ქართველები უცხოეთშიინტერვიუ

ორჰან ბერიძე – თურქეთში მცხოვრები მე-4 თაობის ქართველი, რომელიც თურქეთში ქართული საქმისთვის იღვწის

„ჩვენ, თურქეთელი თქვენებურ-ჩვენებურები, თქვენ აქაური ქართველები, ერთმანეთს სიყვარულის სუფთა წყაროს წყალს უნდა ვალევინებდეთ და ჩვენი დიდი მონატრების წყურვილს ამით უნდა ვკლავდეთ… აბა, სად გაგონილა, ძმამ ძმას საწამლავი დაალევინოს?!..  ჩვენ ხომ ქართველები ვართ!!! ჩვენ ვართ ერთი სისხლი და ხორცი!“ – ეს ემოციური მოწოდება სტამბოლელ ორჰან ბერიძეს ეკუთვნის. მამით ქართველმა, იმის გამო, რომ დედა ქართველი არ ჰყავდა, ქართული პატარაობისას ვერ ისწავლა, თუმცა უკვე სოლიდურ ასაკში – 45 წლისამ შეძლო ამ სურვილის ასრულება და ახლა თავად ასწავლის თურქეთში მცხოვრებ ქართველებს წინაპრების ენას და „ვეფხისტყაოსნის“ და, ზოგადად, ქართული კულტურის პოპულარიზაციას ეწევა.

ბატონო ორჰან, მოგვიყევით თქვენი ამბავი, სად დაიბადეთ, როგორ ცხოვრობდით და როგორ ისწავლეთ ქართული?

დავიბადე თურქეთის შავიზღვისპირა ქალაქ გირესუნში. 25 წლის შემდეგ გადმოვედი სტამბოლში და სტამბოლში ვცხოვრობ. 12 წლამდე ქართულ სოფელში გავიზარდე, მაგრამ დედა ქართველი არ მყავდა და რამდენიმე სიტყვის გარდა ქართული არ ვიცოდი. მამაჩემმა კი 15 წლის რომ გახდა, მერე ისწავლა თურქული, მამაჩემისთვის თურქული უცხო ენა იყო და მეზობლებთან და ნათესავებთან სულ ქართულად საუბრობდა.

სტამბოლში 2005 წელს დავაფუძნეთ ქართული სახელით ასოციაცია, ეს იყო თურქეთში საქართველოსთან დაკავშირებული სახელით პირველი ასოციაცია. მერე 2006 წელს გავხსენი საკვირაო ქართული კურსები და მე მაშინ ვისწავლე, 45 წლის ასაკში, ქართული. იმის მერე მაქვს საქართველოსთან და ქართულ კულტურასთან კავშირი.

ძალიან მახარებს ისიც, რომ საქართველო ჩემი ამჟამინდელი სამშობლოს – თურქეთის კეთილი მეზობელი და მეგობარი ქვეყანაა. მჯერა, რომ კავშირები საქართველოსა და თურქეთს და მსოფლიოში მცხოვრებ ქართულ საზოგადოებებს შორის კიდევ უფრო განმტკიცდება და ჩვენი ასე კეთილშობილური ურთიერთობები თავის წვლილს შეიტანს ამ კეთილშობილურ საქმეში. ჩვენ, თურქეთში მცხოვრები ქართველები, საქართველოსა და ქართველი ხალხის მეგობრები, ნათესავები ვართ. ჩვენ, თურქეთელი თქვენებურ-ჩვენებურები, თქვენ, აქაური ქართველები, ერთმანეთს სიყვარულის სუფთა წყაროს წყალს უნდა ვალევინებდეთ და ჩვენი დიდი მონატრების წყურვილს ამით უნდა ვკლავდეთ… აბა, სად გაგონილა, ძმამ ძმას საწამლავი დაალევინოს?!..  ჩვენ ხომ ქართველები ვართ!!! ჩვენ ვართ ერთი სისხლი და ხორცი!

სად მუშაობდით და ამჟამად რას საქმიანობთ?

25 წელი სტამბოლის მერიაში ვიმუშავე, ახლა კი ქართულის მთარგმნელი ვარ. მყავს მეუღლე და 3 შვილი, ტყუპი ქალიშვილები და ერთი ბიჭი.

თქვენი ოჯახის წევრებმა თუ იციან ქართული?

ცოლი ქართველი არ მყავს. იციან ცოტა საუბარი ქართულად, ბიჭს კი ქართულად კითხვა-წერა ვასწავლე. ლექსებსაც კითხულობს ქართულს.

თქვენი წინაპრები როდის მოხვდნენ თურქეთში?

ბაბუა გადმოსულა საქართველოდან თურქეთში მუჰაჯირად. მე მე-4 თავობა ვარ.

რადგან თურქეთში დაიბადეთ, საქართველოსგან შორს ყოფნა არ იქნებოდა თქვენთვის რთული…

თურქეთი ჩემი სამშობლოა, მაგრამ საქართველო კი მშობლიური სამშობლოა და ძალიან მიყვარს. არ მინდა, რომ ჩემი ქართული კულტურა დაიკარგოს აქ. მე 10 თვის წინათ სასამართლოში განცხადება შევიტანე და თურქეთის სასამართლომ პირველ პროცესში ჩემი გვარი – ბ ე რ ი ძ ე დამიბრუნა. ეთნიკურობასთნ აქ არანაირი პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ ისე თუ ასე, ქართული ენა და კულტურა აქ იკარგება და ამაზე ვმუშაობთ ჩვენ, რომ არ დაიკარგოს.

თავისუფალ დროს რამდენად ხშირად გამონახავთ ხოლმე და ამ დროს რით ხართ დაკავებული?

მე საერთოდ თავისუფალი დრო არ მაქვს. სულ ქართულ საზოგადოებაში ვარ და ძალიან მიყვარს ქართული კულტურა და საქართველო.

რას ეტყოდით საქართველოს და ქართველ ემიგრანტებს?

ერთმა მეგობარმა ფეისბუქში ჩემთვის ასე მომწერა: „ადამიანს საქართველო ისე მოენატრა, რომ მაღალი მთიდან არწივისებურად გადახედა. მას საქართველო ისე მოენატრა, როგორც არწივს – მთა!“

საქართველო მარტო ორ ზღვას შუა მოქცეული ტერიტორია კი არ არის, საქართველო ყველგან, ყველა ქვეყანაში, სადაც ქართველები ცხოვრობენ, ყველას დედასამშობლოა! სადაც ქართველები ცხოვრობენ, საქართველოს საზღვარი, დიახ, ზუსტად იქედან იწყება. ძალა ერთობაშია! ჩვენ, თურქეთში მცხოვრები ქართველები, ახლანდელი სამშობლოს – თურქეთისთვის და მშობლიური მემლექეთის, სამშობლოს – საქართველოსთვის, ისტორიის წინაშე, პასუხისმგებლები ვართ. ორი ქვეყნის მეგობრობისათვის მეგობრობის ხიდივით უნდა დავდგეთ. თურქეთის ტერიტორიის ორ მესამედზე მეტ ქალაქში მუჰაჯირი ქართველები ცხოვრობენ. თურქეთში მცხოვრები ქართველები მუდმივად თვალს ვადევნებთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ქართველ და-ძმებთან ერთად გვახარებს მიღწეული წარმატებები და გულს გვტკენს ჯერ კიდევ არსებული პრობლემები.

რაც შეეხება საქართველოს მომავალს, ძალიან იმედიანად ვართ, რომ საქართველო საბოლოოდ ჩამოყალიბდება, როგორც ერთიანი, ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფო. დიდად გვახარებს ბოლო წლებში საქართველოსა და მსოფლიოში მცხოვრები ქართველი თანამემამულეების თურქეთში მცხოვრებ ჩვენებურ ქართველებთან ურთიერთობა. გვსურს ჩვენი გარკვეული წვლილი შევიტანოთ საქართველოს აღმშენებლობის საქმეში.

ჩვენ ვართ ერთი ოჯახი! ასევე გვსურს, საქართველო ეკონომიკურად, დემოკრატიურად გაძლიერდეს. შვეიცარიასავით, მსოფლიოს ფინანსური ცენტრი იყოს საქართველოც. ქართველები, ისტორიულად, ძალიან ნიჭიერ და შემოქმედ ხალხად ვითვლებოდით და ასეა დღესაც. ჩვენში ხომ ქართული სისხლი და გენია, საქართველოს სიყვარულს ყოველთვის გულით ვატარებთ. მე ნამდვილად მეამაყება, რომ ამ პატარა, მაგრამ ძალიან განსაკუთრებული ხალხის შვილი ვარ. ქართველობა ჩვენი ქოლგაა! მე ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ „ვეფხისტყაოსანს“.

დიახ, ვიცი, რომ „ვეფხისტყაოსანთან“ განსაკუთრებული დამოკიდებულება გაქვთ. დუზჯეს უნივერსიტეტში 2016 წელს გამართულ შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეზე სიტყვით გამოხვედით, ისაუბრეთ „ვეფხისტყაოსნის“ მნიშვნელობაზე  და შემდეგ „ავთანდილის ანდერძი“ წაუკითხეთ ზეპირად დამსწრე საზოგადოებას.

მე ვარ ჩემს 15 წლის ვაჟთან ერთად რუსთაველის გამაცოცხლებელი თურქეთში. მე და ჩემი ვაჟი ერთად, დუეტში ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანს“! ჩვენმა ქალბატონმა Sezen Gönenç Okcan-მა, იგივე სალომე ბარამიძემ, მე – ორჰან ბერიძემ და კიდევ 5-მა პიროვნებამ 2017 წელს დეკემბერში დავაფუძნეთ სტამბოლში „შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრი“. ჩვენ დღემდე თურქეთში, კერძოდ, სტამბოლში არსებული ქართული ასოციაციების ზოგის დამფუძვნებელი, ზოგის კი წევრები ვართ. უდიდესი ქართველი პოეტის – შოთა რუსთაველის პოემა „ვეფხისტყაოსანი“ ყველა ქართველისთვის უპირველესი წიგნია. ის ოდითგანვე საუკეთესო მზითვად ითვლებოდა ქალიშვილებისთვის. ეს ტრადიცია დღემდეა შემორჩენილი. მეთორმეტე საუკუნეში შექმნილ ამ უკვდავ პოემაში, კონკრეტული ამბების ფონზე, ამოხსნილია ზოგადსაკაცობრიო პრობლემები. ვაჟკაცობასა და სიქველესთან ერთად, „ვეფხისტყაოსნის“ მთავარი თემებია მიჯნურობა და მეგობრობა. აქ მეგობრული თანადგომა უმაღლეს მწვერვალზეა აყვანილი. უფრო ამაღლებული სიყვარულის ნიმუშები კი ძალიან იშვიათია მსოფლიო კლასიკურ ლიტერატურაში.

„ვეფხისტყაოსანში“ უხვადაა ბრძნული ანდაზები და აფორიზმები. ჟამთა სვლა არ აკნინებს მათ მნიშვნელობას. მისი გმირები – ავთანდილი, ტარიელი, ფრიდონი, ნესტანი და თინათინი კვლავაც ბევრ ადამიანს აღაფრთოვანებენ მსოფლიოში. „ვეფხისტყაოსანი“ 60 ენაზეა თარგმნილი.

თურქეთში მცხოვრებ ქართველებს რამდენად აქვთ ინფორმაცია საქართველოსა და მის კულტურაზე, მაგალითად, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანზე“?

თურქეთში მცხოვრებმა ქართველებმა, ასევე, თურქეთის ხალხმა საქართველოს შესახებ ძალიან მცირე ინფორმაცია იციან, ზოგმა კი საერთოდ არ იცის. ჩვენი უდიდესი და უკვდავი პოემის მწერალი შოთა რუსთაველის შესახებ მაინც, რამდენიმე პიროვნების გარდა, არაფერი იციან. ჩვენ, თურქეთის ქართველებმა განსაკუთრებით ბოლო 15 წელში თურქეთში, კერძოდ, სტამბოლში ქართული კულტურის გაცნობისთვის შეძლებისდაგვარად ბევრი რამ გავაკეთეთ, რომელიც არის დედაენის კურსები, დედაენის დღეები, ქართული ღონისძიებები, ცეკვის ღონისძიებები, საქართველოს მეცნიერებთან შეხვედრები, შოთა რუსთაველის შესახებ ღონისძიებები და ა. შ. რუსთაველი – საქართველოს, საქართველო კი რუსთაველს ნიშნავს. „ვეფხისტყაოსანი“ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში მცხოვრებ ქართველების ქოლგაა. ჩვენი აზრით, ეს უდიდესი პოემა, ამავე დროს, რეგიონის და მსოფლიოს მშვიდობისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.

შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრის დამფუძნებელ ქალბატონ სალომე ბარამიძეს სტამბოლში აქვს რუსთაველის ბიბლიოთეკა, რომელშიც „ვეფხისტყაოსნის“ 30-ზე მეტ ენაზე თარგმნილი წიგნები და სხვადასხვა მასალები დევს. კიდევ ქართული კულტურის შესახებ ბევრი მასალები. კიდევ აქვს ისტორიაში განსაკუთრებით ბოლო საუკუნეში ქართულიდან თურქულზე, თურქულიდან ქართულზე თარგმნილი წიგნები, ჟურნალები და ა. შ. კიდევ ქართული კულტურის შესახებ გამოცემული წიგნები, ფილმები და ა. შ. მოკლედ, ჩვენ შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრი დავაფუძნეთ, უპირველესად, შოთა რუსთაველის და ასევე ქართული კულტურის გაცნობისთვის.

გაუმარჯოს დედა სამშობლოს! მადლობა ღმერთს, რომ ქართველები ვართ! და ვისაც ქართველობა ეთაკილება, ვაი იმას! ვინც საქართველოს ებრძვის, არც კი იცის, რომ დამარცხებულია! გაუმარჯოს ჩვენს მეგობრობას და ნათესავობას! გაუმარჯოს ჩვენს დედასავით საყვარელ დედასამშობლოს!!!

დიდი მადლობა, ბატონო ორჰან, ასეთი ემოციური საუბრისთვის! წარმატებებს გისურვებთ თქვენს საქმიანობაში!

ესაუბრა ქეთი კვირკველია

კომენტარები

Tags

Related Articles

Back to top button
გაზიარება
Close