ბელარუსში ორ ძმას მასწავლებლის მკვლელობისთვის სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს
ბელარუსში მოგილევსკის ოლქის სასამართლომ 21 და 19 წლის ძმებს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობისთვის სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. საქმე თავად ალექსანდრ ლუკაშენკოს პირად კონტროლზე ჰქონდა აყვანილი.
ილია და სტანისლავ კოსცევებს ბრალი მასწავლებლის, 47 წლის ნატალი კოსტრეს განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ედებათ.
სასამართლოს მასალების მიხედვით ირკვევა, რომ მკვლელობის მოტივი ძმების განაწყენება გახდა: მეზობლად მცხოვრებმა მასწავლებელმა ბრალდებულების დას 4 შვილის არასათანადო მოვლის გამო მეურვეობის ორგანოებში უჩივლა.
2019 წლის 9 აპრილს ძმები დათვრნენ და გადაწყვიტეს შური ეძიათ: მივიდნენ მეზობელთან, მთელი ღამის განმავლობაში სცემდნენ – ჯერ ხელები და ფეხები ურტყეს, შემდეგ სამზარეულოში ნაპოვნი 2 დანით მომაკვდავს 155 ჭრილობა მიაყენეს და გაიქცნენ. მეორე დღეს ისინი ისევ მთვრალები დაბრუნდნენ, მოიპარეს კომპიუტერი და კვალის დაფარვის მიზნით სახლი გადაწვეს.
ბელარუსში ეს 2020 წელს პირველი სასიკვდილო განაჩენია. გასულ წელს ქვეყანაში 3 სიკვდილმისჯილი დახვრიტეს.
ბელარუსი ევროპის ერთადერთი სახელმწიფოა, სადაც სიკვდილით დასჯა მოქმედებს. როგორც პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, სიკვდილით დასჯა ქვეყანაში მხოლოდ რეფერენდუმის გზით გაუქმდება.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები