პოლიტიკაიტალიასაზოგადოებასაქართველო

რას წერს იტალიური გამოცემა ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებაზე – „ახალი დაძაბულობა საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის“

 „ახალი დაძაბულობა საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის“ – ამ სათაურით აქვეყნებს იტალიური ეროვნული გამოცემა L’OPINIONE სტატიას რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქართულ ტერიტორიაზე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების შესახებ.

სტატიის ავტორი დომენიკო ლეტიცია ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები და, რეალურად, თავად აკონტროლებს მის მიერ „დამოუკიდებლად აღიარებულ“ ე. წ. სამხრეთ ოსეთში სიტუაციას და პოლიტიკურ პროცესებს და რომ ამ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევა საერთაშორისო საზოგადოების განსჯის საგანი ხშირად ხდება. ამგვარი მაგალითია ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავება, რომლის „დანაშაული მხოლოდ ის არის, რომ იგი ჰიპოკრატეს ფიცს პატივს სცემს“.

გთავაზობთ სტატიის ძირითადი ნაწილის თარგმანს:

ახალი დაძაბულობა საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის

„…ორ ქვეყანას აღარ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ, რომელიც მოხდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების გარშემო, რომელთა დამოუკიდებლობა მხოლოდ მოსკოვმა და რამდენიმე სხვა ქვეყანამ აღიარა.

ორ ქვეყანას შორის არსებული პრობლემები და საქართველოში და მთელ კავკასიაში რუსეთის ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ცნობები დებატების მთავარი არგუმენტი ხდება, რაც განპირობებულია ცნობილი ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ისტორიით, რომელიც რუსეთის მიერ კონტროლირებადი საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ არის დაკავებული.

საქართველოს საზოგადოებრივი ტელევიზიის ცნობით, ექიმი დაკავებულია სოფელ ორჭოსანში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ერთ-ერთ ტერიტორიაზე, იგი ბრალდებულია „საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში“, რადგან იგი საზღვარზე პაციენტის დახმარებისთვის მივიდა.

ექიმის მიმართ ბრალდების განაჩენი რუსეთის ხელისუფლებამ 15 ნოემბერს გამოიტანა და დღესაც გრძელდება გაფრინდაშვილის უკანონო დაკავება, რომლის დანაშაული მხოლოდ ის არის, რომ პატივს სცემს ჰიპოკრატეს ფიცს. ამან აღშფოთება გამოიწვია მთელ საერთაშორისო საზოგადოებაში და ფაქტი უამრავმა დასავლურმა მედიასაშუალებამ დაგმო. Euronews-მა და New York Times-მა არაერთი სტატია მიუძღვნეს ამ ამბავს.

16 ნოემბერს აშშ-ის საელჩომ საქართველოში გამოაქვეყნა განცხადება ექიმის მხარდასაჭერად, მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით. ჯასტინ მაკენზი სმიტმა, გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში, ღიად დაგმო რუსეთის ეს საქმე, დაპატიმრებას უწოდა „უკანონო დაკავების განხორციელება“ და საერთაშორისო კონვენციების უგულებელყოფა.

მსოფლიოში არსებული მრავალრიცხოვანი ქართული დიასპორების უამრავმა ლიდერმა გაავრცელა სხვადასხვა სოციალურ მედიაში „პროფილის სურათები“, სადაც ექიმის მხარდასაჭერად დაიწერა წერილები და მესიჯები, ყველა ამ სიტყვებით: „თავისუფლება ვაჟა ექიმს“. იტალიაშიც კი, ქართული დიასპორა გახდა შუამდგომლობების, მიმართვების და დემონსტრაციების მთავარი მოქმედი პირი. გასულ შაბათ-კვირას იტალიაში მცხოვრები მრავალი ქართველი შეიკრიბა რომში რუსეთის საელჩოს მახლობლად, საპროტესტო ბანერებით რუსეთის რეჟიმის წინააღმდეგ და ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით.

ქართული დიასპორების მანიფესტაციაში ასევე მონაწილეობდა იტალიაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ნენო გაბელია, რომელიც, ქართველ საზოგადოებასთან ერთად, ითხოვდა დემოკრატიას, თავისუფლებას და ოკუპაციის დასრულებას საქართველოში.

დომენიკო ლეტიცია

P. S. დომენიკო ლეტიცია არის იტალიელი ჟურნალისტი, ეროვნული გაზეთის, L’Opinione-ის ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ანალიტიკოსი; მკვლევარი, პუბლიცისტი და სოციალური მედიის მენეჯერი, იუნესკოს მსოფლიო წყლის მუზეუმის ქსელის წევრი.

სტატია ორიგინალში შეგიძლიათ წაიკითხოთ L’OPINIONE-ის ვებგვერდზე.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close