რას არ გაიგებ/ფაქტებიფსიქოლოგიაჯანმრთელობა

ჩვენი დროის დაავადება: რა უნდა ვიცოდეთ გაფანტული სკლეროზის შესახებ

მთელ მსოფლიოში ცენტრალური ნერვული სისტემის ამ განუკურნებელი სენით 2.5 მილიონი ადამიანია დაავადებული და იგი ქალებში სამჯერ უფრო ხშირად გვხვდება.

გაფანტული სკლეროზი, რომელსაც ბევრი შეცდომით ხანდაზმულთა დაავადებად მიიჩნევს და მეხსიერების დაქვეითებას უკავშირებს, ბოლო წლებში ახალგაზრდებისთვის ნამდვილ პრობლემად იქცა. დიაგნოზი  – „განუკურნებელი აუტოიმუნური დაავადება“ – ადამიანისთვის, რომელიც მხოლოდ ახლა იწყებს დამოუკიდებელ, ზრდასრულ ცხოვრებას, თავს მეხივით ატყდება. იგი შოკირებულია და არ იცის, შემდეგ რა გააკეთოს.

დაავადების მიზეზი უცნობია

გაფანტული სკლეროზის დროს ადამიანის იმუნური სისტემა აზიანებს თავისა და ზურგის ტვინის ნერვული ბოჭკოების მიელინურ გარსს, რომელიც სხეულისთვის იმპულსების გაგზავნაზეა პასუხისმგებელი. ამას სხვადასხვა შედეგამდე მივყავართ – კიდურების მსუბუქი გაშეშებიდან დამბლამდე ან სიბრმავემდე. აშშ-ის ბიოტექნოლოგიური ინფორმაციის ეროვნული ცენტრის (NCBI) მონაცემებით, მთელ მსოფლიოში ნერვული სისტემის ამ ქრონიკული დაავადების მქონე 2.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ამ დიაგნოზს სამჯერ უფრო ხშირად უსვამენ ქალებს. როგორც წესი, პაციენტების ასაკი 20-იდან 40 წლამდეა. უფრო მეტიც, შემთხვევების თითქმის 10% 18 წლამდე ახალგაზრდებში ფიქსირდება.

გაფანტული სკლეროზის ფსიქოლოგიური მიზეზები  

იმ თეორიის თანახმად, რომლებიც გაფანტულ სკლეროზს ფსიქოლოგირ ფაქტორებს უკავშირებს, მთავარი მიზეზი ის არის, რომ ადამიანი ძალიან არის დამოკიდებული სხვებზე და არ იცის, როგორ მოიქცეს დამოუკიდებლად. ამასთან, მას არ შეუძლია შეურიგდეს იმ ფაქტს, რომ უმწეოა, ამიტომ გარშემო მყოფთაგან ამის შეხსენება მასში აღშფოთებასა და წყენას იწვევს.

მდგომარეობა მწვავდება იმ შემთხვევებში, როდესაც მას თავად არ შეუძლია გაუმკლავდეს სიტუაციას და, შესაბამისად, იძულებულია დახმარება ითხოვოს, რაც წინააღმდეგობაში მოდის პაციენტის კონცეფციასთან საკუთარი დამოუკიდებლობის შესახებ. ის არ ეთანხმება საკუთარ უმწეობას და, შედეგად, ადამიანი თითქოს თავის თავს შიგნიდან ანადგურებს (ამიტომაცაა ეს დაავადება აუტოიმუნური). ის ჩვეულებრივ ამბობს: „არა, მე ასე არ ვარ“, „მე არ ვარ უმწეო“, „რატომ ამბობენ ისინი ამას ჩემ შესახებ?“ და, ამავე დროს, ის ქვეცნობიერად კიცხავს საკუთარ თავს იმის გამო, რომ არ გააჩნია დამოუკიდებლად ცხოვრებისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი.

პაციენტი სხვებსაც კიცხავს იმის გამო, რომ ისინი მის მიმართ უსამართლოდ იქცევიან და მათგან მოითხოვს, რომ მის მიმართ შემწყნარებელნი იყვნენ, ე. ი. სიბრალულს და გაუთავებელ ზრუნვას იჩენდნენ. სამწუხაროდ, იკვრება ჩაკეტილი და მანკიერი წრე.

ყოველივე ეს პაციენტში იწვევს იმის შეგრძნებას, რომ ცხოვრება მის მიმართ უსამართლოა. მას თითქოს  სურს ამ მდგომარეობიდან გამოსვლა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს სურვილი კონკრეტულ ქმედებამდე არ მიდის – იგი არაფერს აკეთებს, რომ დამოუკიდებელი ადამიანი გახდეს.

არასწორი აღზრდა

თეორიის თანახმად, რომელიც გაფანტულ სკლეროზს არასწორ აღზრდას უკავშირებს, მიზეზი პაციენტის მიმართ ადრეულ ბავშვობაში მშობლების გადაჭარბებულ მზრუნველობაშია. ასეთი მშობლები, ჩვეულებრივ, ამბობენ: „მე თვითონ ვიცი, რა არის უკეთესი ჩემი შვილისთვის. არ მინდა, რომ ჩემს შვილს რაიმე მოაკლდეს“. ბავშვი ეჩვევა სხვებზე დამოკიდებულებას და მისი ნება ნელ-ნელა ატროფირდება; რაღაც პერიოდის შემდეგ კი ეს პროცესი ფიზიკური ნიშნებით მჟღავნდება და ვითარდება სხეულის კუნთების ნაწილობრივი ან სრული ატროფია. კუნთები თითქოს ამბობენ: თუ ჩემი პატრონი თავის ნებას არ იყენებს და არ მოქმედებს, მაშინ ჩვენ რაღატომ ვიმოქმედოთ?!

ასეთ ადამიანში დამოუკიდებლად აზროვნების უნარი, პრაქტიკულად, გამქრალია. იგი არაა მიჩვეული დამოუკიდებლად იმოქმედოს, ჩაიდინოს და გამოასწოროს შეცდომები. ფაქტობრივად, სხვისი გონებით ცხოვრობს, მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს საკუთარი სურვილები, მაგრამ ვერ ბედავს მათ ხორცშესხმას, რადგან ეშინია, რომ არ გამოუვა და ახლობლების მეურვეობას დაკარგავს, რადგან მისი ქმედებები შეიძლება გარშემო მყოფთა სურვილებს ეწინააღმდეგებოდეს. ვაითუ კონფლიქტი წარმოიშვას და შედეგად იგი სხვების მხარდაჭერის გარეშე დარჩეს?! ამიტომ ცდილობს, იცხოვროს სხვა ადამიანების სურვილებისა და მოთხოვნილებების შესაბამისად. პაციენტი ყველა თავის უბედურებას ავადმყოფობას აბრალებს, მაგრამ უფრო ღრმად ჩახედვა რომ შეეძლოს, დაინახავდა, რომ მან ყველა ეს შეზღუდვა თავად დაუწესა საკუთარ თავს.

ადამიანი, პრაქტიკულად, საკუთარი მიზნების მაგივრად სხვა ადამიანების მიზნებს ირჩევს და საბოლოოდ არ იცის, რა მოუხერხოს მათ. შინაგანად ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ჰგავს, რომელმაც დაივიწყა, როგორ უნდა გამოიყენოს თავისი უნარები და საკუთარი ცხოვრებით იცხოვროს. შესაბამისად, მას მუდმივად შინაგანი კონფლიქტი სტანჯავს და ეს ერთგვარი აუტოაგრესიაა.

ფსიქოლოგების აზრით, გამოსავალი ორია: პაციენტი ან არ ეთანხმება ამ კონცეფციას და მთელი დარჩენილი ცხოვრება წამლებს მოიხმარს (შეგახსენებთ, რომ გაფანტული სკლეროზი უკურნებელ და პროგრესირებად დაავადებად ითვლება), ან შეეცდება გაიაზროს და მიიღოს შექმნილი მდგომარეობა და დაიწყოს შინაგანი თვისებების თანდათანობითი განვითარება, საკუთარი მოთხოვნილებების თავად დაკმაყოფილება, დამოუკიდებლობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარის ჩამოყალიბება და სხვისი ზეგავლენების ნელ-ნელა შესუსტება.

მოამზადა თამარ ქავჟარაძემ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close