fbpx
ქართველები უცხოეთშიხელოვნებაინტერვიუ

ჯორჯ გურენი: „ყოველთვის მაქვს ამბიცია, ვიყო გლობალური მომღერალი“

GEORGE GUREN ამ ფსევდონიმით არის ცნობილი ქართველი მომღერალი გიორგი გურგენაშვილი, რომელიც საბერძნეთში მოღვაწეობს.

ჯორჯ გურენი საქართველოში დაიბადა და გაიზარდა. იგი თესალონიკში საცხოვრებლად დედასთან ერთად ჩავიდა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ. მან საბერძნეთში უმაღლესი განათლება მიიღო ტურიზმის, თეატრის და მუსიკის სფეროებში.

ბოლო რამდენიმე წელია მომღერალი საბერძნეთში ცხოვრობს და სიმღერებს წერს, მართავს კონცერტებს და ატარებს ვოკალის გაკვეთილებს ცნობილ ვოკალისტთან და ვოკალის პედაგოგთან, ჯული მასინოსთან ერთად.

გთავაზობთ ინტერვიუს ჯორჯ გურენთან.

გამარჯობა! რატომ გადაწყვიტე საქართველოდან საბერძნეთში წასვლა და მუსიკალური კარიერის იქ დაწყება?

მე იმ ასაკში წავედი საქართველოდან, როდესაც 13 წლის ბავშვი ვიყავი. ამ დროს ვერანაირად ვერ ვიფიქრებდი მუსიკალური კარიერის დაწყებას, ამავდროულად, მინდა გითხრათ, რომ რაც უფრო ვიზრდებოდი, მით უფრო ვხედავდი ჩემს თავს, როგორც შემდგარ მომღერალს. ეს კი საბერძნეთში გარკვეულმა გარემოებებმა განაპირობა. უდიდესი სიხარულია, როდესაც პროფესიონალი ადამიანებით არის შემდგარი მთლიანი შემოქმედებითი ჯგუფი და ამან, რა თქმა უნდა, უფრო გამიმარტივა სვლა მუსიკალური კარიერისკენ.

ბევრი ქართველი მომღერალი, როდესაც სხვა ქვეყანაში მიდის, ადგილობრივ კონკურსებში მონაწილეობს. როგორ მოხდა შენს შემთხვევაში?

ჩემს შემთხვევაში მხილოდ ერთხელ გავრისკე გასვლა ბერძნულ „იქს ფაქტორში“, მაინტერესებდა გამოცდილება და, რაღა თქმა უნდა, მოგება! როდესაც გავედი ბერძნულ „იქს ფაქტორში“, ყურადღება მიიქცია ჩემმა განსხვავებულმა ხმის ტემბრმა და, ასევე, ეპატაჟურმა იმიჯმა.

მახსოვს, ქასთინგზე „იქს ფაქტორის“ მთავარი პროდიუსერი ჩამოვიდა, საუბარი ძალიან ნაყოფიერი გამოდგა… რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც უკვე „იქს ფაქტორი“ არ იყო გასული ტელევიზიის საშუალებით და უნდა დაწყებულიყო, მე უკვე ტელევიზიაში გასვლამდე 3 ლაივი გადავლახე წარმატებით. აი, ზუსტად მეოთხე ლაივის გასვლის დროს ძალიან გამიმართლა – აღმომაჩინა ჩემმა მენეჯერმა დაიანამ, სადაც უკვე მოხდა უდიდეს კომპანიასთან თანამშრომლობა. ამან „იქს ფაქტორზე“ უარი მათქმევინა, დავტოვე და რამდენიმე კვირაში უკვე ჩემი პირველი სიმღერა ჩავწერეთ, სახელწოდებით „Younger“.

შენს ბოლო სიმღერას “I’m defenseless” დიდი გამოხმაურება მოჰყვა საქართველოშიც. როგორი გრძნობაა ეს შენთვის, როდესაც შენი ქვეყნისგან შორს სხვა ქვეყანაში ქმნი მუსიკას?

პირველ რიგში, ძალიან გამიხარდა, ასეთი დიდი სიყვარული და გამოხმაურება რომ მივიღე ჩემი ქვეყნისგან. უღრმესი მადლობა თითოეულ ადამიანს ჩემი შემოქმედების შეფასებისათვის. ჩემთვის დიდი გრძნობაა, როდესაც უცხოეთში გავიზარდე, აქ დავამთავრე სკოლა, კოლეჯი და ასე შემდეგ, ბევრი მუსიკალური გამოცდილება მაქვს მიღებული ბერძნული შოუბიზნესიდან, ასევე ამერიკელი coach-ისგან, რომელიც ძალიან დამეხმარა ჩემი ახალი სიმღერის შექმნაში; პროდუქტი სრულიად გათვლილია ევროპის და ამერიკის ბაზრისთვის, თუმცა აღმოჩნდა, რომ ჩემი ქვეყნისთვისაც ყოფილა გათვლილი. ძალიან მიხარია, რომ ჩემი შემოქმედება ჩემმა ქვეყანამ დააფასა.

შენს ბოლო სიმღერას სხვადასხვა უცხოური გამოცემა გამოეხმაურა, მათ შორის, ისეთებიც, რომლებიც ევროვიზიის სიმღერის კონკურსს აშუქებენ. რა რეაქცია გქონდა და ფიქრობ თუ არა ამ კონკურსში მონაწილეობაზე?

ჩემთვის სასიხარულოა, როდესაც სხვადასხვა ქვეყნის გამოცემები წერენ და აშუქებენ ჩემს შემოქმედებას, როგორიცაა: დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, გერმანია, ირლანდია, საბერძნეთი, აზერბაიჯანი და ასე შემდეგ. გამოეხმაურა ასევე ევროვიზიის კომიტეტი, უამრავი სტატია იწერებოდა იმის შესახებ, თუ რომელი ქვეყნის სახელით უნდა წარვმდგარიყავი. მიკავშირდებოდნენ და, არ ვიცი, საიდან გაჟღერდა ეს ინფორმაცია, რომ მე ევროვიზიაზე უნდა წარვადგინო რომელიმე ქვეყანა, თუმცა ჩემს ახალ სიმღერას ამხელა გამოხმაურება რომ მოჰყვა, ძალიან სასიხარულოა. რაც შეეხება ევროვიზიას, რატომაც არა, მე ძალიან მომწონს ეს კონკურსი და მიზიდავს დიდი გამოწვევები.

ბევრმა ჩვენმა მკითხველმა აღნიშნა, რომ შენი მუსიკალური სტილი „რამშტაინს“ აგონებს. ამაზე რას იტყვი?

დიახ, ნამდვილად ბევრი მამსგავსებს „რამშტაინს“, თუმცა ჩემი სტილი, რასაც ვმღერი, არ არსებობდა – ფაქტობრივად, მე და ჩემმა შემოქმედებითმა ჯგუფმა შევქმენით, რისი დამკვიდრებაც უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა მსმენელმა ისე მიიღო, თითქოს ამ ახალ ჟანრს დიდი ხანია უკვე უსმენენ.

როგორია შენი მომავალი გეგმები მუსიკის სფეროში?

აუცილებლად მასშტაბური, როგორც ჩემი პირველი ვიდეოკლიპის შემთხვევაში მოხდა. ყოველთვის მაქვს ამბიცია, ვიყო გლობალური მომღერალი. ასევე ვიმღერებ გლობალურ ფესტივალზე, რომელიც გაიმართება კუნძულ ზაკინთოზე. უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც ვოკალისტი მონაწილეობს დიჯეებთან ერთად ასეთ გლობალურ ღონისძიებაზე, აქ იქნებიან ცნობილი დიჯეები, როგორებიც არიან: მარტინ გარიქსი, გუს გუსი და ასე შემდეგ…

წარმატებებს გისურვებ!

ესაუბრა რეზო მამსიკაშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close