მსოფლიოსაზოგადოება

სტამბოლის საავადმყოფოში წაკითხული „ვეფხისტყაოსანი“, რომელმაც პაციენტს ტკივილი დაავიწყა (ვიდეო)

ორჰან ბერიძე საქართველოდან თურქეთში გადასახლებული მეოთხე თაობის ქართველია – მისი დიდი წინაპრები აჭარიდან იყვნენ. მან მშობლიური ენა 45 წლის ასაკში შეისწავლა, ზეპირად იცის „ვეფხისტყაოსნის“ უამრავი თავი და გენიალურ ქართულ პოემას თურქეთში მცხოვრებ ქართველობასაც აცნობს.

ორჰან ბერიძე ქალაქ სტამბოლში შოთა რუსთაველის სახელობის ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელია. კულტურის ცენტრში 30 ენაზე თარგმნილი „ვეფხისტყაოსანი“ აქვთ და ახალ-ახალი თარგმანებით მუდმივად ამდიდრებენ. აქვთ ქართული ბიბლიოთეკა და ატარებენ კულტურულ ღონისძიებებს და შეხვედრებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.

ორჰან ბერიძე საკუთარ ფეიბუქგვერდზე წერილს აქვეყნებს – მოგონებას სათაურით „საავადმყოფოში ვეფხისტყაოსანი წავიკითხე“, სადაც იხსენებს, როგორ გადაავიწყა ოპერაციის წინ მის მიერ წაკითხულმა პოემამ ავადმყოფს ტკივილი.

„2017 წელს სტამბოლის შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრის წევრმა, საკვირაო კურსის მასწავლებელმა, ქალბატონმა მერი დიასამიძემ ფილტვის ოპერაცია გაიკეთა. მე იმ პერიოდში „ვეფხისტყაოსნიდან“ ათ კუპლეტიან „მბობა ტარიელისგან ლომ-ვეფხის დახოცისა“ თავზე ვმუშაობდი. ოპერაციის შემდეგ, ბატონი მუსტაფა იელქენჯი (გიორგი დიასამიძე), მერის ვაჟიშვილი გენრი გოგუაძე და ქალბატონი ჰავა აიდინი ქალბატონი მერის ოთახში ვიყავით. მე ლექსის კითხვა დავიწყე. გენრი გაოცებული მომაჩერდა. მეგობრებმა მითხრეს, რომ უხერხულია აქ ავადმყოფი ტკვილებზე ჯავრობს და შენ რას შობიო. ქალბატონმა მერიმ გაიგონა მეგობრების ნათქვამი და უთხრა მათ: – დატოვეთ თავისუფლად ბატონი ორჰანი. ბატონო ორჰან, გთხოვ ხმამაღლა წაიკითხე!

მე დავიწყე ხმამაღლა: „…რა წამეკიდა კვალაი წვრილად გიამბო ენითა …“

ლექსი როცა დავამთავრე, თქვენ უნდა გენახათ გაოგნებული გენრი, ის დედას მიაჩერდა. მერიმ მას უთხრა:

– შვილო, ეს მხოლოდ დასაწყისია, დღეს მას უკვე ვეღარ გავაჩერებთ.

ჯიბიდან სხვა ფურცელი ამოვიღე და გავაგრძელე. ფურცელს ფურცელი მოჰყვა და ჯიბეც დაცარიელდა.

გენრისკენ გავიხედე, სახე უღიმოდა, ალბათ ფიქრობდა, გვეშველაო.

იქვე მერის ხმა: – მხოლოდ ერთ ჯიბეში დაილია, შვილო, და ღიმილით გახედა მას.

წაკითხული ფურცლები ჯიბეში ჩავალაგე და მეორე ჯიბედან ახალი ფურცელი ამოვიღე. სადღაც ერთ საათზე მეტი ვკითხულობდი ხმამაღლა „ვეფხისტყაოსნის“ სტროფებს.

კარებთან ექთნები და ავადმყოფები მოგროვილიყვნენ, გაკვირვებულები მიყურებდნენ.

– ჩვენთვის, ქართველებისთვის, ძალიან ძვირფასია ეს ლექსი, იმდენად ძვირფასი, რომ ოპერაციაც კი ხელს ვერ შეგვიშლის მის მოსმენაში, – აუხსნა მათ მერიმ.

ყველა ღიმილით გვემშვიდობებოდა.

მძიმე დღის ლამაზი დასასრული გამოვიდა და მე ბედნიერი ვიყავი, რომ მერის იმ ერთი საათის განმავლობაში ტკივილები გადაავიწყდა“.

ორჰან ბერიძე კითხულობს „ვეფხისტყაოსნიდან“„მბობა ტარიელისგან ლომ-ვეფხის დახოცისა“.

kartuli.kvira.ge

ამავე თემაზე: ორჰან ბერიძე – თურქეთში მცხოვრები მე-4 თაობის ქართველი, რომელიც თურქეთში ქართული საქმისთვის იღვწის

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close