ვინ იყო ქალი, რომელმაც განსასვენებელი ათონის მთაზე პოვა? – უჩვეულო არქეოლოგიური აღმოჩენა
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ათონის მთაზე სუსტი სქესის წარმომადგენელთათვის არათუ ფეხის დადგმა, არამედ შორიდან თვალის შევლებაც კი იკრძალება. როგორც ჩანს, ეს მითი „იმსხვრევა“.
საქმე ისაა, რომ წმინდა ათანასე ათონელის ტაძრის სამლოცველოს მარმარილოს იატაკის ქვეშ, სადაც წარსულში ათონის მთაზე მდებარე პანტოკრატორის ტაძრის სასაფლაო იყო, აღდგენითი სამუშაოების მსვლელობისას დაახლოებით შვიდი ადამიანის ძვლები აღმოჩნდა, მათ შორის, რამდენიმე ძვალი (წინა მხრის, ტანის და ფეხის) მორფოლოგიურად ძლიერ განსხვავდება დანარჩენი ძვლებისგან და, წინასწარი შეფასებით, ქალს უნდა ეკუთვნოდეს.
Female bones discovered in strictly male monastic community of Mount Athos https://t.co/TsXVUrbkMu pic.twitter.com/JYNnhZZQRu
— Greekcitytimes (@greekcitytimes) December 17, 2019
ვიდრე რადიონახშირბადის მეთოდით მათი გამოკვლევა დასრულდება, იქ მცხოვრებთა უძველეს მონაცემებზე დაყრდნობით, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ეს არის გლეხური წარმოშობის მშენებლის, ბარბელოსისის მეუღლის, სტანასას ძვლები. გარდა ხელობისა, ბარბელოსისი აქ ბერად იყო შემდგარი სამ ვაჟიშვილთან ერთად.
„გამოკვლევების შედეგი თუ დაადასტურებს, რომ ძვლები ქალს ეკუთვნის, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა მანდილოსანმა უკანასკნელი განსასვენებელი ათონის მთაზე პოვა“, – აცხადებს არქიტექტორი ფედონ ხაძიანდონიუ, რომელიც ზემოაღნიშნული ტაძრის აღდგენას ახორციელებს. მისივე თქმით, იყო შემთხვევები, როცა მეკობრეთა თავდასხმის დროს ბერები ქალებსა და ბავშვებს იფარებდნენ. არსებობს ლეგენდაც, რომ ათონის მთას ერთ-ერთი სერბი მეფე სწვევია მეუღლესთან ერთად; ქალი ხელში აყვანილი გადაჰყავდათ ერთი ადგილიდან მეორეზე, ტაძარში კი ხალიჩებს აფენდნენ, რომ მისი ფეხი იატაკს არ შეხებოდა.
რაც შეეხება დღევანდელ აღმოჩენას, ამერიკელი ანთროპოლოგის, ლაურა ვინ-ანტიკასის (Laura Wynn-Antikas) თქმით, რომელიც აღმოჩენილი ძვლების გამოსაკვლევად მიიწვიეს, სამლოცველოში გადმოსვენებული შვიდი ადამიანი მონასტრისთვის მნიშვნელოვანი პირები უნდა ყოფილიყვნენ, სხვა შემთხვევაში მათ ძვლებს ამ ადგილას არ გადმოასვენებდნენ.
აღმოჩენილი ძვლები რადიონახშირბადით კვლევის ცენტრ „დიმოკრიტოსში“ გადაიტანეს, სადაც მათ „ისტორიულ“ ასაკს დაადგენენ და გენეტიკურ გამოკვლევას ჩაატარებენ გენდერული კუთვნილების დასადგენად. ცენტრის მეცნიერის, იანის მანისტისის თქმით, პროცესს სამი თვე სჭირდება, ასე რომ, ზუსტი პასუხი დაახლოებით მარტისთვის გახდება ცნობილი.
ია თულაშვილი
კომენტარები