რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი სერგეი ლავროვი ფლობს უძრავ ქონებას, რომელიც 600 მილიონ რუბლად (10 მილიონი დოლარი) არის შეფასბული, ამტკიცებს გამოცემა THE INSIDER-ი. ეს ბევრად მეტია, ვიდრე მისი შემოსავალი. თუ ვივარაუდებთ, რომ ქონება მან საბაზრო ფასებში შეიძინა, მის შესასყიდად მინისტრის 120 წლის ხელფასი იქნებოდა საჭირო.
ლავროვი 16 წელია რუსეთის საგარეო უწყებას ხელმძღვანელობს. The Insider-ის თანახმად, მას ეკუთვნის სამსართულიანი სახლი, რომლის ფართობი 499 კვადრატული მეტრია, თავისი მიწით სოფელ ჟუკოვკაში, რიუბლოვო-უსპენსკის მაგისტრალზე.
იქ ადრე სახელმწიფო აგარაკები იყო და ახლა მოსკოვის გარეუბნის ყველაზე ძვირი არეალია. The Insider-ის შეფასებით, მხოლოდ ეს სახლი შეიძლება ღირდეს 300 მილიონი რუბლი (5 მილიონი დოლარი).
გამოცემამ ასევე მიაგნო ლავროვის სხვა, 247 კვ. მეტრი ფართობის ბინას მოსკოვის ცენტრში, პუშკინის სახელობის მეტროს სადგურთან. ამ ბინის საბაზრო ფასიც 300 მილიონი რუბლია (5 მილიონი დოლარი).
ბინა ლავროვს აჩუქა შვილმა, ეკატერინა ლავროვამ, რომელიც ბინის მესაკუთრე მის წინა მფლობელთან საცხოვრებლის გაცვლის შედეგად გახდა. ლავროვის ქალიშვილი ბიზნესით არასოდეს ყოფილა დაკავებული.
თვითონ ლავროვს ამ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
რუსეთის პრემიერის, დმიტრი მედვედევის გადადგომის შემდეგ, რუსეთის მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე, სერგეი ლავროვი საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელია.
radiotavisupleba.ge
კომენტარები