საზოგადოებასაბერძნეთი

ბერძენ ბიჭუნას ბოსტონში გენური თერაპიით მკურნალობა ჩაუტარდა

ბოსტონის ბავშვთა საავადმყოფოში პატარა ბერძენ ბიჭუნას – პანაიოტის-რაფაილს გენური თერაპიის პროცედურა ჩაუტარდა. ექიმები ამბობენ, რომ „იმედი არის“. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

ოპტიმისტურადაა განწყობილი ბერძენი ექიმი ვასილის დარასი, რომელიც ბავშვს მკურნალობს. მას იშვიათი დაავადება აქვს – ხერხემლის კუნთების ატროფია.

Ant1-ზე გამოსვლისას ვასილი დარასმა თქვა: „იმედი არის. ახლა უნდა მივადევნოთ თვალი მოვლენათა განვითარებას და სპეციალისტ-ნევროლოგების აღრიცხვაზე დავდგეთ“, – თუმცა დასძინა, რომ გენური თერაპია მიმართულია მხოლოდ ბავშვის მდგომარეობის გაუმჯობესების და არა სრული გამოჯანმრთელებისკენ; ექსპერტები ამტკიცებენ, რომ საბოლოო ჯამში ამ მკურნალობას შეუძლია ბავშვის სრული გამოჯანმრთელება, თუმცა ბავშვები ასეთი სიმპტომებით 100%-ით ვერ გამოჯანმრთელდებიან.

მიზეზი ის არის, რომ მკურნალობის დაწყებამდე პატარა პაციენტმა უკვე დაკარგა ზურგის ტვინის უჯრედების საკმაო რაოდენობა, დაკარგა მოტორული ნეირონების დიდი პროცენტი, ამიტომ „არანაირ მკურნაობას არ შეუძლია ბავშვის სრული გამოჯანმრთელება. ჩვენ, უბრალოდ, ვცდილობთ უკეთეს მდგომარეობას მივაღწიოთ, ბავშვი გადარჩეს, გაუმჯობესდეს მისი სასუნთქი და სამოძრაო ფუნქციები“.

ექიმის თქმით, მკურნალობის დადებითი სურათი დაახლოებით 3 თვეში უნდა გამოჩნდეს, ხოლო აშკარა გაუმჯობესება – დაახლოებით ერთი წლის შემდეგ.

„მშობლები ძალიან აღელვებულები და ბედნიერები არიან, რადგანაც იმდენ ხანს ელოდნენ, რომ პანაიოტის-რაფაილს მკურნალობა ჩაუტარებოდა. ყველაფერი კარგად იქნება“, – თქვა ექიმმა ბოლოს.

პანაიოტის-რაფაილს, რომელიც ახლა 19 თვისაა, იშვიათი დაავადება – ხერხემლის კუნთების ატროფია 2,5 თვის ასაკში დაუდგინეს.

სასოწარკვეთილმა მშობლებმა კეთილ ადამიანებს სთხოვეს დახმარება, რათა თანხა შეეგორვებინათ და ბიჭუნა აშშ-ში, ბოსტონში წაეყვანათ გენური თერაპიით სამკურნალოდ, რისთვისაც 3,5-4 მლნ აშშ დოლარი იყო საჭირო. ამისთვის მათ სპეციალური ანგარიში გახსნეს.

ბიჭუნას ისტორიის გამოქვეყნებამ სოლიდარობის დიდი ტალღა ააგორა  და ადამიანებმა დაიწყეს ანგარიშზე თანხის გადარიცხვა, ვისაც რა შეეძლო, არა მარტო საბერძნეთიდან, არამედ მთელი მსოფლიოდან. ერთმა უცნობმა პირმა, რომელმაც ჩრდილში დარჩენა არჩია, ბავშვის მკურნალობისთვის მილიონი ევრო გადარიცხა.

2019 წლის მაისში ბოსტონში შესაბამისმა მარეგულირებელმა უწყებამ დაამტკიცა ახალი გენური სამკურნალო საშუალება ატროფიის გენეტიკური მიზეზის აღმოსაფხვრელად, რომელიც ადამიანის SMN გენის ფუნქციურ კოპირებას ახდენს. კლინიკურმა ცდებმა აჩვენა, რომ ამ პრეპარატის ერთჯერადად ვენაში შეყვანით, რომელიც აუცილებლობის შემთხვევაში 24 თვის ასაკამდე უნდა გაკეთდეს, დაავადების პროგრესირების შეჩერება შესაძლებელია.

ჩვენც ვგულშემატკივრობთ პატარა ბერძენ ბიჭუნას და გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.

ნინო ლურსმანაშვილი

ამავე თემაზე: უცნობმა ადამიანმა ბერძენი ბიჭუნას მკურნალობისთვის ერთი მილიონი ევრო გადარიცხა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close