საზოგადოებასაქართველო

ირაკლი კაკაბაძე: „ოდითგანვე ასე მოგვდგამს, რომ ვართ არაჩვეულებრივი შიზო ფრენიკები აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე“

მწერალი ირაკლი კაკაბაძე ლანა ბიბილურიძის ბლიც-შეკითხვებს პასუხობს.

 

მე ვარ…

ანტონინ მარტო, დაბადებული ირაკლი კაკაბაძედ.

არ იფიქროთ…

ან მე, ან თქვენ გიჟები არ ვართ და არ იფიქროთ ის, რომ გიჟობა ცუდია.

ოცი წლის წინ… ოცი წლის მერე…

ოცი წლის წინ ამერიკაში ვცხოვრობდი და საქართველოში დაბრუნებას ვაპირებდი. ოცი წლის მერე არ ვიცი, მე და დედამიწა ცოცხლები თუ ვიქნებით.

ხშირად ვკარგავ…

მოთმინებას უსინდისობის დანახვაზე, სამწუხაროდ, ეს ხშირად ხდება.

არასდროს არის გვიან…

სამყარო გვიყვარდეს, სიცოცხლე გვიყვარდეს…

მოგონებები…

ბევრია გარდასულ დღეთა და რაც დრო გადის, მეტად გეტირება ამ მოვლენებზე, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი მიდის დღითიდღე…

თუ ვერ დაგაფასეს…

ამას უნდა ელოდო. ქართველებმა ილია ჭავჭავაძე მოკლეს და, ზოგადად, ადამიანებმა იესო ქრისტე ჯვარს აცვეს. და შენ რაღას ელი? პირიქით, თუ არ დაგაფასეს, ღმერთის ქალი ხარ ან კაცი.

ერთი დღით ვიქნებოდი…

მე ვიქნებოდი ის, ვინც ვარ უკვე.

შვილებო, მშობლებს უთხარით…

რომ პატივს სცემთ და გიყვართ! მშობლებს ისეთი გამოცდილება აქვთ, ვერც ერთ წიგნში ვერ წაიკითხავთ.

მენატრება ის საქართველო…

სადაც ადამიანებს ერთმანეთი უყვარდათ და ყველას ეგოიზმს არ ასწავლიდნენ სახელმძღვანელოებში.

თუ დააპირებთ ადამიანის განკითხვას…

გაიხსენეთ, რომ ღმერთი სიყვარულია.

არ დაკარგოთ…

იმედი სიყვარულის.

ცხოვრება გაიძულებს…

გაბოროტდე. და არ დაემორჩილო ამას. ღმერთი სიყვარულია და სიკეთე.

გულით დავატარებ…

ემოციას.

წარსული…

არის სარკე, მის გარეშე მომავალი ვერ აშენდება.

ვსწავლობთ…

სიყვარულს და შემოქმედებას მთელი ცხოვრება – და არა მარტო აქ.

როცა ბედნიერი ხარ…

განხორციელდი და განსულიერდი.

სამშობლო...

სამშობლო ჩემთვის არის ადამიანები, გარემო, მეგობრობა, კერია და ქართული უნიჭიერესი შიზოფრენია, რომელიც კაპიტალიზმს დაამარცხებს.

ამქვეყნად მოვდივართ…

იმისათვის, რომ ბიოპოლიტიკის მონები არ ვიყოთ.

დამოკიდებული ვარ…

სიგიჟეზე, გიჟივით სიყვარულზე და ემოციის გამოხატვაზე და მინდა დამოკიდებული ვიყო.

ერთი დღით ვიქნებოდი…

იპოლიტე ხვიჩია.

მსოფლიოს ვეტყოდი…

რომ კვლავაც მიყვარს „ბელა ჩაო“ და ამ კაპიტალიზმის ხანაში კომუნისტები შემიყვარდა, განსაკუთრებით იტალიელები, გურული და ლაზი.

მარადიულია…

სამყარო, რომელიც არის ღმერთი, სიყვარული და შემოქმედებაც.

მეგობარია…

ის, ვინც არ გღალატობთ.

სიყვარული…

არის ღმერთი და პირიქით, ღმერთი არის სიყვარული.

ლექსი, რომელიც შეესაბამება დღევანდელ ყოფას…

„ქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის“…

ქალს შევადარებდი…

სამყაროს მთლიანად, თავისი ცვალებადობით.

ილუზიაა…

ცხოვრებაში ბევრი რამე და ხანდახან ცხოვრება.

ბედისწერა არის…

ნიკა მაჭუტაძე საქართველოს მამასახლის დემოკრატად, უმასშტაბურესი პიროვნება.

თუ დავხატავდი სამყაროს…

მაშინ ხატვა მეცოდინებოდა და თუ აღვწერდი სამყაროს, მაშინ ვიყვირებდი, როგორც ანტონენ არტო, რადგან ვარ მე ანტონინ მარტო.

ოდითგანვე ასე მოგვდგამს…

რომ ვართ არაჩვეულებრივი შიზო ფრენიკები აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ჩვენი უბედურებაა ის, რომ…

ვერ ვაფასებთ ჩვენს შიზო ფრენიას და მის გენიას.

ვისაც ოდესმე ჰყვარებია…

ყველა გენიოსია. ზოგი გენიოსი ოსია.

ხელოვნება…

ლამაზი შიზოფრენიაა, ადამიანის გამაკეთილშობილებელი.

მტერი ვერას დაგვაკლებს…

თუ გვეყვარება.

ახალი თაობა…

არის ციფრული და კათარზისი უნდა მოვიდეს.

ნუ უყურებ საათს…

თუ არსად გეჩქარება. თუ გეჩქარება, შეხედე საათს და ჩაიდანსაც.

ჩემი აუხდენელი ოცნება…

ვიცნობდე ბორია პაიჭაძეს, ბორია სიჭინავას და ბორია წიფურიას.

ძეგლს დავუდგამდი…

ლუიზა შაკიაშვილს.

ჩვენი დროის გმირები…

ყველა ის, ვინც კატაკლიზმს უძლებს – ყველა გმირია.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close