ლუკაშენკოს ფავორიტი 22 წლის ლამაზმანი ქვეყნის პარლამენტში მოხვდა
კვირას, 17 ნოემბერს გამართული არჩევნების შედეგად ბელარუსის პარლამენტის ქვედა პალატის ყველაზე ახალგაზრდა დეპუტატი გახდა 22 წლის მარია ვასილევიჩი, „მის ბელარუსი“. მასთან „რომანტიკული კავშირი“ ჰქონდა ქვეყნის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს, რომელსაც „ტაიმსი“ „მრავალწლიან დიქტატორს“ უწოდებს.
მარია ვასილევიჩს ხშირად ხედავდნენ 65 წლის ლუკაშენკოსთან მას შემდეგ, რაც გასული წლის მაისში მას „მის ბელარუსის“ ტიტული ხვდა წილად. კერძოდ, წყვილი ხშირად ესწრებოდა ფესტივალებს, ჰოკეისა და, ასევე, ფეხბურთში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს რუსეთში.
„ტაიმსი“ ამტკიცებს, რომ ლუკაშენკომ ვასილევიჩი დააჯილდოვა სახელმწიფო მედლით კულტურაში შეტანილი წვლილის და ქველმოქმედებისათვის და ასევე პირადად ადევნებდა თვალს ფავორიტი ლამაზმანის სამზადისს „მის მსოფლიო 2018“-ის კონკურსისთვის, რომელზეც ვასილევიჩმა მესამე ადგილი მოიპოვა.
პუბლიკაციის თანახმად, პოლიტიკურად გამოუცდელი მარია ვასილევიჩი ეროვნული კრების ქვედა პალატაში ახალგაზრდების პრობლემებზე იმუშავებს.
ბელარუსში კვირას გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ქვედა პალატაში ვერცერთი ოპოზიციონერი კანდიდატი ვერ მოხვდა.
წყარო: radiotavisupleba.ge
კომენტარები