როგორ გადააყენეს აფხაზებმა რაულ ხაჯიმბა – ფაქტების ქრონოლოგია
სეპარატისტულ აფხაზეთში მომიტინგეებმა დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას ადმინისტრაცია დაიპყრეს. სამ დღეში ის თანამდებობიდან გადადგა.
2019 წლის 8 სექტემბერი
საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, აფხაზეთში, ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. გაიმარჯვა მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ. მან ხმების 47,4% მოაგროვა, მისმა ოპონენტმა, ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ ლიდერმა ალხას კვიცინიამ კი – ხმათა 46,2%. ეგრეთ წოდებული ოპოზიცია „არჩევნების“ შედეგებს არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ ხმათა 50%-ზე მეტი არცერთ კანდიდატს მიუღია, როგორც ამას „კანონი“ მოითხოვს.
2020 წლის 9 იანვარი
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სოხუმში შტურმით აიღეს დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაცია. მათ რაულ ხაჯიმბას გადადგომა მოითხოვეს. ეგრეთ წოდებულმა პარლამენტმა ხაჯიმბას ანალოგიური თხოვნით მიმართა და მოწოდება აფხაზეთში სტაბილურობის შენარჩუნების აუცილებლობით ახსნა. ხაჯიმბამ გადადგომაზე უარი თქვა და „ოპოზიცია“ მოლაპარაკების მაგიდასთან მიიწვია. არაღიარებული რეგიონის „პრეზიდენტის“ ადმინისტრაციამ მიმდინარე მოვლენები გადატრიალების მცდელობად შეაფასა.
10 იანვარი
სოხუმის ეგრეთ წოდებულმა პროკურატურამ მასობრივი არეულობის, პროტესტის და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის სასახლის დაპყრობის საქმეზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ხაჯიმბას გარემოცვაში განაცხადეს, რომ შენობის შტურმში მონაწილეობდნენ უკრაინელები დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკიდან.
11 იანვარი
აფხაზეთის დე ფაქტო უმაღლესმა სასამართლომ ეგრეთ წოდებული „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტურში რაულ ხაჯიმბას გამარჯვება უკანონოდ ცნო. ამგვარად, მან დააკმაყოფილა ალხას კვიცინიას სარჩელი, რომელიც „არჩევნებში“ ხაჯიმბას 1,2%-ით ჩამორჩა. ხაჯიმბას პრესსამსახურში დე ფაქტო სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონო უწოდეს და განაცხადეს, რომ ვერდიქტს გაასაჩივრებენ.
12 იანვარი
დილა
სეპარატისტული აფხაზეთის ეგრეთ წოდებული ოპოზიცია მეოთხე დღეა გამაგრებულია ხაჯიმბას „ადმინისტრაციის“ შენობაში. „ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ“ ხელახალი „საპრეზიდენტო არჩევნები“ 2020 წლის 22 მარტისთვის დანიშნა. დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამ გადაწყვეტილებასაც არ დაეთანხმა.
საღამო
სოხუმში კრიზისის დასარეგულრებლად რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი ჩავიდა. სურკოვი სეპარატისტულ აფხაზეთს კურირებს. გარდა სურკოვისა, არაღიარებულ რეგიონში არის რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი.
ოდნავ მოგვიანებით
რამდენიმე ასეულმა ეგრეთ წოდებულმა ოპოზიციონერმა რაულ ხაჯიმბას „ადმინისტრაციის“ შენობა დატოვა და მისი „რეზიდენციისკენ“ გაემართა. აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ახრა ავიძბამ განაცხადა, რომ მომიტინგეები დაიძრნენ „რეზიდენციისკენ“ იმისთვის, რომ ხაჯიმბასგან გადადგომის შესახებ პასუხი მოისმინონ.
კიდევ ოდნავ მოგვიანებით
რაულ ხაჯიმბამ დე ფაქტო პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა. კითხვაზე, მიიღებს თუ არა მონაწილეობას ეგრეთ წოდებულ რიგგარეშე არჩევნებში, მან თქვა: „ცხოვრება გვიჩვენებს“.
imedinews.ge
კომენტარები