ირლანდიური „რაიანეარი“ საქართველოში პირველ რეისს 6 ნოემბერს შეასრულებს

ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „რაიანეარი“ (RYANAIR) თბილისისა და ქუთაისის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს. პირველი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 6 ნოემბერს შესრულდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 24 ოქტომბერს მიანიჭა.

ფრენები მილანი-თბილისი-მილანისმარსელი-ქუთაისი-მარსელის და ბოლონია-ქუთაისი-ბოლონიას საჰაერო ხაზებზე შემდეგი განრიგით განხორციელდება:

მილანი-თბილისი-მილანი – 6 ნოემბრიდან, კვირაში ოთხჯერ, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას;

მარსელი-ქუთაისი-მარსელი – 7 ნოემბრიდან, კვირაში ორჯერ, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას;

ბოლონია-ქუთაისი-ბოლონია – 9 ნოემბრიდან, კვირაში ორჯერ, ყოველ სამშაბათსა და შაბათს.

ავიარეისები ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე Boeing B737 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

კომენტარები