კრიმინალიმიგრაციამსოფლიოსაქართველო

ირლანდიასა და ესპანეთში სპეცოპერაციისას საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს

ქართველმა, ირლანდიელმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა მიმდინარე წლის 9 დეკემბერს დუბლინსა და ბარსელონაში ჩატარებული ერთობლივი სპეცოპერაციისას ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები – საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, სპეცოპერაცია „ნანდი-მომბასას“ შედეგად ირლანდიის ქალაქ დუბლინში დაკავებულები არიან: 1972 წელს დაბადებული ვ. ჯ., 1974 წელს დაბადებული ს. გ. და 1997 წელს დაბადებული თ. ბ.; ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში კი – 1980 წელს დაბადებული დ. მ. და 1972 წელს დაბადებული მ. მ.

დაკავებული საქართველოს 5 მოქალაქის მიმართ გამოძიება ესპანეთის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით მიმდინარეობს.

დაკავებულებს ბრალად ედებათ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა, ყალბი საბუთების შეძენა-შენახვა-დამზადება და უკანონო მიგრაციის ხელშეწყობა. ამ დანაშაულებისთვის ესპანეთის კანონმდებლობა 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების დროებითი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს დიდი ოდენობით პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტები.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები დუბლინიდან ესპანეთის სხვადასხვა ქალაქში პერიოდულად გზავნიდნენ ამანათებს (პირადობის დამადასტურებელ ყალბ საბუთებს), რომლებსაც საქართველოს ასეულობით მოქალაქე ირლანდიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში გადაადგილების მიზნით იყენებდა.

აღსანიშნავია, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების გამოვლენის, ასევე, მათი კავშირების დადგენის და ოპერაციის დაგეგმვის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა, ირლანდიისა და ესპანეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა თვეების განმავლობაში ითანამშრომლეს და ხანგრძლივი კოორდინირებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები ჩაატარეს.

ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფების წინააღმდეგ გამოძიება 2018 წლის ზაფხულში დაიწყო – მას შემდეგ, რაც ესპანეთის სამეფოში დააკავეს საქართველოს არაერთი მოქალაქე, რომლებიც ირლანდიაში გადასვლას გაყალბებული საბუთებით ცდილობდნენ. გამოძიების ფარგლებში მოხდა დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერების იდენტიფიცირება, გამოვლინდნენ ლიეტუვასა და სლოვაკეთში მოქმედი გაყალბებული დოკუმენტებით მოსარგებლე საქართველოს მოქალაქეები.

2018-19 წლების განმავლობაში ესპანეთის ტერიტორიაზე გამოვლენილი ყალბი დოკუმენტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეების მიმართ უკვე განხორციელდა შესაბამისი სისხლისსამართლებრივი პროცედურები.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა. ამ მიმართულებით უწყება აქტიურად ახორციელებს ეფექტიან ღონისძიებებს, როგორც ქვეყანის შიგნით, ასევე, მის ფარგლებს გარეთ.

მიმდინარე წლის იანვრიდან დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ბელგიელ, ფრანგ, უკრაინელ, ესპანელ, ირლანდიელ, იტალიელ და ჩეხ კოლეგებთან საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში, 12 მასშტაბური ერთობლივი ოპერაცია ჩაატარა, რომელთა შედეგად, მძიმე დანაშაულების ბრალდებით დაკავებულია კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული საქართველოს 124 მოქალაქე, მათ შორის, 3 ე. წ. „კანონიერი ქურდი“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close