ისტორიასაზოგადოებასაქართველო

თუშეთის სოფელ ომალოში კესელოს ციხის რეაბილიტაცია განხორციელდა

თუშეთის სოფელ ომალოში კესელოს ციხის რეაბილიტაცია და ტურისტულად ადაპტირების პროცესი დასრულდა, – ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, რესტავრაციის ფარგლებში, მოსწორდა და გაფართოვდა კოშკთან მისასვლელი ბილიკები, კლდეში გამოიჭრა კიბის საფეხურები, უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით დამონტაჟდა ლითონის მოაჯირები, სიპი ქვის წყობით აღდგა დანგრეული გალავანი.

სააგენტოს ნებართვისა და ფონდ „კესელოს“ დონორების დაფინანსებით მიმდინარე წელსვე დასრულდა კესელოს ციხის N7 სამსართულიანი კოშკის რესტავრაციის პროცესი, რომელიც 2018 წელს დაიწყო. 2019 წლამდე კესელოს კომპლექსის ექვსი ციხე-სახლის რესტავრაციაც ფონდის ძალისხმევით განხორციელდა.

სამუშაოები არქიტექტორ იოსებ ბანძელაძის მიერ 2001 წელს მომზადებული სარესტავრაციო პროექტის მიხედვით წარიმართა. 2019 წლის სარეაბილიტაციო პროცესმა, უმთავრესად, არქიტექტურული კომპლექსის ინფრასტრუქტურული მოწყობის ნაწილი მოიცვა, რომელიც კომპანია „იკორთა 2007“-მა შეასრულა.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო პროგრამულ ნუსხაში კესელოს კომპლექსი მომდევნო წლებშიც იქნება წარმოდგენილი, რაც ციხე-სოფლის ტერიტორიაზე დღემდე ჩამოშლილი ექვსი კოშკის აღდგენას ითვალისწინებს.

სარესტავრაციო პროცესი ტრადიციული თუშური არქიტექტურის მქონე კოშკების ფიქლის ქვის მშრალი წყობით აღდგენასა და ინტერიერის სართულშუა ხის გადახურვების მოწყობას მოიცავს.

ეთნოგრაფ ნუგზარ იდოიძესთან ერთობლივად შემუშავებული კონცეფციის მიხედვით, სრულმასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდგომ, კესელოს ციხე-სოფელი თუშეთის კულტუროლოგიური ცენტრის ფუნქციასაც შეიძენს, რაც სამომავლოდ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სამუზეუმო და საგამოფენო სივრცედ ქცევასაც გულისხმობს.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close