 2000-იანი წლების დასაწყისში დაიწყო, მაშინვე გაიცნო ჰოლივუდელი აგენტი და პროდიუსერი ტრევორ ენგელსონი. 2011 წელს ისინი დაქორწინდნენ, მაგრამ ორ წელიწადში დაშორდნენ. მიზეზი მარკლის სერიალ Suits-ში მონაწილეობა გახდა. მას გადაღებების გამო ტორონტოში მოუწია საცხოვრებლად გადასვლა და წყვილი შორ მანძილზე ურთიერთობებს ვერ გაუმკლავდა.

მართალია, რომ დედოფალი წყვილის დაქორწინების წინააღმდეგი იყო?

მეგანის და ჰარის ქორწინებამდე დიდი ბრიტანეთის ისტორიაში სამეფო ოჯახის წევრი ამერიკელზე, თანაც განქორწინებულზე, მხოლოდ ერთხელ დაქორწინდა – ეს ედუარდ VIII იყო, რომელიც 1936 წელს მხოლოდ ათ თვეს მეფობდა, აშშ-ის მოქალაქე უოლის სიმფსონზე იყო შეყვარებული და ტახტზე უარი სწორედ მის გამო თქვა. მას რომ მეფობის დროს მაინც გადაეწყვიტა განქორწინებული ქალის ცოლად მოყვანა, ანგლიკანური ეკლესიის წინააღმდეგ წავიდოდა, რომელიც მაშინ განქორწინებას არ აღიარებდა.

1772 წლის კანონით, ბრიტანელმა მონარქმა თანხმობა უნდა მისცეს, ან არ მისცეს სამეფო ოჯახის ყველა იმ წევრს ქორწინებაზე, რომლებიც რაიმენაირად ტახტის პრეტენდენტები არიან. მარკლის ბიოგრაფიას, ასევე იმას, რომ მისი დედა აფროამერიკელია, ბრიტანული ტაბლოიდები ასახელებდნენ მიზეზებად, რის გამოც ელისაბედ მეორე პრინც ჰარის არჩევანით უკმაყოფილო უნდა ყოფილიყო, თუმცა ამის დამადასტურებელი არანაირი ფაქტი არ არსებობს.

პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა 8 იანვარს გაავრცელეს განცხადება იმის შესახებ, რომ სამეფო ოჯახის მაღალი რანგის წევრების სტატუსს ტოვებენ, ფინანსური დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად მუშაობას აპირებენ, ცხოვრებას კი დიდ ბრიტანეთთან ერთად კანადაში გააგრძელებენ.

13 იანვარს საოჯახო თათბირი  გაიმართა, რომლის შემდეგ დედოფლის განცხადება გავრცელდა. ელისაბედ მეორემ მხარდაჭერა გამოუცხადა პრინც ჰარისა და მის მეუღლეს.

მომზადებულის imedinews.ge-ს მასალების მიხედვით

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close