ქართველები უცხოეთშიინტერვიუ

ნანა ჩარკვიანი: „ჩემს საქართველოს გადასცე იქნება დანაბარები…“

„როდესაც ემიგრაციაში წამოვედი, ვფიქრობდი, რომ ორ წელიწადში დავბრუნდებოდი უკან, ახლა კი, შვიდი წლის შემდეგაც არ ვიცი, როდის დავბრუნდები…“
ნანა ჩარკვიანი იტალიაში გულს შემოწოლილ სევდას თუ სიხარულს ლექსებად კინძავს.  ემიგრაციაში დაწერილ ლექსებს ქალბატონი ნანა მალე ალბათ წიგნად გამოსცემს, მანამდე კი ვნახოთ, როგორ მოვიდა დღემდე, როგორია მისი ემიგრანტული ცხოვრება, რატომ უხდის მადლობას იტალიას და იტალიელ ხალხს და ისიც შევიტყოთ, თუ რა არის მისი „დანაბარები“, საქართველოსთვის გადასაცემი.  

 

ქალბატონო ნანა, თბილი, მაგრამ სევდიანია თქვენი ლექსები… როდის დაიწყეთ წერა, პირველი სტრიქონები ვის ან რას მიუძღვენით?

წერა ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან დავიწყე. მეექვსე კლასში ვიყავი, როცა ქართულის მასწავლებელმა დამავალა მომეძებნა პატრიოტული ლექსი და წამეკითხა სკოლის ღონისძიებაზე, მაშინ მე თვითონ დავწერე ოთხკუპლეტიანი ლექსი და წავიკითხე. ეს ლექსი ასე მთავრდებოდა:

„მსურს გალავანი შემოვარტყა ჩემს

საქართველოს,

მტერმა ვერასდროს

ვერ გაბედოს,

რომ გადათელოს“.

მას შემდეგ ვწერ… სევდამ კი იმატა სამშობლოდან შორს, უცხო ქვეყანაში. მაგრამ, საბედნიეროდ, ლექსის წერის პირობები აქაც მაქვს. როდესაც ბებო ხელში რვეულს და ავტოკალამს დამინახავს, მაშინვე ჩუმდება, რომ ხელი არ შემიშალოს. ყოფილა შემთხვევა, რვეულები და ავტოკალამი ბებიას შვილებს მოუტანიათ ჩემთვის.

როგორ მოხვედით აქამდე, როგორი იყო თქვენი ემიგრანტული ცხოვრების დასაწყისი? რა სიძნელეების გადალახვა მოგიხდათ პირველ ეტაპზე, ადაპტაციისთვის დიდი დრო დაგჭირდათ?

პირველ ეტაპზე, როგორც ყველას, მეც გამიჭირდა შეგუება. უცხო ენა, უცხო კულტურა, უცხო ადამიანები, უცხო სამზარეულო, ჰავა… მაგრამ უმთავრესი პრობლემა მაინც ენის არცოდნაა. თუ ენა არ იცი, სამსახურში აყვანაზე თავს იკავებენ. ხუთი თვე დამჭირდა ადაპტაციისთვის და უფრო მეტი – თავის დამკვიდრებისთვის. პირველ ნაბიჯებს ბევრი ცრემლი და ნაღველი ახსოვს…

პირველად სად, რომელ ქალაქში ჩახვედით და ახლა სად ხართ, სად უვლით ბებიას?

იტალიაში პირველად ქალაქ ბარიში ჩავედი, სადაც ჩემი ძმისშვილი დამხვდა. პატარა, მყუდრო ბინა ჰქონდა ქირით აღებული და მასთან ვცხოვრობდი სამსახურის შოვნამდე. სამი წლის შემდეგ, როცა ბებო, რომელსაც ვუვლიდი, დაიღუპა, ბარიდან წავედი ჩრდილოეთში და ამჟამად ვენეციის მახლობლად, ერთ პატარა მთაში ჩასმულ ქალაქში ვარ, Vittorio Veneto ჰქვია ამ ქალაქს. ჩაწოლილ მოხუცს ვუვლი. შვიდ წელს ითვლის უკვე ჩემი ემიგრანტული ცხოვრება.

საინტერესოა, რა მოლოდინი გქონდათ, როდესაც ემიგრაციაში წასვლა გადაწყვიტეთ და რას ფიქრობთ დღეს, შვიდი წლის შემდეგ?

როდესაც ემიგრაციაში წამოვედი, ვფიქრობდი, რომ ორ წელიწადში დავბრუნდებოდი უკან, ახლა კი, შვიდი წლის შემდეგაც არ ვიცი, როდის დავბრუნდები და ძალიან ხშირად ვუსვამ ჩემს თავს კითხვას: როდემდე?..

რაში დაგარწმუნათ იტალიაში ყოფნამ? რა ისწავლეთ იტალიელებისგან ისეთი, რის დამკვიდრებასაც საქართველოში ისურვებდით?

იტალიაში ყოფნამ დამარწმუნა იმაში, რომ ყველა ემიგრანტს რაღაც მისია დაგვაკისრა უფალმა და ყველა ერშია კეთილი ადამიანები. ზოგჯერ ვფიქრობ, ეს გზა უნდა გამევლო, რომ უფლის სიახლოვეს ვყოფილიყავი, სამშობლოდან ასე შორს. მომწონს წესრიგი და პუნქტუალურობა. ვისწავლე დროის ფასი და სწორად გამოყენება. ვისურვებდი, ჩემს ქვეყანაში ისეთივე უზრუნველი სიბერე ჰქონდეთ მოხუცებს, როგორც აქ.

პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვით? ვინ გელოდებათ მშობლიურ ქვეყანაში?

საქართველოში მელოდება მეუღლე, შვილები და შვილიშვილები, მონატრებული და დაუტირებელი საფლავები… ასე მგონია, მთელი საქართველო მე მელოდება.

რამდენი შვილი და შვილიშვილი გყავთ?

სამი შვილი მყავს: ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი. სამივე დაქორწინებულია, ხუთი შვილიშვილის ბებია ვარ. ქალიშვილებისგან ორ-ორი შვილიშვილი მყავს, ვაჟისგან – ერთი. მათგან ორს მხოლოდ ინტერნეტით ვიცნობ.

გიორგი
კატო

აქვე გეტყვით, რომ ემიგრაციაშია ჩემი ერთი ქალიშვილიც – ცისია, რომელსაც საქართველოში მეუღლე და ორი ვაჟი (11 და 9 წლის) ჰყავს დატოვებული. ახლახან  ცისიაც ჩრდილოეთში გადმოვიყვანე და თვეში ერთხელ, თავისუფალ დღეს  ვხვდებით ერთმანეთს, ყველას მაგივრად მას ვეფერები.

ქალიშვილთან – ცისიასთან ერთად

თვეში მხოლოდ ერთი თავისუფალი დღე გაქვთ?

დიახ, თვეში ერთი დღე მაქვს თავისუფალი და სახლიდან რომ გავდივარ, ქართველები ვიკრიბებით ხოლმე ერთად. ყველა ემიგრანტის საფიქრალი საქართველოა, მისი მომავალი. ყველას ნატვრაა სამშობლოში დაბრუნება, ფუფუნებას არავინ ნატრობს, ელემენტარული საარსებო პირობები და საკუთარ ქვეყანაში თავის დამკვიდრება სურთ. მეც, მათ შორის, ცხადია.

თავისუფალ დროს, როგორც ვიცი, ემიგრანტი ქართველები პოეზიის საღამოებს აწყობთ ხოლმე. თქვენი პოეზიის საღამო თუ გამართულა, ქალბატონო ნანა?

არა, არ გამართულა. პოეზიის საღამოების მოწყობა ქ. ბარიში დაიწყეს, რასაც მივესალმები. იქ დიდი მასაა ემიგრანტების, ჩრდილოეთში კი თითზე ჩამოსათვლელი ქართველები ვართ. ქალაქში, სადაც ამჟამად ვმუშაობ, ფაქტობრივად, ოთხი ქართველი ვართ. დასვენების დღეებში სხვა ქალაქში მივდივართ – კონელიანოში, სადაც ოცამდე ქართველი ვიყრით თავს და ჩემი ლექსების წაკითხვა და განხილვა, ძირითადად, სკვერში ხდება, სადაც ერთმანეთს ვხვდებით.

ქართველ მეგობრებთან ერთად

გარდა სევდისა და მომავლის იმედისა, უცხო ქვეყანაში ცხოვრებამ რა შემოიტანა თქვენს პოეზიაში?

უცხო ქვეყანაში ცხოვრებამ საშუალება მომცა, სერიოზულად ვიფიქრო და ვიმუშაო თარგმანზე, ქართველ მკითხველამდე მივიტანო ჩემი თვალით და გულით დანახული იტალიელი პოეტების ლექსები.

პირველ ნაბიჯებს ამ სფეროში ახლა ვდგამ. ვეძებ მონათესავე სულის პოეზიას, რომ ლექსის აზრს ჩავწვდე ბოლომდე და ჩემეული ვერსია მივაწოდო მკითხველს. ამჟამად მაქვს Gina Piccin Dugo-ს ლექსების კრებული. ოთხმოცდაათიანი წლების პოეზიაა. ვნახოთ, როგორი გამომივა და მერე ვინმეს ავარჩევ, თანამედროვე პოეტს.

საკუთარი ლექსების წიგნი თუ გაქვთ გამოცემული?

არ მაქვს კრებული, მაგრამ ჩემი მკითხველების მოთხოვნის გათვალისწინებით, ვფიქრობ, ურიგო არ იქნებოდა, წიგნად ამეკინძა ჩემი ლექსები.

ალბათ ემიგრაციაში ყოფნისას დაწერილი ლექსები ცალკე წიგნად უნდა გამოსცეთ

კი, მინდა ემიგრაციაში დაწერილი ლექსები ერთად ავკინძო და ვუწოდო „ნუ გამიყიდით სამშობლოს“ – ციტატა ჩემი ერთ-ერთი ლექსიდანაა.

„მინდა სიყვარულს ვთესავდე, ჩემი სამშობლოს მიწაზე“ – ეს ფრაზაც თქვენი ლექსიდანაა…

დიახ და, რომ იტყვიან, ჩემოდანი სულ მზად მაქვს სამშობლოში დასაბრუნებლად, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ჯერჯერობით ისევ ემიგრანტად ვრჩები.

თქვენსავით სამშობლოდან შორს მყოფ ქართველებს რას ეტყოდით?

ძალიან მიყვარხართ, გაუძელით, ეს ჩვენი თაობის ტვირთია და ვაჟკაცურად უნდა ვზიდოთ, ვისაც როგორ შეგვიძლია – ვის სიტყვით, ვის საქმით, ვის კალმით, ვის ფუნჯით, ვის ხელით, ვის მღერით…

ვასახელოთ სამშობლო და,

ვასახელოთ ერი.

ვალმოხდილი

დავუბრუნდეთ,

საქართველო გველის.

აქვე მინდა რამდენიმე სიტყვით მადლობა გადავუხადო იტალიას და იტალიელ ხალხს, რომ მიგვიღეს, სახლის კარი გაგვიღეს, ნდობა გამოგვიცხადეს, გვანდეს მოხუცები და ბავშვები, მოგვცეს სამუშაო და ხელფასი, რომელიც ასე ძალიან გვჭირდება. პირადად მე, ყველგან, სადაც მიმუშავია, მქონდა და მაქვს ჩემი სალოცავი კუთხე. საკურთხიც გამიკეთებია ჩემი მიცვალებულებისთვის.

მეტსაც გეტყვით: აწ გარდაცვლილი ბებოს შვილებმა თავიანთი აღდგომის დღესასწაულზე მენიუ ხორცის ნაცვლად თევზით ჩაანაცვლეს, რადგან მე არ ვჭამდი – მძიმე მარხვა იყო. პატივს სცემენ ჩვენს კულტურას, ტრადიციებს და არცერთი ჩვენი დღესასწაული არ გამორჩებათ, რომ არ მომილოცონ და რაღაც არ მაჩუქონ. რა თქმა უნდა, ყველა ასეთი არ არის, მაგრამ მე ამ მხრივ, როგორც იტალიელები იტყვიან, „ფორტუნატა“ ვარ.

ესაუბრა თამარ ოთიაშვილი

* * *

ღრუბლები

საით მიდიხარ, ღრუბელო,

საითკენ მიეჩქარები,

ჩემს საქართველოს გადასცე

იქნება დანაბარები.

იქნება გადაუარო

ჩემი სამშობლოს მიწასო,

იქნებ და, ხმა მიაწვდინო,

როგორ ძალიან მიყვარსო.

იქნებ და, გადაიარო

ჩემი სამშობლოს ხევიო,

იქნებ შენ უთხრა

ჩემს ნაცვლად,

რომ ძლიერ ენატრებიო.

იქნება შემოგეგებოს

ჩემი სამშობლოს მთებიო,

იქნება სიტყვა მაწიო,

უთხრა, ნუ უჯავრდებიო.

გადასცე დანაბარები,

რომ მალე დავბრუნდებიო.

ჩემო ქათქათა ღრუბელო,

რადგან პატივი დამდეო,

შავი ღრუბლებიც გაფანტე

ჩემი სამშობლოს ცაზეო.

ნანა ჩარკვიანი

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close