საზოგადოებასაქართველო

ჭიათურაში 30 წლის ქალი დაუდგენელი ვირუსული ინფექციისგან გარდაიცვალა

ჭიათურის მუნიციპალიტეტში 30 წლამდე ასაკის ქალი გარდაიცვალა. ადგილზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი მწვავე ვირუსული ინფექცია გახდა, თუმცა დაავადებათა კონტროლის ცენტრში აღნიშნული პაციენტის შემთხვევაში სეზონურ გრიპს არ ადასტურებენ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ჭიათურაში გარდაცვლილ 30 წლის ქალს, წინასწარი დიაგნოზის თანახმად, დაუდგენელი ეტიოლოგიის ვირუსული ინფექცია ჰქონდა.

„სამწუხაროდ, ვერ მოესწრო სინჯის აღება და არ არის ვირუსოლოგიური კვლევები ჩატარებული. მოკვლევა გრძელდება. გვაქვს წინასწარი ინფორმაცია, ადგილი ჰქონდა მაღალ ცხელებას, დროულად იყო სასწრაფო გამოძახებული. ქალი კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ განვითარდა სწრაფი, ელვისებური ფორმა. ეს იყო მაღალი ცხელებით მიმდინარე დაავადება.

ცხელება ახასიათებს გრიპს, ახასიათებს კიდევ ძალიან ბევრ დაავადებას. წინასწარი კლინიკური დიაგნოზი გახლავთ დაუდგენელი ეტიოლოგიის ვირუსული ინფექცია“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

კითხვაზე, იკვეთება თუ არა მომხდარში სასწრაფო დახმარების ბრალეულობა, გამყრელიძე ამბობს, რომ მოკვლევა გრძელდება და კითხვას ამის შემდეგ გაეცემა პასუხი.

„ჩვენ საათობრივი ინფორმაცია გვაქვს, მაგრამ სანამ მოკვლევა დასრულდება, ამაზე ვერ ვისაუბრებთ. მას გაეწია დახმარება, როგორც ბინაზე, შემდეგ მეორე გამოძახებაზე გადაყვანილი იყო“, – განმარტა ამირან გამყრელიძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი ჭიათურაში „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში ვირუსული სიმპტომებით გადაიყვანეს.

როგორც ექიმები ამბობენ, პაციენტი კლინიკაში 7 იანვარს შეიყვანეს. იგი სტაციონარში მოთავსებიდან საათ-ნახევარში გარდაიცვალა.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close