ქართველები უცხოეთშიბლიც-ინტერვიუინტერვიუ

ეკა ბერიძე: „როდესაც სამშობლოში დავბრუნდები, ვეცდები, უმეტესი დრო შვილებთან გავატარო“

„სამგზის“ ემიგრანტი ეკა ბერიძე, რომელიც ამჟამად ისრაელში ცხოვრობს, ლანა ბიბილურიძის ბლიც-შეკითხვებს პასუხობს:

ჩემი, ერთი ემიგრანტის ისტორია…

ტკივილით და დარდით სავსე, რთული და გრძელი გზაა, დაუსრულებელი თითქოს.

ემიგრანტობის პირველი დღეები…

იყო ცრემლიანი და უძილო ღამეები, გაუსაძლისი მონატრება და სინანული, დაიმსხვრა ევროპის სიდიადის სტერეოტიპი.

მოსწყდე საკუთარ ქვეყანას, ნიშნავს…

ფესვებიდან მოგლეჯილ მცენარეს ჰგავხარ, უწყლოდ და უნიადაგოდ დარჩენილს…

მშობლებს დაშორებული შვილები…

რთულია ამის ახსნა: მარადიულ ტკივილს ვუტოვებთ გულში, თუმცა ძლიერები და დამოუკიდებლები ხდებიან. ვამაყობ ჩემი შვილებით, მაგრამ უჩემობით მიყენებულ გულის იარებს ვერასოდეს მოვუშუშებ.

ვისაც უცხოეთში წასვლის სურვილი გაქვთ, გირჩევთ…

ვისაც სულ მცირე არსებობის საშუალება მაინც აქვს, ვურჩევ, არ დატოვონ შვილები.

როდესაც სახლიდან შორს ყოფნას დააპირებთ…

ყველაფრისთვის მზად უნდა იყოთ.

ადამიანი როდესაც იცვლის გარემოს…

თავიდან, როგორც თევზი უწყლოდ, ისე ხარ, მერე ყველაფერს ეჩვევი.

განსხვავება უცხო ქვეყანასა და ჩემს სამშობლოს შორის…

ჩემი ლექსიდან მოვიშველიებ ციტატას: „ქართველივით სამშობლოსთვის არსად არვინ არ ტირის!“ განსხვავება ბევრია, ურთიერთობები, სითბო და სიყვარული, ქართული ღირებულებები, რომელთაც ძალიან ვაფასებ, სტუმარმასპინძლობა – გაუფრთხილებლად შემიძლია მივადგე ნებისმიერი ახლობლის ოჯახს, ნებართვის აღება არ მჭირდება, ყველა სიხარულით მიმიღებს, უცხოეთში ეს ვერ დავინახე…

საზღვარგარეთ ყოველთვის ვამაყობ ჩემი ქვეყნის…

ჩემი ქვეყნის ყველა წარმატება მახარებს და მეამაყება, საქართველოს დროშის დანახვა ყოველთვის მაღელვებს, ჟრუანტელი მივლის, როცა ქართველი სპორტსმენი საპატიო ადგილს მოიპოვებს უცხო ქვეყანაში, ყველა სასახელო ქართველი მეამაყება, აქ, უცხო მხარეში, მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, მაინც ყველგან გავრბივარ, სადაც ქართული სული ტრიალებს.

საქართველოვ…

„ღვთისმშობლის ხვედრო – საქართველო, სამშობლო ჩემო! გალაქტიკაზე ერთადერთო, დარდო და ცრემლო. მუდამ მზიანო, ვერსადარო ზმანებავ ჩემო. დედაო ღვთისავ, დაგვიფარე, მფარველო ჩვენო, შენი ზეცის ქვეშ სულ ისმოდეს „ო, რერო, რერო“, წმინდა მიწიდან გევედრები, უფალო ჩემო, გამთლიანება და მშვიდობა ჩემს საქართველოს!“

ბედნიერი ვარ, რადგან…

ობლობაში გაზრდის მიუხედავად საამაყო შვილები მყავს.

როდესაც ჩემს თავთან ვრჩები მარტო…

„ფიქრის გორა“: სულ ვფიქრობ, ყველაზე და ყველაფერზე, ფიქრებში ვესაუბრები ყველას… ბავშვობაში სარკის წინ ვიცოდი ხოლმე ასე.

ყოველდღე ვცდილობ…

სიკეთე ვაკეთო და ეს მაბედნიერებს, დახმარების თხოვნაზე უარის თქმა არაფრით შემიძლია, თუ რა თქმა უნდა, ჩემს შესაძლებლობებს არ აღემატება. სულ მახსოვს დიდი ილიას სიტყვები: „რომ ყოველდღე შენს თავს ჰკითხო, აბა დღეს მე ვის რა ვარგე“.

მენატრება…

მამა, რომელსაც ვეღარასოდეს ვნახავ.

არასოდეს დამავიწყდება…

არასოდეს ვივიწყებ ადამიანების სიკეთეს.

ვეღარ ვუძლებ…

შვილების მონატრებას.

გული მტკივა, რადგან…

საქართველო ასეთ დღეშია, მშობლებს ემიგრაციაში უწევთ გაქცევა, იმიტომ რომ შვილები არჩინონ, შვილებს კი საქართველოდან უნდათ გაქცევა, იმიტომ რომ უკეთესად იცხოვრონ, იღუპება საქართველო, გული მტკივა.

ის, რაც საზღვრებს მიღმა დავტოვე…

მინდა, რომ ჩამოვალ, ბედნიერი სახეები დამხვდეს, ის სითბო და სიყვარული დამხვდეს, რაც დავტოვე საზღვრებს მიღმა…

ხშირად ვეკითხები საკუთარ თავს…

რომ არ გადამედგა ეს ნაბიჯი, რომ არ წავსულიყავი შვილებისგან შორს, იქნებ უკეთესად ვიქნებოდით, ვინ იცის?!

მჯერა…

ოდესმე გვეშველება, მჯერა, საქართველო გაბრწყინდება.

გულით დავატარებ…

სამშობლოს სიყვარულს.

ლექსი, რომელიც ასახავს ჩვენს დღევანდელ ყოფას:

გავკადნიერდები და ისევ ჩემს ლექსს შემოგთავაზებთ.

მე თქვენ გიტოვებთ არჩევანს!

ბზრიალებს ჟამთა სვლის ბორბალი, დრო მიქრის დაუნდობელი,/ ღაღადებს სამყაროს რბოლაში, ეს გული დაუცხრომელი./ მიფრინავს ახალგაზრდობა, ვით ცაზე თეთრი მერანი,/ დარდია, თუ უდარდობა, ვერ შეაჩერებს ვერავინ./ ვერ ვიტან ამპარტავნობას და მძულს ეს დაავადება,/ მუდამ უპირატესობას ვანიჭებ მე თავმდაბლობას./ პატივს ვცემ ავანგარდობას, კლასიკას ვუმღერთ ყველანი,/ მოდაც თუ არის გართობა, ეს ვერ ამიხსნა ვერავინ./ ეს ლექსიც „არაფერზეა“, რა შუაშია „,ფერარი”?!/ ტრიალებს დროის მანქანა, ბოლოსკენ მივქრით ყველანი./ წუთისოფელი მოკლეა, ხომ ნათელია დღესავით,/ მაგრამ სიცოცხლის სურვილი, მაინც ანათებს მზესავით./ წყალს მიაქვს ძველი ბორანი, ვბერდებით, ჩვენი დროც გადის,/ სიცოცხლე ძალზე ტკბილია, ჩვენ გვჯობნის ყვავიც, ყორანიც./ გოეთეს ბრძნული აზრებით, ნათქვამით ფილოსოფურით:/ „იმედი – მეორე სული ყოფილა უბედურთათვის“!/ „უბედურების“ მე მკითხეთ, გოეთეს დავეთანხმები,/ ბედნიერებსაც სჭირდებათ, იმედის ნაპერწკალები./ცხოვრებისეულ ჭიდილში იბრძოლო მომავლისათვის,/ რთული არ არის ღრმა ძილში, უბრალო მოკვდავისათვის./ ზმანება მალე გაქრება, ვნახოთ, რას ვიზამთ ჩვენ ცხადში,/ ამ უსასრულო განცდებმა, თავი იჩინეს ნახატში./ ეს ლექსი აბსტრაქტულია, ალბათ თქვენც გიჭირთ გარჩევა,/ სურათი დახატულია, მე თქვენ გიტოვებთ არჩევანს,/  იბრძოლოთ სიცოცხლისათვის, ანდა დაყაროთ ფარ-ხმალი,/ ალბათ სჯობს მომავლისათვის, მალე გავიგნოთ გზა-კვალი.

როგორ დახატავდით სამყაროს?

სამყაროს დავხატავდი უტოპიურს!!! ვარდისფერ ფერებში, ომისა და გაჭირვების გარეშე, ძალიან ბედნიერს!!!

ის, რაც გადაგვარჩენს…

არ მინდა ვიყო ბანალური, მაგრამ, რა თქმა უნდა, სიყვარული გადაგვარჩენს.

ჩემი აუხდენელი ოცნება…

ოცნებები სრულდება, ზოგჯერ ტრანსფორმაციით, მაგრამ მაინც.

ჩემი გზავნილი ემიგრანტებს…

ნუ გადაჯიშდებიან და ნუ დაკარგავენ სამშობლოში დაბრუნების სურვილს. სწორად მინდა იყოს გაგებული ეს ჩემი მიმართვა, დაბრუნებით, შეიძლება სულ გვინდოდეს და მაინც დიდხანს ვერ დავბრუნდეთ, მაგრამ მთავარია, სურვილი არ დავკარგოთ (იმედის დაკარგვას არ ვგულისხმობ, სურვილის დაკარგვას ვგულისხმობ).

დავბრუნდები, როცა…

პირველად ემიგრანტი ბავშვობაში გავხდი, რუსეთში ოჯახით ვცხოვრობდით, მაშინ არ ვიცოდი, რას ნიშნავდა ემიგრანტი და არც მაღელვებდა ეს, დედ-მამა და ძმა გვერდზე მყავდნენ, მაგრამ ყველა ნათესავი მენატრებოდა და ჩემი სახლის ნოსტალგია მქონდა, 12 წლის ვიყავი და სულ საქართველოში დაბრუნებაზე ვოცნებობდი… 2009 წელს საბერძნეთის ემიგრანტი დამერქვა, მაშინ ვამბობდი, 2 წელზე მეტს არ დავრჩები-მეთქი, დამცინოდნენ!!! გნახავთ აქ 2 წლის შემდეგო. თავს მოულოდნელი უბედურება დამატყდა, მეუღლე გარდამეცვალა საბერძნეთში, ჰოდა, 2 წლის ნაცვლად 6 წელი მომიწია იქ ყოფნამ. ახლა უკვე მე-4 წელია ისრაელის ემიგრანტი მქვია, არ მინდა წინასწარ ვთქვა, როდის დავბრუნდები, მეშინია ისევ დიდხანს არ მომიწიოს, იმედი მაქვს, მალე დავბრუნდები.

როდესაც სამშობლოში დავბრუნდები…

მაქსიმალურად ვეცდები, უმეტესი დრო შვილებთან გავატარო.

ეკა ბერიძე შვილებთან ერთად

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close