საზოგადოებასაქართველო

თუშეთის ექიმი: ცხენს ორი კვირაა ვეღარ ვიყენებ, ფეხით დავდივარ პაციენტებთან

თუშეთისკენ მიმავალი ერთადერთი საავტომობილო გზა დაახლოებით ერთი თვის წინ ჩაიკეტა. გარე სამყაროსთან მოწყვეტილ სოფლებთან ადგილობრივ მოსახლეობას ვერტმფრენი აკავშირებს, რომელიც პერიოდულად ასრულებს უფასო რეისებს. ამ ეტაპზე თუშეთის სოფლებში 17 მუდმივი მოსახლეა დარჩენილი.

თუშეთის ექიმი ირაკლი ხვედაგურიძე „აიპრესთან“ საუბარში აცხადებს, რომ დიდთოვლობის გამო ცხენს გადაადგილება უჭირს, რის გამოც პაციენტებს სოფლიდან სოფელში ფეხით აკითხავს. ექიმის თქმით, მედიკამენტების რაოდენობა საკმარისი აქვს.

„მზადყოფნაში ვარ ყველა სიტუაციისთვის, დაწყებული შეშით, დამთავრებული მედიკამენტებით. ჯერჯერობით მაქვს საკმარისი მედიკამენტები, დეკემბრის ბოლოსკენ ჩავალ ბარში და კიდევ მოვიმარაგებ. უკვე ორი კვირაა, ცხენი დაბინავებული მყავს შენაქოში, თოვლი ნახევარ მეტრს ასცდა და ვეღარ დამყავს, ფეხით დავდივარ პაციენტებთან.

მუდმივად მაცხოვრებელი დაახლოებით 17 ადამიანია დარჩენილი, მაქსიმუმ 20-მდე. ეს ზამთარი ცოტა უცნაური გვაქვს, თბილა შედარებით და სადაც მზეა, იქ მალე ადნა თოვლი, მხოლოდ ჩრდილებშია დარჩენილი, თუმცა ზამთარი უკვალოდ არ ჩაივლის“, – განაცხადა ირაკლი ხვედაგურიძემ.

ცნობისათვის, თუშეთისკენ მიმავალი საავტომობილო გზა ყოველწლიურად ოქტომბრის ბოლოდან მაისამდე იკეტება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close